ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის ისტორია

აგვისტო 28 2019

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ტაძრებიდან თიღვის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი ერთ-ერთია. 2008 წლის ომის შემდეგ, სოფელი თიღვა რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ტაძარი თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ თიღვაში, სასაფლაოს ტერიტორიაზეა აგებული. არქიტექტურული ძეგლი ადრეულ შუა საუკუნეებში ააგეს.

დარბაზული, შვერილ აბსიდიანი ეკლესია ნაგებია დიდი ზომის ქვიშაქვის კვადრებით. წყობას ჰორიზონტალურ რიგებად მიჰყვება მცირე ზომის კვადრები. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა ნალისებრი აბსიდით, რომელიც დარბაზისაგან შვერილებით არის გამოყოფილი. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდის ცენტრალური ნაწილი გამონგრეულია. დარბაზის სამხრეთ კედელზე ერთი კრონშტეინია, რომელსაც კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობოდა. კამარა ჩამოქცეულია. ჩრდილოეთით და სამხრეთით კედლების სიმაღლე 3-5 მეტრს აღწევს.

ეკლესია ნათდებოდა სამხრეთის ორი და დასავლეთის ერთი თაღოვანი სარკმლით.

თაღოვანი შესასვლელები სამივე კედელშია გაჭრილი, აქედან, ჩრდილოეთისა მინაშენს უკავშირდებოდა, ორი დანარჩენი კი გარშემოსავლელს. მინაშენის მხოლოდ ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლებია შემორჩენილი.

თიღვის ტაძარი ძეგლთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შემორჩენილი აქვთ დათარიღებული ქტიტორული წარწერა, ქართული მატიანეები ძეგლის ქტიტორად დავით აღმაშენებლის ასულს, დემეტრე I-ის დას, თამარს ასახელებენ. მათივე ცნობით, თამარს თიღვის ტაძარი 1152 წელს დაუმთავრებია და აქვე აღკვეცილა მონაზვნად. გადმოცემის მიხედვით თამარი თიღვის მონასტერში უნდა იყოს დასაფლავებული.

წარწერის გაშიფვრა ისტორიკოსმა თედო ჟორდანიამ სცადა. თიღვის წარწერა ახლებურად გააშუქა აკადემიკოსმა აკაკი შანიძემ, რომელმაც წარწერაში ლექსის წყობა აღმოაჩინა. წარწერა ასე იკითხება:

"ქმნილებამან რაჲ აქჲსა სოფლისამან
სხჳსაჲ მიიღოს დაწყება ყოფადისაჲ,
მოქმედებითა შენ ზედა ჯვარცმულისა
ქრისტჱს ღმრთისაჲთა, რომელსა მიმართ ჟამსა
მას შემწე მექმენ მსახურსა შენსა თამარ.“

ნაგებობის გარშემოსავლელიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ეკლესიის ფასადებზე პერანგი ბევრგან შემოცლილია. მიწის დონე საგრძნობლადაა ამოწეული. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი