ალექსანდრე გარსევანიშვილი - ცნობები გორელი ისტორიკოსის შესახებ

აპრილი 02 2018

ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი და გორის ხალხოსან მოღვაწეთა ერთ-ერთი აქტიური წევრი ალექსანდრე გარსევანიშვილი 1864 წელს ქალაქ გორში დაიბადა. წერა-კითხვა მშობლებმა ასწავლეს, საშუალო განათლება კი თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო.

დედაქალაქში სწავლისა და ცხოვრების მიუხედავად მჭიდრო კავშირსა და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა გორის იმდროინდელი საოსტატო სემინარიის მოსწავლეებთან და სხვა რევოლუციურ და ხალხოსნურ ჯგუფებთან.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე გარსევანიშვილს იმ პერიოდში მოუწია საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლა, როცა გორის საოსტატო სემინარიას დ. სემინოვი განაგებდა, რომელიც მოსწავლეებს ხელს არ უშლიდა სკოლის გარეთ არსებულ საზოგადოებრივ წრეებში გაერთიანებულიყვნენ. თავად ალექსანდრე გარსევანიშვილი მოგონებებში წერს, რომ სემინოვითან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და მის ვაჟს ლათინური ენის გაკვეთილებსაც უტარებდა.

ალექსანდრე გარსევანიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული გორის წრეების საქმიანობაში, თუმცა 1883 წელს მოსკოვში გაემგზავრა.

მიუხედავად სხვა ქვეყანაში ყოფნისა, საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლა არ შეუწყვიტავს. სისტემატიურად კითხულობდა მოხსენებებესა და რეფერატებს, რითაც ხელს უწყობდა მოსკოვში მყოფი ქართველი სტუდენტების გათვიცნობიერებას.

მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გარსევანიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წელს ქუთაისის გიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ქუთაისში ყოფნის 5 წლის მანძილზე მან დიდი წვლილი შეიტანა ქუთაისის კულტურულ და საგანმანათლებლო განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ გარსევანიშვილი ორი წლის მანძილზე უფასოდ ასწავლიდა ქართულ და რუსულ ლიტერატურას ქუთაისის „საკვირაო სკოლაში“, რომელშიც ძირითად ღარიბი ოჯახის შვილები სწავლობდნენ.

ალექსანდრე გარსევანიშვილი თავის მოგონებებში გორში მაშინდელ ინტელიგენციასა და მოწინავე საზოგადოებაში შექმნილ ატმოსფეროზე წერს:

"იმ დროს გორის ინტელიგენციამ საერთოდ დიდი და ფასდაუდებელი აღმზრდელობითი როლი ითამაშა ახალი თაობის განვითარების პროცესში. ლიტერატურული და ფარული კრებების საშუალებით ამ ინტელიგენციამ ახალი ძალები აამოძრავა. მოსწავლეები დროის შესაფერისი ცოდნით გაამდიდრა და ამასთანავე ცდილობდა, რომ მომავალი მოქმედებების პერსპექტივებიც გაეთვალისწინებინა. მიუხედავად ზოგიერთი დეფექტისა, ჩვენმა ხელმძღვანელებმა თავის მიზანს მიაღწიეს: ახალგაზრდობამ შეისწავლა ქართული ენა, რომელსაც მაშინდელ სკოლებში არავითარ ყურადღებას არ აქცევდენენ. მოსწავლეებმა ხალისით დაიწყეს ქართულად წერა. წერდნენ რეფერატებს, თარგმნიდნენ ბროშურებს და შეძლებისამებრ აშუქებდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ-ლიტერატურულ საკითხებს. ყველა ჩვენთაგანი ცდილობდა, თვითმოქმედების უნარები გამოეჩინა",წერს გარსევანიშვილი.

ალექსანდრე გარსევანიშვილი პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა სამწერლო საქმიანობასაც ეწეოდა. ლიტერატურულ ასპარეზზე იგი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გამოვიდა. მისი ნათარგმნი ეკატერინე გაბაშვილისა და დუტუ მეგრელის მოთხრობები ერთ-ერთ რუსულ ჟურნალში დაიბეჭდა. ასევე თარგმნა აკაკი წერეთლის "გამზრდელი" და "გოგია მეჩონგურე." იგი რამდენიმე წიგნის ავტორიცაა.

ალექსანდრე გარსევანიშვილი 1936 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი