მენტალური ძალადობა

ხალხის ხმა Written by  სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 13:09 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თეა თედლიაშვილი

არავისთვის უცხო არ არის, რომ დღეს საქართველოში ძალადობის მსხვერპლები ძირითადად ქალები არიან და მეც სწორედ ეს თემა შევარჩიე სასაუბროდ.  რატომ არიან ძალადობის მსხვერპლები ძირითადად ქალები და რატომ  მცირე რაოდენობით მამაკაცები? (სჯობს მსხვერპლები საერთოდ არ იყვნენ)

პირველ რიგში, მე ვფიქრობ ეს უკავშირდება ჩვენ მენტალურ აღზრდას და ეს ჩვენი წინა თაობისგან დანატოვარი მემკვიდერეობაა. ყურადღებამისაქცევია, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს სელექციური აბორტები - ანუ ძალადობა ქალთა მიმართ იწყება ჩასახვისთანავე და მშობლების გარკვეული ნაწილი უფრო პოზიტიურად მიიჩნევს შვილის დაბადებას, როცა იბადება ვაჟი, ვიდრე გოგონა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გარკვეულწილად შეცვლილია მდგომარეობა კარგი ტენდენციისკენ, სამწუხაროდ მაინც ვაჟების დაბადებას მაინც უფრო დიდი სიხარულით ხვდებიან ოჯახში, ვიდრე გოგონების დაბადებას (ვაჟების დაბადებასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს). შესაბამისად, ესეც იძლევა იმის საფუძველს, რომ გოგონები ჯერ კიდევ დაბადებამდე არიან ძალადობის მსხვერპლები მათი მშობლების მხრიდან (რასაკვირველია ყველა არ იგულისხმება).

გარდა იმისა, რომ ბიჭების დაბადებას საქართველოში თოფის გასროლით და ზარ-ზეიმით ვხვდებით, ამას მოსდევს ბავშვების შემდგომი აღზრდაც. აქ არის მშობლების ორი რადიკალური მიმართულება - მიდგომა ბიჭების აღზრდის მიმართ და გოგონების აღზრდის მიმართ. მოვიყვან ერთ-ერთ მაგალითს, მშობლების დიდი ნაწილი ბავშობიდანვე უნერგავენ ბიჭებს, რომ რასაც თავად ფლობენ ყველაფრის მესაკუთრეები შემდგომ ვაჟები იქნებიან, ე.ი მემკვიდრეობა მშობლებისგან გადაეცემათ ბიჭებს (კანონმდებლობით ეს ასე სულაც არაა), ხოლო გოგონებს  ქონების პოტენციურ მესაკუთრეებად არ მოიაზრებენ.

აქაც არის ჩვენი მენტალური პრობლემა: ასე გაზრდილი ბიჭები თავისთავად ყალიბდებიან მოძალადეებად, რადგან ფიქრობენ, რომ ფინანსურად და ქონებრივად დაცულები არიან, მათ არ მოუწევთ შემდგომში ზრუნვა იმაზე (უმეტეს შემთხვევაში) სად უნდა შეაფარონ თავი და ა.შ. გოგონები კი ამ  შემთხვევაში დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან, მათ ხშირ შემთხვევაში არა აქვთ დაცულობის განცდა. ანუ, თუკი დაოჯახების შემთხვევაში ოჯახში შეექმნებათ პრობლემები - არ ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ თავიანთ ბიოლოგიურ ოჯახში და იქ განაგრძონ ცხოვრება. ვფიქრობ, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქალები უფრო ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, ვიდრე - კაცები.

ქალები ოჯახში ძალადობას იმის გამო ითმენენ, რომ არა აქვთ უკან დასაბრუნებელი ბიოლოგიურ ოჯახში, სადაც ბავშვობიდანვე აღზარდეს ისე, რომ იქ მათი არაფერია და საკუთრება მხოლოდ ძმისაა;  და კიდევ, გვხვდებიან ქალები, რომლებიც მოძალადეებთან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რჩებიან, რომ არ შეუძლიათ უზრუნველყონ საკუთარი ან შვილების მომავალი. 

თუმცა, თუ ქალმა მიიღო გადაწყვეტილება და წამოვიდა მოძალადისგან, ის ხვდება თავშესაფარში (მხოლოდ რამდენიმე თვით)  ან შეიძლება სულაც დარჩეს ღია ცის ქვეშ და ძალიან მძიმე, რუტინული შრომის საფასურად დაუჯდეს ეს, იმიტომ, რომ მშობლებმა ასე აღზარდეს.  ვფიქრობ პრობლემა მდგომარეობს არა მხოლოდ მოძალადე კაცებში, არამედ ქალებშიც და ყევლაზე მთავარი - მშობლებში, რომლებმაც ბავშვები თავიდანვე იმ შეგნებით აღზარდეს, რომ მათი ქონება გოგონებისა არ არის.

ბავშვობიდან ასე აღზრდილი ქალი ერთ შემთხვევაში თრგუნავს თავის მოთხოვნილებებს, ანდა ფიქრობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ნორმა და სულაც არ მიაჩნია, რომ მის მიმართ მშობლებმა დაუშვეს შეცდომა. 

როდესაც ოჯახში უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა ხდება, ხშირად ჰგონიათ, რომ მოძალადეები არიან მხოლოდ მეუღლეები.  სინამდვილეში არ ხდება იმის გამოკვეთა მოძალადეები არიან მშობლები, რომლებმაც თავიდანვე არასწორად აღზარდეს შვილები და  რამაც გამოიწვია ის, რომ ქალები ფიზიკურ შეურაცხყოფამდე ( შეიძლება მას შემდეგაც) დარჩნენ მარტო ძალადობის პრობლემის წინაშე, რადგან არ ჰქონდათ არავისი მხარდაჭერის იმედი, არ ჰყავდათ მხარდამჭერთა ქსელი - ადამიანების ჯგუფი, რომლებთანაც შეეძლოთ თავიანთ პრობლემებზე  საუბარი. 

სწორედ არასწორი აღზრდა არის გამომწვევი მიზეზი იმისა რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი არის ძალადობის მსხვერპლი და სამწუხაროდ მათი უმეტესობა ხშირ შემთხვევაში არის ქალი.  და სამწუხაროდ როდესაც ძალადობრივ გარემოში იზრდებიან ბავშვები ისინიც ყველა შემთხვევაში არიან ძალადობის მსხვერპლები.

გახმაურებული და გამოვლენილი  ფაქტების გარდა, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრი დაფარული ძალადობა არსებობს, რისი მიზეზიც ისევ არასწორი აღზრდაა. ვგულისხმობ იმას რომ ჯერ კიდევ  ქალების დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ მათზე განხორციელებული ძალადობა არის ჩვეულებრივი ნორმა და ეს არ უნდა იწვევდეს მათ პროტესტს. 

საბედნიეროდ ახალ თაობაში,  ახალგაზრდებში, რომლებიც შემდგომ თავად უნდა გახდნენ მშობლები, არის ძალიან კარგი ტენდენციები. დღევანდელი ახალგაზრდები უკვე სხვა კუთხით უყურებენ ამ საკითხს  და დაცლილნი არიან ძველი მენტალობიდან. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მომავალი თაობა გაცილებით კარგად ხედავს თავისუფლებისა და თანასწორობის ფასს. ვფიქრობ, მათ მიერ აღზრდილ შვილებში  მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული ძალადობის ფაქტები და საქართველოში გვექნება ნამდვილად თანასწორი საზოგადოება.

 

 

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

 

 

 

Read 2066 times Last modified on ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019 09:27

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი