გულგრილობა, როგორც დანაშაული

ხალხის ხმა Written by  კვირა, 01 სექტემბერი 2019 08:44 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნიცა ოქრუაშვილი

საზოგადოება— ერთმანეთთან სხვადასხვა ურთიერთობით ან ვირტუალური ტერიტორიით დაკავშირებულ ადამიანთა ერთობაა. ჩვენს დღევანდელ საზოგადოებას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მას საკმაოდ ბევრი მწვავე და დიდი პრობლემები აქვს.

არც ისე დიდი ხნის წინ,  ეზოებში დაინახავდით თამაშში გართულ პატარებს - ისინი ბურთით ან ლახტით ეთამაშებოდნენ ერთმანეთს, ან სულაც კლასობანას ან დამალობანას თამაშით ირთობდნენ თავებს და ამით დიდ სიამოვნებას იღებდნენ. გაიგონებდით ჟრიამულის ხმას, რომელიც ეზოებთან გავლისას ისმოდა. ისე დაღამდებოდა, თამაშში გართულ ბავშვებს გამოკვება სულ ავიწყდებოდათ და ამის შემდეგ დაიწყებოდა ტკბილი ბებიების ძახილი, რომელიც საყვარელ შვილიშვილებს მათ მიერ მომზადებული საჭმლის დაგემოვნებისთვის იხმობდნენ. და ახლა რა ხდება? - ვხედავთ ბავშვებს სმარტფონებით ხელში ან ტელევიზორის წინ ჩამომხდრებს, არავის უნდა გარეთ გავიდეს და დრო მეგობრებთან ერთად გაატაროს. მათ ურჩევნიათ, ისხდნენ კომპიუტერულ თამაშებთან და ამის საშუალებით გაერთნონ, რასაც ძალიან დიდი ჯანმრთელობის ზიანის მოტანა შეუძლია.

დრო გადის, ადამიანები იცვლებიან. ძალიან რთულია, ჩვენ საუკუნეში მეგობარს ენდო. მეგობარი ეს შენი იდეალი უნდა იყოს, უნდა ენდობოდე, მაგრამ დღეს სამწუხაროდ, გარკვეული სახის კავშირს მეგობრობას არქმევენ. საინტერესოა, ქართველი მეგობრების მოსმენა - როცა ერთად არიან, ათას ტყუილს აჯერებენ ერთმანეთს და ყველაზე საშინელი ის არის, რომ თავადაც ჯერათ ამ ტყუილის და ცხოვრობენ ბურუსში, გაურკვევლობაში… რამდენიმე დღის, საათის, წუთის, წამის შემდეგ კი, ზურგს უკან ისეთი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ ერთმანეთს, რომ გაკვირვვებას კი არა, უფრო რაღაც საშინელ ემოციას გამოიწვევს შენში…

არ ვიცი, მე მეჩვენება თუ ხალხი მართლა შეიცვალა. ვხედავ, რომ უფრო ცივი, გულგრილი და ჩაკეტილი გახდა - არ იციან ერთმანეთის გვერდში დგომა. რომ კვდებოდე, ხელს არ გამოგიწოდებენ დასახმარებლად. ისე ჩაივლიან გვერდით, თითქოს ვერც კი შეგამჩნიეს. ალბათ ყველა ზედმეტ პრობლემას ერიდება და საკუთარზე ფიქრითაა შეპყრობილი. სწორედ ეს არის ადამიანის უბედურება, საკუთარ თავზე ფიქრი და გარშმომყოფების რეალობიდან მოწყვეტა. ამის უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო.

ყველაზე საზარელი ფაქტი კი ოჯახში ძალადობა მახსენდება.  როგორ შეიძლება სახლიდან საშინელი ხმები, ჭურჭლის მსხვრევის, ლანძღვის, გინების, ქალის ან ბავშვების ტირილის ხმა გესმოდდეს და ამაზე რეაგირება არ გქონდეს? ყველაზე გავრცელებული ფორმა კი აივნიდან ან სახლის ფანჯრებიდან ჩუმად თვალთვალი გახლავთ და მოძალადე ქმრის გამართლება, რომ ცოლი ძალადობის ღირსი იყო. "კაცი ყოველთვის მართალია", - ეს გახლავთ ყველაზე მახინჯი სტერეოტიპი, რაც ჩვენ ხალხს მოუგონია საუკუნეების წინ და 21-ე საუკუნეშიც კვლავ ამ აზრს იზიარებენ. რეაგირება არავის აქვს, არავის ადარდებს ის, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მკვლელობით დამთავრდეს. ამის შემდეგ კი ყველა დაიწყებს საუბარს.  საზოგადოება ორად გაიყოფა და დაიწყება ყველას მოსაჩვენებელი ქვითინი მიცვალებულის მისამართით და იმაზე არავინ იფიქრებს, რომ სწორედ მათი ბრალია უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი, მათი უმოქმედობის და გულცივობის. "სხვისი ოჯახის საქმეში’’ რომ არ უნდა ჩაერიო, ამას ფაქტია, რომ გადაშენებამდე მივყავართ.

 

 

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

Read 2378 times Last modified on კვირა, 01 სექტემბერი 2019 09:38

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი