ყველაზე მეტად შენს ქალაქს სჭირდები

ხალხის ხმა Written by  ორშაბათი, 21 ოქტომბერი 2019 11:39 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თამარ ათუაშვილი, გორის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებელი

მინდა ვისაუბრო თემაზე, რომელიც ალბათ ბევრი თქვენგანისთვის იქნება ნაცნობი.

დღეს დღეობით, ახალგაზრდებს უფრო ხშირად უწევთ მშობლიური სახლის დატოვება და სხვა ქალაქში თუ ქვეყანაში სწავლის გაგრძელება, რის შემდეგაც იქვე აწყობენ წარმატებულ კარიერას და აღარ ბრუნდებიან სამშობლოში. ასე ვკარგავთ ინტელექტუალებს, რომლებიც ორმაგად საჭიროა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონების განვითარებისათვის.

მეც წავედი წლების წინ ქალაქში ხარისხიანი განათლების მისაღებად, თუმცა უკვე დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ ქალაქს და მზად ვარ, ჩემი მოტივაცია და ენერგია ჩავდო უკვე არჩეულ საქმიანობაში. 

2005 წელს პირველად გავიგე, რომ არსებობდა თბილისში სკოლა სახელად „კომაროვი“, სადაც მხოლოდ ძალიან ნიჭიერი ბავშვები სწავლობდნენ და იქვე ცხოვრობდნენ. ზუსტად ამას დაემთხვა ჩემი მშობლების სურვილი ქალაქში საცხოვრებლად წასვლის. ზუსტად მაშინ იწყებოდა მასობრივი მიგრაცია თბილისისაკენ, უკეთესი მომავლის იმედით. ამ სკოლაში ჩაბარების იდეა ამეკვიატა და ვერაფრით ვეღარ მოვიშორე - ბევრი ვიბრძოლე თუ ცოტა, ჩემი სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მოვახერხე გამოცდაზე მოხვედრა. სექტემბერში უკვე ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე ვიყავი. პირველ წლებში იქვე ვცხოვრობდი. უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო ჩემთვის ამ სკოლაში სწავლა.  სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ჩემი და ფიზიკის ურთიერთობას. რომელიც გაგრძელდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დასრულებით. 

მალევე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ სკოლაში, რომელიც საუკეთესო სკოლათა რიცხვში მოწინავე ადგილს იკავებს. იქ მუშაობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო ჩემთვის. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თითქმის ყველა პუნქტი შესრულდა, რასაც მოვიაზრებდი სამომავლოდ, რის გამოც დავტოვე ჩემი სახლი და წავედი თბილისში. 

ამ პერიოდის განმავლობაში, ხშირად ვფიქრობდი სახლში დაბრუნებაზე,; იმაზე, რომ შემეძლო ეს ცოდნა და უნარები გამომეყენებინა ჩემს მშობლიურ მხარეში, ჩემი პროფესიული წინსვლა დაკავშირებული ყოფილიყო იმ ნაცნობ და ახლობლურ გარემოსთან, სადაც ბავშვობა მქონდა გატარებული. 

ვცდილობდი მეპოვნა სფერო, რომელსაც დავუკავშირებდი გორს და გორის რაიონში მოღვაწეობას. ახალგაზრდა მეწარმეებსაც კი შევუერთდი, მაგრამ სათანადოდ ვერ მოვიკიდე ფეხი ჩემს მხარეში, რადგან აქ ახალგაზრდებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ საკუთარი უნარების გამოვლენისათვის.

ამ ზაფხულს უკვე გადაწყვეტილი მქონდა საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყება. მუდმივად ვადევნებდი თვალს პედაგოგების ვაკანსიებს, თუმცა არ იყო დიდი არჩევანი. რამდენიმე გასაუბრებაზე ვიყავი თბილისში, თუმცა დიდად ხალისი არ მქონდა, რადგან მსურდა გორის სკოლაში დასაქმება. 

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მასწვალებლის სახლმა გამოაქვეყნა 1000-მდე ვაკანტური ადგილი. მაშინვე გორის მესამე სკოლაში გადავგზავნე მონაცემები. 

ფაქტიურად ლომის წილი მიუძღვის მაძიებლობის პროგრამის გამოცხადებას იმაში, რომ დავბრუნდი ჩემს მშობლიურ ქალაქში და მსურს ჩემი ენერგია, შესაძლებლობები და ცოდნა მოვახმარო ჩემი ქალაქის ახალგაზრდა თაობის აღზრდას. მსურს, რომ მათ განსხვავებული კუთხით დავანახო და შევაყვარო ფიზიკა. დავეხმარო მათ ხარისხიანი განათლების მიღებაში და აქ მივცე მათ ის შესაძლებლობები, რის გამოც მე მომიწია სხვაგან წასვლა.

იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ბევრი ახალგაზრდა დაუბრუნდება თავის ფესვებს, და იქ გააგრძელებს განვითარებას, სადაც მისი სახლია. დიდ ქალაქში უბრალოდ დაკარგული ხარ და რთულია საკუთარი თავის გამოხატვა, მაგრამ შენს მხარეში ზუსტად იცი შენი დანიშნულება და ყოველი დღე ახალ გამოწვევას გიმზადებს. საქართველოს ყველა სხვა კუთხეს სჭირდება განათლებული ახალგაზრდობა და ახალი სისხლი. 

ამისათვის უნდა ამოქმედდეს პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას, პროფესიულ წინსვლას და განვითარებას.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1011 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი