ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში გადარჩა - 27-წლიანი სევდა

Rate this item
(0 votes)

61 წლის ლუდა სალია სოხუმიდან დევნილია. ამჟამად, ის ხუვალეთში ცხოვრობს. 14 აგვისტო მისთვის, უკვე 27 წელია, მძიმედ გასახსენებელია. 

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. ამ დროს ლუდა სალია აგუძერის სამხედრი საველე ჰოსპიტალში მუშაობდა. 27 წლის შემდგ საკუთარი ემოციები და მოგონებები მან რადიო "მოზაიკას" გაუიზიარა.

„აფხაზეთიდან ვარ, კერძოდ, სოხუმიდან, აფხაზეთის ომის მონაწილე. აგუძერაში სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი. დაცემული ქალაქიდან 28 სექტემბერს წამოვედი და ჭუბერის გზით, ფეხით გადმოვედი. ათასი უბედურება მაქვს გამოვლილი და დღემდე ვარ ომში.

მძიმე გასახსენებელია ჩემთვის აფხაზეთის ომის ამბავი. პირველ რიგში, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა. ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც მართლა გულანთებულები იყვნენ და მართლა ეგონათ, რომ საქართველოსთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. მაგრამ, თურმე განწირულები ვყოფილვართ, ჩვენ ვყოფილვათ საზარბაზნე ხორცი, რომლებიც ხელისუფლებამ მიგვატოვა. ჩვენ მაინც ბოლომდე გავძელით, ბოლო წუთამდე, სანამ არ შემოგვესივნენ და სათითაოდ ამოწყვეტა არ დაგვიწყეს, ერთმანეთი არ მიგვიტოვებია.

28 სექტემბერს, დილით, წებელდისკენ გავუყევით გზას. ამ გზაზე 12 დღე მოვდიოდით, საკენში კი ავად გავხდი. თოვლში და წვიმაში სიარულისგან 41 გრადუსი მქონდა სიცხე. პიელონეფრიტი დამემართა. საშინელება იყო ის 12 დღე საკენში ყოფნა, ჩვენი პატრონი არავინ იყო. ერთი ვერტმფრენი გადმოფრინდებოდა სამ დღეში ერთხელ და პურს ჩამოყრიდა, მაგრამ სადაც პურს ჩამოყრიდა, იქაც ისეთი საშინელებები ხდებოდა, ხალხი ერთმანეთს ხოცავდა.

ყველა ჯგუფებად იყო დაბანაკებული. ჩემთან ერთად მოდიოდნენ ჩემი ახლობლები, ერთი ოჯახივით ვიყავით. ერთხელ, ამინდის გამო სამი დღე ვერ მოფრინდა ვერტმფრენი. სამი დღე მშივრები ვიყავით. ერთხელაც 6 პურის აღება მოვახერხე, ე.წ. აგურის პურები იყო და სამი ცალი აქეთ ხელში მიჭირავს, სამი - იქეთ. ამ 6 პურს 10 ადამიანი ელოდებოდა... როგორ მწარედ ვიხსენებ იმ დღეს. ბევრი უპუროდ დარჩა. სანამ ჩემს ჯგუფთან მივიდოდი, გზაში ერთმა მოხუცმა მთხოვა, რამდენი დღეა მშიერი ვარ და მომეცი პურიო, კიდევ ნაცნობი შემხვდა, იმასაც მივეცი. დამრჩა 4 პური, მოვდივარ და მოდის ვიღაცა კაცი, მოხუცი, მოჰყავს ორი ბავშვი, ცინგლიანი, სიცივისგან აკანკალებულები, ფეხშიშველი. ეტყობა, რაც ეცვათ, იმით წამოვიდნენ. დადგა ეს კაცი, თან აჯანჯღარებს ამ ბავშვს და მეუბნება - იცი, ეს ბავშვი 5 დღეა მშიერიაო... ოთხივე პური მივეცი. უპუროდ მოვედი ჩემებთან. მაგრამ აი, ჩემს ერთ შვილს გეფიცებით, იმ დღეს ისეთი გამძღარი ვიყავი, იმ დღეს არ მომშიებია. აი, ასეთი დღეები მაქვს გამოვლილი.

ამ გზაზე, ერთი სამი კილომეტრი დიდი ორმო იყო ამოჭრილი, ამ ორმოში მიდიხარ და ხედავ მარტო ცას. ჩემს დისშვილს ხუმრობით ვუთხარი, ჩვენთან ხომ იციან სამეგრელოში, ადამიანი რომ დაიკარგება და უკვე იციან, რომ მკვდარია, ნიშნით დაიტირებენ ხოლმე, აი, ახლა ჩვენ კიდევ თუ არ გამოვჩნდით დროზე, ალბათ მკვდრები ვეგონებით და დაგვიტირებენ მეთქი. ჩემი დისშვილმა კი მითხრა - ჩვენ იქნებ მკვდრები ვართ უკვე და იქნებ ჯოჯოხეთში მოვხვდითო. უკვე ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ცოცხალი აღარ ვიყავით.

ადამიანის ფსიქოლოგია იმ დონემდე მიდის, რომ ფიქრობ, შეიძლება ცოცხალი აღარ ვარ, მეორდება ეს საშინელება, მიდიხარ გზაზე, ალპური ზონაა, ვიღაცა გზაზე გდია მკვდარი და მიწას ვერ გათხრი იმიტომ, რომ გაყინულია და არაფერი გაქვს, რომ გათხარო. გაუვლი გულცივად, ვერ ეხმარები. რომ დარჩე, შენც იგივე დაგემართება და რაღაც გადარჩენის ინსტინქტი გეხმარება, რომ გზა გააგრძელო.

რაღაცნაირად ჯვარში ჩამოვაღწიე, ჯვარიდან - ზუგდიდში, საიდანაც თბილისში მინდოდა წასვლა, რადგან ჩემი და დაჭრილი იწვა რესპუბლიკურში, რომელიც სოხუმიდან ბოლო თვითმფრინავს გამოვაყოლე. მინდოდა მაგის სანახავად ჩასვლა და აბა, როგორ ჩავსულიყავი?! სამანქანო გზა გადაკეტილი იყო. წავედი ფოთში, ფოთიდან „ბარჟით“ ბათუმში და ბათუმიდან - თბილისში გოდერძის უღელტეხილით ავტობუსს გავყევი. ხაშურში დაგვაყაჩაღეს. თურქეთიდან ნავაჭრით მოდიოდა ხალხი. ვიღაცას ფეხსაცმელი მოჰქონდა, ვიღაცას - კაბები... მე უკვე გადაკეტილი მქონდა, არავინ მაინტერესებდა, ჩამოვედი და დავუდექი ამ ბიჭებს, რას აკეთებთ მეთქი. შენ ვინ ხარო, ვინ ვარ და ომიდან მოვდივარ, სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი მეთქი, ხელი არ მოკიდოთ არაფერს, სად მიგაქვთ მეთქი, უპატრონო ბავშვთა სახლში მიგვაქვსო. ოთხი წყვილი ფეხსაცმელი რომ ამოიღე, 42 ზომა რომელ ბავშვს აქვს ფეხი მეთქი. აი, ასე დაგიდგებით, მომკალით, მე თუ მომკლავთ, წაიღებთ, თუ არადა არაფერს გაგატანთ მეთქი. მობრუნდნენ, თითო-თითო რაღაცები აიღეს და წავიდნენ. აი, ახლა ვფიქრობ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გზაში მლოცავდა ყველა, როგორ მეფერებოდნენ, მისამართს მთხოვნდნე, მე კი ვეუბნებოდი, რომელი მისამართი მოგცეთ მეთქი?! არც პირადობა მქონდა, არც პასპორტი, სახელი და გვარი ვიყავი დარჩენილი და რა მეცვა არ გაინტერესებთ? სამხედრო ფორმა, რომელიც დღემდე შენახული მაქვს და გარედან მეცვა თეთრი ხალათი. გზაში რომ ქალები მოდიდონენ, ეს სამხედრო ფორმა გამახდევინეს, ერთმა ჯემპრი მომცა, მეორემ - შარვალი". 

Read 213 times Last modified on ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019 09:11

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი