Print this page

მაიამის სარეკლამო სკოლის მაგისტრანტი გორიდან - გიორგი ურუშაძის წარმატების ისტორია

ადამიანური ისტორიები Written by  ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019 08:14 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„ჯიპას“ ლექტორი, ახალი მედიის მენეჯერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ონლაინ-გამოცემების „სტუდინფო“, „ვენიუ“ და „ედულაბი“-ს დამაარსებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის - მაიამის სარეკლამო სკოლის მაგისტრანტი, - გიორგი ურუშაძის წარმატების ამბავი გორიდან იწყება.

"ჩემთვის რეგალიები არაფერს ნიშნავს. ბუნებრივია, ცხოვრების ყველა ეტაპზე გინდა, რომ რაღაც რეგალია გქონდეს და ადამიანები გცნობდნენ კონკრეტული მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია, თვითმიზანი არასდროს არ არის, რომ იცხოვრო იმისთვის, რომ კონკრეტული რეგალია მოიპოვო. ვიყო ადამიანი, რომელიც შეცვლის იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს - ეს არის ჩემი მთავარი რეგალია“.
გიორგის პირველი წარმატება გორს უკავშირდება. ერთ-ერთ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც, ეს ორგანიზაცია მის გზამკვლევად იქცა ცხოვრებაში. აქ მიღებული გამოცდილება დაეხმარა დაენახა პრობლემები, როგორც საკუთარ თავში, ისე გარემოში.
"პირველი წარმატება ბუნებრივია გორს უკავშირდება. იმიტომ, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი ამ ქალაქში გავატარე. პირველი წარმატებული ნაბიჯი უკავშირდება ორგანიზაცია „ბილიკს“. მახსოვს, გამოცხადდა სცენარების კონკურსი. გულწრფელად ვიტყვი, მაშინ არც ვიცოდი როგორ იწერებოდა სცენარი“.
გიორგი ამბობს, რომ „ბილიკი“ იქცა რეალურ ბილიკად, გზამკვლევად მის ცხოვრებაში, რადგან დაეხმარა ეპოვნა ახალი გზები.
გიორგი ჟურნალისტია და რომ წერს, არავის გაუკვირდება, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ მომენტში ის წიგნს წერს.
"დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყე, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში არ ვწერ იმიტომ, რომ მჭირდება გარემო და ინსპირაცია. მთავარი გმირი არის ქალი, რომელიც საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე, საუბრობს პრობლემებზე და გვიჩვენებს იმ რეალობას, რომელიც საქართველოში და არამარტო საქართველოში გვაქვს“.
გიორგიმ ბაკალავრიატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის, კერძოდ, ირანისტიკის მიმართულებით დაამთავრა. პარალელურად, ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა - პირველი იყო ინტერნეტ-პორტალი „სტუდინფო“. მეორე კურსზე იყო, როცა მიხვდა, რომ სწავლის გარდა, სჭირდებოდა, რაღაც, რაც თავს აგრძნობინებდა, რომ იყო აქტიური. უნდოდა ჟურნალისტიკაში ეცადა თავი.
"თავიდანვე გამიზნულად მინდოდა გავმხდარიყავი ჟურნალისტი და მედიის სფეროში ვყოფილიყავი, თუმცა მივხვდი, რომ ჟურნალისტიკაზე სწავლა არ მომცემდა ზოგად განათლებას და იმ სააზროვნო ბერკეტებს, რისი გამოყენებაც ზოგადად საჭიროა ჟურნალისტიკაში. ამიტომ ავირჩიე ჰუმანიტარული მიმართულება. „სტუდინფოს“ დაარსებისას, პირველი ნაბიჯი იყო გუნდის შემოკრება. ეს გუნდი იყო ყველაზე დიდი შენაძენი, დღემდე ვმეგობრობთ და დღემდე გვაქვს საერთო პროექტები. გადავწყვიტე, შემექმნა სტუდენტური პორტალი, რომელმაც გააერთიანა ქართველი და საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტები“, - ამბობს გიორგი.
მას შემდეგ, რაც გიორგი მე-4 კურსზე გადავიდა, შექმნილმა გარემოებებმა აიძულა „სტუდინფო“ გაეყიდა, რადგან გუნდის წევრებიც ნელ- ნელა იშლებოდნენ - რთული იყო ფინანსების გარეშე ენთუზიაზმის შენარჩუნება. „სტუდინფოდან“ მიღებული 2 ახალი ინტერნეტ-პორტალი „ვენიუ“ და „ედულაბი“ დააარსა.
"რეალურად სამივე პროექტმა მომცა გამოცდილება. ერთია, იმუშაო სხვაგან როგორც დაქირავებულმა მუშაკმა; მეორე მხრივკი , შექმნა შენი პროექტი, იყო მენეჯერი და მიაღწიო კონკრეტულ წარმატებას“.
ამბობს, რომ განსხვავებულ გარემოში გაიზარდა, რადგან მამა იყო და არის ქურდული ავტორიტეტი. როგორც თავად ამბობს, ყველას უკვირდა, რომ მან აირჩია სხვა გზაა.
"ბავშვობის ნახევარი ციხეში მაქვს გატარებული პაემნებზე. ჩავდიოდი ციხეში და რეალურად, ეს მაძლევდა ძალიან დიდ არეალს იმისათვის, რომ დავფიქრებულიყავი და მაშინ ვთქვი, რომ გიორგი ეს არის გზა, რომელიც არ უნდა აირჩიო არასდროს. ვთქვი, რომ წიგნი არის გამოსავალი, რომელიც შენ ამ რეალობიდან მოგწყვეტს და ამ რეალობიდან გადაგამისამართებს. მაკომპლექსებდა ის ამბავი, როცა ამბობდნენ, რომ მამამისი ასეთია და იმავე გზას აირჩევს. ეს ყოველთვის მაღიზიანებდა. ამით მამაჩემს არ ვაკნინებ. ის მეუბნებოდა, რომ უნდა ამერჩია ის გზა, რომელიც ავირჩიე, თუმცა სირთულეები ახლდა ამ ყველაფერს. დღეს რომ მკითხო, ვარ თუ არა მადლობელი იმისა, რაც გამოვიარე, ვიტყვი, რომ ვარ“.
მაგისტრატურაზე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში „ჯიპაში“ მედია ინჟინერია ისწავლა. სწავლის დასრულების შემდეგ, ინსტიტუტმა ლექტორობა შესთავაზა. არც უფიქრია, დათანხმდა. ასე იქცა გიორგი ახალგაზრდა ლექტორად.
"დავამთავრე თსუ, შემდეგ ჩავაბარე ჯიპაში - მედია ინჟინერიაზე, ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ჯიპამ, განსხვავებული რეალობა მაჩვენა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, შემომთავაზეს ლექტორობა - ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში. თავიდან იყო რთული. პირველ ლექციაზე ყველას ეგონა, რომ მათი კურსელი ვიყავი. როცა აღმოაჩინეს, რომ მათი ლექტორი ვიყავი, ჰქონდათ სასიამოვნო გაოცება“.
გიორგი არასდროს გაჩერებულა. ამბობს, რომ თუ წარმატება გინდა, მუდმივ ქმედებაში უნდა იყო. კარიერის დასაწყისში მყოფ ადამიანებს ურჩევს, რომ არასდროს შეწყვიტონ ძიება და აუცილებლად იპოვიან იმ გასაღებს, რომელიც მათი მომავლის კარს გააღებს. მანაც ეძია და ასე იპოვა, მაიამის სარეკლამო სკოლა.
"შემთხვევით აღმოვაჩინე ინტერნეტში მაიამის სარეკლამო სკოლა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ნომერი პირველი იყო ამ მიმართულებით მსოფლიოში და გადავწყვიტე, რომ ჩამებარებინა ამ უნივერსიტეტში. რეალურად, როცა ეს მიზანი დავისახე, არ მჯეროდა მეც ბოლომდე, რომ ეს გამომივიდა. ეს ადამიანები ზრდიან მომავალ მედია-ლიდერებს. ვფიქრობ, რომ ეს სკოლა იქნება ყველაზე დიდი ტრამპლინი ჩემს ცხოვრებაში“.
როგორც ამბობს, ძალიან რთული იყო აქ მოხვედრა. არამხოლოდ ჩააბარა მაიამის სკოლაში, არამედ დაფინანსებაც მოიპოვა. ამ ყველაფერს გიორგი განათლების საერთაშორისო ცენტრს უმადლის, სადაც მან რამდენიმეთვიანი შესარჩევი ეტაპი გაიარა და საბოლოოდ, მიიღო დაფინანსება, როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების.
"ამ ეტაპზე მთავარი მიზანია წავიდე მაიამის სკოლაში. პირველ წელს ბერლინში ვისწავლი. მეორე წელს კი, ამერიკაში მომიწევს წასვლა, სადაც მომიწევს ვიმუშაო ისეთ ცნობილ კომპანიებში, როგორიც არის მაგალითად, გუგლი, ფეისბუქი ან სხვა მსგავსი კომპანია და მივიღო პრაქტიკული გამოცდილება“.
სწავლის დასრულების შემდეგ, გიორგის გეგმები ისევ მედიასივრცეს უკავშირდება. სურს, რომ შექმნას, როგორც მედიაპორტალი, ასევე კრეატიული სააგენტო.
"ერთი მხრივ, მინდა, რომ შევქმნა საკუთარი მედია პორტალი - მულტიმედიური, რომელიც დაეფუძნება ჟურნალისტურ პრინციპებს და იქნება ახალი სიტყვა ქართულ მედიაში; იქნება ამბის განსხვავებული თხრობა, შეცვლის ქართულ მედია რეალობას და ადამიანები იტყვიან, რომ ამ მედიას ვენდობი და მომწონს მათი თხრობის სტილი. მეორე მხრივ, მინდა, რომ შევქმნა კრეატიული სააგენტო, რომელიც ამ მიმართულებით იტყვის სიტყვას, გახსნის ახალ საზღვრებს საქართველოსთვის“.
Read 2747 times Last modified on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019 08:56