"შევასწავლი ლექსის წერას" - კედლის განცხადება გორში

ადამიანური ისტორიები Written by  სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019 08:21 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ბავშვებს შევასწავლი ლექსის წერის ტექნიკას. 6-თვიანი კურსის შემდეგ, მუდმივი უფასო კონსულტაციები" - ასეთი შინაარსის განცხადება გორში, სტალინის ქუჩა N24-ში, ერთ-ერთ კედელზე უკვე 3 წელია გაკრულია.

35 წიგნის ავტორი, ფიზიკოსი, პოეტი და პროზაიკოსი, წარმოშობით კახელი, რომელიც გორში 1957 წლიდან ცხოვრობს, გორის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე - ეს 87 წლის ვახტანგ ჭანკოტაძეა, რომელიც ამბობს, რომ შეუძლია, ბავშვებს ლექსის წერა ასწავლოს.

"ლექსის წერას მხოლოდ გენეტიკური წინაპირობა არ სჭირდება. ლექსი მუსიკაა, რომელიც მუსიკალურ ნოტებში კი არ იწერება, ასო-ბგერებით იწერება ანუ ლექსის უპირველესი მომხიბვლელობა მდგომარეობს რითმასა და რიტმში, რომელიც არამუსიკალურად შობილ და მყოფად ადამიანს არ ესმის ლექსი, ისე როგორც უნდა გაიგოს", - ამბობს ის.

აღნიშნული განცხადება 3 წლის წინ გააკრა ერთ-ერთ კედელზე. როგორც თავად ამბობს, ამის გაკეთება მატერიალურმა გაჭირვებამ აიძულა.

"როცა მატერიალურად გამიჭირდა, გადავწყვიტე ეს განცხადება გამომეკრა კედელზე. იქნებ მშობელი გამოჩნეს ვინმე, რომელმაც თავის შვილში ნიჭი შეამჩნია-მეთქი. ამას სჭირდება 3-4 წინასწარი შეხვედრა, თუ არ აქვს მონაცემები, რიტმის გრძნობა, ხელს არ მოვკიდებ", - ამბობს ვახტან ჭანკოტაძე.

გამოხმაურება აღნიშნულ განცხადებაზე, 3 წლის განმავლობაში, მხოლოდ რადიო "მოზაიკას" ზარი იყო. მას ინტერვიუზე სწორედ მითითებულ ნომერზე დარეკვით შევუთანხმდით. 

"3 წლის განმავლობაში, არავინ გამოხმაურებია ჩემს განცხადებას. დღეს ადამიანებს პურის ფული უჭირთ. ლექსებზე ფიქრის დრო ხალხს აღარ აქვს. მინდოდა, რომ ახალი ნიჭის აღმოჩენაში ჩემი წვლილი შემეტანა. იქნებ სადმე გალაქტიონი, ან ლადო ასათიანი იზრდება?"

ინტერვიუს ბოლოს, ვახტანგ ჭანკოტაძემ თქვა, რომ განცხადება კედლიდან უნდა ჩამოხსნას.

Read 124 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი