სიყვარული და შემთხვევითობა - ნამდვილი ამბავი გორელი გოგონას რომანში

Rate this item
(0 votes)

თიკა ელიკაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. 21 წლის ასაკში მან თავისი პირველი რომანი “სიყვარული და შემთხვევითობა“ გამოსცა, რომელიც მთლიანად რეალურ ფაქტებზე აქვს დაწერილი.

პრეზენტაცია რამოდენიმე დღის წინ გორის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. როგოც თავად ამბობს, წერა ბავშვობიდან უყვარს. წერდა მოთხრობებს, ნოველებს ჩანახატებს.

“ყოველთვის მიყვარდა ჩანაწერების გაკეთება. მოთხრობებს, ნოველებს ვწერდი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ დადგებოდა დღე, როცა საკუთარ რომანს დავბეჭდავდი და გამოვაქვეყნებდი. ამ წიგნში ყველაფერი არის რეალური, ჩემი ისტორიაა, ჩემი ემოციები და გრძნობები მაქვს გამოფენილი თითოეულ ფურცელზე".

წიგნს “სიყვარული და შემთვევითობა“ ჰქვია. ავტორი იმ ეპიზოდს იხსენებს, რომლის შემდეგაც რომანის სახელი შეირჩა.

“ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, თეატრი. ამიტომაც მივიღე კონკურსში მონაწილეობა და მოვხვდი თეატრალურ უნივერსიტეტში. ამის შემდეგ მომივიდა სოციალურ ქსელში ორი მეგობრობის დამატება. ერთი დავამატე, რომელიც თეატრის რეჟისორი იყო, მეორე არ მეცნო და უბრალოდ წავშალე. როდესაც თეატრი დაიწყო, უცნობი ბიჭი მოვიდა თეატრში და ჩემმა ქვეცნობიერმა გაიხსენა, რომ ის სოციალურ ქსელში გამოჩენილი ბიჭი და ეს, რომელიც თეატრში მოვიდა, ერთიდაიგივე იყო. ასე იწყება ჩემს ცხოვრებაშიც და წიგნშიც სიყვარულის ისტორია. სახელიც წიგნს აქედან გამომდინარე დავარქვი.“

როგორც თავად ამბობს, გაუჭირდა საკუთარი ემოციების გასაჯაროება. ჰქონდა საზოგადოების კრიტიკის შიშიც.

“წიგნი თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში იქმნებოდა. საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ ხან მქონდა მომენტები, როდესაც ემოციებით ვიყავი სრულიად დაცლილი და არ ვიცოდი, რა უნდა დამეწერა. ფაქტიურად, როდესაც რეალურ ცხოვრებაში ისტორია წყდებოდა, მეც ავტომატურად ვაჩერებდი წერას. რთულია საკუთარ ემოციებზე წერა და გასაჯაროება, ეს სხვამაც უნდა წაიკითხოს და არ იცი, როგორ მიიღებს საზოგადოება, მაგრამ მიხარია, რომ მხოლოდ დადებითი ემოციები მოჰყვა ჩემს ნაბიჯს. მე წერა მეხმარება ტკივილის და პრობლემების დაძლევაში.“

თიკა მომავალშიც ფიქრობს წიგნის დაბეჭვდას. როგორც რადიო “მოზაიკასთან“ საუბარში აღნიშნა, უკვე აქვს ჩანახატები ახალი რომანისთვის.

"რომანს ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ავტორს გარკვეული კითხვები აქვს ამ ისტორიაში. როგორც თავში ავღნიშნე ეს ჩემი რეალური ცხოვრებაა. ამიტომ მინდა გაგრძელება ჰქონდეს ამ ამბავს და პასუხები მივიღო, როგორ გავაგრძელებ ამბის თხრობას, ვის რა როლებს მივცემ, ჯერ არ ვიცი, თუმცა უკვე დავიწყე ამაზე ფიქრი, ვაკეთებ ჩანახატებს და იმედია მოვუყრი თავს".

რომანი “სიყვარული და შემთხევითობა“ ჯერ მხოლოდ იტერნეტის საშუალებით იყიდება, თუმცა სულ მალე წიგნის მაღაზიებშიც გამოჩნდება.

Read 1735 times Last modified on შაბათი, 02 ნოემბერი 2019 09:04

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი