როგორ დავაინტერესოთ ბავშვი წიგნით

ხალხის ხმა Written by  ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 09:33 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ვასო გულეური, საბავშვო მწერალი

ბავშვის ურთიერთობა წიგნთან ჯერ კიდევ მაშინ იწყება, ვიდრე კითხვას ისწავლის. თავდაპირველად, ილუსტრირებული წიგნებით, შემდეგ - პატარა ტექსტებით და ლექსებით, და ასე თანდათან ეჩვევა ბავშვი წიგნსაც და კითხვასაც. ცნობილია, რომ უფრო ადვილად იწყებენ კითხვას იმ ოჯახში, სადაც უფროსებიც კითხულობენ.

ბავშვს მიმბაძველობის უნარი აქვს და როცა ხედავს, დედა ან მამა, ან ოჯახის რომელიმე წევრი ტელევიზორს კი არ მისჩერებია მთელი დღე ან ტელეფონს კი არ ჩაჰყურებს, არამედ წიგნს კითხულობს, ბავშვსაც უჩნდება სურვილი, მიბაძოს და წიგნი აიღოს. წიგნის კითხვაც ისეთი უნარია, რასაც გამომუშავება სჭირდება. მით უფრო, დღეს, როცა კომპიუტერი თუ მობილური ასე ფართოდ არის შემოსული ჩვენს ყოველდღიურობაში, როცა ხშირად სრულიად უკონტროლოა, რას ნახავს მოზარდი ან რა ხიფათში შეიძლება გაეხვეს. ამიტომ, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება მივააქციოთ ბავშვების დაინტერესებას წიგნით.

პირველი და მნიშნელოვანი, როგორც უკვე ვთქვი, ოჯახში წიგნის კითხვის კულტურის ჩამოყალიბებაა. წიგნის კითხვა ერთგვარ საოჯახო რიტუალად უნდა იქცეს, უნდა ხდებოდეს წაკითხულ წიგნზე მსჯელობა. ეს, გარდა წიგნით დაინტერესებისა, მშობლებისა და შვილების ურთიერთობასაც შეუწყობს ხელს, რაც ასევე ძალიან აკლიათ დღეს ბავშვებს.

წიგნის მიმართ ინტერესი დღეს არც ისე მცირეა. ვერ ვიტყვით, რომ დღეს წიგნებს აღარ კითხულობენ - თუ გადავხედავთ, რამდენი გამომცემლობა არსებობს, რამდენი წიგნი გამოიცემა, რამდენი ითარგმნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპიუტერმა ვერ დაჯაბნა წიგნი, რომ მკითხველი არის. მაგრამ, ვფიქრობ, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვობიდანვე ჩამოვუყალიბოთ წიგნის კითხვის კულტურა, ლიტერატურული გემოვნება. 

წიგნის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოში და საქართველოშიც, მრავალი საიტერესო ღონისძიება ტარდება - იქნება ეს წიგნის კითხვის დღე, წიგნის ფესტივალი, წიგნის კვირეული თუ სხვა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონებში გაცილებით ნაკლებია ასეთი ღონისძიებები, ვიდრე დედაქალაქში. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია, თვითმმართველობის და თავად მოქალაქეების მიერ საინტერესო ღონისძიებების და ინიციატივების განხორციელება. 

ამ მხრივ კარგი იქნებოდა, თუ ახალ ფუნქციებს შეიძენდა ბიბლიოთეკა. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში არაერთი ბიბლიოთეკა შეეწირა მავანთა ინტერესებს, მაგრამ რაც არის, მათი ფუნქციონირება კიდევ უფრო საინტერესო უნდა გახდეს. მეტი ცოცხალი შეხვედრები მკითხველსა და მწერლებს შორის, დისკუსიები, განხილვები, პრეზენტაციები. 

კარგი საშუალებაა საკვირაო სკოლების არსებობა. ასევე შეიძლება წიგნის მაღაზიებმა შაბათს ან კვირას რამდენიმე საათი დაუთმონ შეხვედრებს ბავშვებთან, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს, სადაც ბავშვები უშუალოდ იქნებიან ჩრთულები და მონაწილეები, რაც მათ მოტივაციას და ინტერესს გაზრდის.

და ცხადია, სკოლაც არ არის გამონაკლისი - სკოლას შეუძლია დიდი როლი შეასრულოს, რომ დააინტერესოს ბავშვები წიგნით. სასკოლო ღონისძიებები, საკლასო აქტივობები, შეხვედრები, ინსცენირებები. მე ძალიან ხშირად მიხდება შეხვედრები სკოლებში და ვხედავ, როგორი აქტიურობენ ბავშვები, როგორ აინტერესებთ ბევრი რამ და რა საინტერესო შეკითხვებს სვამენ, რამდენ საინტერესო რამეს აკეთებენ - იქნება ეს ხელნაკეთი წიგნები, ილუსტრაციები, ინსცენირებები თუ სხვა. 

აქვე  არ შემიძლი არ შევეხო ერთ პრობლემასაც - ეს არის ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბება. ამაშიც უდიდესი როლი აქვთ მშობლებს და მასწავლებლებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ასაკს აქვს მისთვის განკუთვნილი ლიტერატურა და ბავშვები არ უნდა ვაიძულოთ წაიკითხონ და მით უფრო, დაიზეპირონ მათთვის უინტერესო და გაუგებარი შინაარსის ნაწარმოებები. ამით ლიტერატურის სიყვარულის ნაცვლად შეიძლება უკურეაქცია ჩამოვუყალიბოთ და სამომავლოდ საერთოდ დავუკარგოთ წიგნის კითხვის სურვილი. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა შევურჩიოთ ბავშვებს წიგნები, მათი ინდივიდუალური უნარების გათალისწინებით და გემოვნებით. მხოლოდ ასე გავუღვივებთ წიგნის სიყვარულს, ასე ჩამოვაყალიბებთ კარგ მკითხველად.

 

 

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

 

 

 

Read 2886 times Last modified on ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019 12:46

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი