აგნესა კუპრაშვილი - ქართველი ქალი, რომელმაც რუსი ჯარისკაცი სიკვდილს გადაარჩინა

ხალხის ხმა Written by  პარასკევი, 09 აგვისტო 2019 08:44 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თამარ პატენკო-ჭინჭარაული

ამბავი მოგვითხრო აგნესა კუპრაშვილის შვილმა, ნათელა კუპრაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხვითი: 

ეზო ნაირფერი ლილიებით და ღიღილოებით მორთულა. ქრისტეს ,,ცრემლებიც აყვავებულა“ და ... სადაც არის შეერევა იმედდაკარგული დედის ცრემლებს.

ბაღნარში მოხუცი ქალი დაფუსფუსებს, თავს ევლება ყვავილებს, ჩურჩულებს, მალ-მალ უფალს ახსენებს...

უცებ დაიგრგვინა. გრგვინმამ მეხივით გადაუარა მიდამოს, სოფლის ბოლოში შავი კვამლი ავარდა. აკანკალდა მოხუცი, აკანკალდნენ ყვავილები.

- აგნესა! აგნესა! - მოხუცს მეზობლის განწირული ხმა შემოესმა.

- შემოვიდნენ ... მოდიან, თავს ვუშველოთ! - მაგრამ ხმა თანდათან მიჩუმდა და მიწყდა.

- ღმერთო დიდებულო, გადმოგვხედე! - შეევედრა მოხუცი უფალს.

- არსადაც არ წავალ, ეს ჩემი მიწაა! მოვიდნენ, დავხვდები! - მწყრალად აღმოხდა ქალს.

შიშმა იკლო. ჭრიალით შეაღო სახლის კარი. დაიჩოქა მტკივან და ძალაგამოლეულ მუხლებზე, წმინდა გიორგის ხატს სამშობლო შეავედრა, ღვთისმშობელს - შვილები და შვილიშვილები.

- ცოტა დრო კიდევ მაქვს, - ძლივს ამოღერღა სიტყვები დედამ. დაძარღვული ხელებით ძველი კარადიდან ფოტოალბომი გადმოიღო, აცახცახებულ კალთაზე დაიდო და გადაფურცლა. მეუღლის სურათს ალერსით ხელი გადაუსვა. თითქოს განსაკუთრებული მხნეობა იგრძნო. შვილებმა შემოსცინეს ლამაზი თვალებით შორეული ბავშვობიდან. ერთ-ერთ გოგონას მისივე ხელით შეკერილი ჭრელი ჩითის კაბა ეცვა, მაგრამ რატომღაც თვალები უსაზღვრო სევდით ქონდა სავსე, ხელახლა მომართა მზერა ცრემლით გადავსებული თვალებით. მანამდე ეს უცნაური მზერა დედას არასდროს შეუნიშნავს. ვაი, რომ მისი საფლავიც არ იცის. გაყვითლებულ ფურცელზე დაწერილი ლექსიც იპოვა, მაგრამ ასოებს ვეღარ არჩევდა. თვალში ცრემლდამშრალი, ლექსების წერით იქარვებდა წარსულში უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის გამო გამოწვეულ ნაღველს. უცებ წამოდგა, თითქოს რაღაც გაახსენდა, ალბომი მაგიდაზე გადადო, სასწაული სისწრაფით კარადაში კვლავ რაღაცის ძებნას შეუდგა. ის მოჩითული კაბა იპოვა, შვილს რომ ეცვა სურათში, ცხვირ-პირზე აიფარა, ღრმად შეისუნთქა, ისე რომ ფილტვების ტკივილი იგრძნო. თითქოს კვლავ შერჩენილი ჰქონდა შვილის სურნელი. მწარედ აქვითინდა დედა.

კვლავ მძლავრმა აფეთქების ხმამ გამოაფხიზლა. სახლი საძირკვლიანად შეტორტმანდა, ფანჯრის მინები ერთიანად ჩამოიმსხვრა, მაგრამ მაინც მოახერხა და გარეთ გამოფარფატდა. არემარე კვამლში აღარ ჩანდა. ჭურვები უმისამართოდ ცვიოდა. მძაფრმა სუნმა სუნთქვა შეუკრა და თავბრუ დაახვია. კიბის მოაჯირი მოძებნა და მთრთოლვარე ხელი ჩამოაყოლა, ფეხქვეშ საფეხურები ეცლებოდა, მაგრამ მაინც შეძლო ეზოში ჩასვლა. გაუჭირდა, მაგრამ თვალისჩინწართმეულმა დაინახა ეზოს კართან მომდგარი ალმოდებული ტანკი. ცეცხლის ენები სულ უფრო და უფრო ლამობდნენ მის ეზოში შეღწევას. ადამიანის განწირული ხმა შემოესმა, შველას ითხოვდა. ქალის დაუძლურებულმა და დაძაბუნებულმა სხეულმა წარმოუდგენენლი ძალა იგრძნო, გაიქცა და უმალ ტანკთან გაჩნდა. იქ დაჭრილი ჯარისკაცი დახვდა. ქართველი ეგონა, მაგრამ... მოულოდნელობისაგან შეცბა, გაიყინა, გაქვავდა. უკან შემობრუნება დააპირა, რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა და. ზურგს უკან სულისშემძვრელი გმინვა მოესმა, მოიხედა და მიწაზე უგონოდ დაცემული ჯარისკაცი დაინხა. სისხლისგან იცლებოდა.

- ვაი, შენს დედას! - უნებურად ამოიძახა ქალმა. არ დაიბნა დედა-ქალი, წყალი ,,მოარბენინა“, სახეზე წაუსვა, მოასულიერა და წამოაყენა.

თითონაც ჯანგატეხილმა ძლივს მიათრია ჭიშკრამდე. მიწაზე მიაწვინა, სისხლიანი ხელ-პირი დაბანა, ჭრილობები ,,ჭაჭის“ არყით დაუმუშავა, აწეწილი ქერა თმა უსუსური მარჯვენით გაუსწორა. მხოლოდ ამ სიტყვებს ლუღლუღებდა დაჭრილი: - მიშველეთ, გადამარჩინეთ, ბოდიშით, მადლობა (რუს.ენა)!

სამალავად მარანი აირჩია მოხუცმა. დიდი ხნის მოცდენილი საწნახელი ამოასუფთავა, ქვეშაგი ჩააგო , გულმოდგინედ გაასწორა და „დაუპატიჟებელი სტუმარი“ დააწვინა. დააფარა. წყალი, პური და ყველი მიუტანა. მარნის კარი კი საიმედოდ გამოკეტა.

ჯარისკაცი საწნახელში ჩაიმალა, გაყუჩდა.  თავისი გაჩენის დღეს სწყევლიდა. აკანკალებული ხელით დედის ნაჩუქარი წმინდა გიორგის მედალიონი მოძებნა, ეამბორა, პატიება სთხოვა.

აგნესას შვილისკენ გადაუქანდა გული. ღვთად ელოდა დაღამებას. თავის ბიჭს ელოდა ღამით, საკუთარ სახლში მალვით რომ უნდა ენახა დედა. სინდისის ქენჯნა იგრძნო.

კარზე კაკუნმა ერთიანად ააცახცახა მოხუცი. ძლივს გააღო კარი და შვილს შეეგება. მეომარს სახეზე ფერი არ ედო: -დედა, ბიჭები, ჩვენი ბიჭები დაგვიხოცეს! მაგათი სისხლი მწყურია. ნასახლარს დაამსგავსეს ჩვენი სოფლები! - შურისძიების წყურვილს შვილისთვის ხმა და სახე ერთიანად შეეცვალა.

ამ ამბის გამგონე დედას ერჩივნა მიწა გამსკდარიყო. აგნესას სათქმელი პირზე შეეყინა.

- სულ ერთია, ჩემი შვილი შურს იძიებს! - ავი ფიქრი არ აძლავდა მოსვენებას. დაძაბული, მარნის კარს არ აშორებდა თვალს. პირველად ინატრა აგნესამ შვილის სახლიდან მალევე წასვლა. საჭმელიც შესთავაზა. მხოლოდ წყალი დალია დოქიდან ბიჭმა სულმოუთქმელად, სწორედ ისე, სოფლის წყაროზე რომ უყვარდა დალევა. შვილი წავიდა. ლოცვა გააყოლა დედამ.

ის ღამე თეთრად გაათენა ქალმა. გამთენიისას ჩათვლიმა. დაკარგული გოგონა ესიზმრა, ეზოში, ლამაზი კაბით, ღიღილოებს კრეფდა, დედას ეძახდა.. ის იყო შვილს უნდა ჩახუტებოდა, კვლავ დაიგრგვინა. სიზმარიც გაქრა.

,,შვილობილი“ გაახსენდა. სასწრაფოდ გახსნა მარნის კარი, წამომდგარიყო ჯარისკაცი, პირი არაფრისთვის დაედო, მასაც მხოლოდ წყალი ჰქონდა დალეული.

დღე-დღეს მისდევდა, ქართველების მარცხი-მარცხს.

ჯარისკაცს კი მზრუნველობას არ აკლებდა ქართველი დედა. ,,მოშინაურდა“ რუსი. მშიერი ქალი ეკლესიიდან მოტანილ თავის წილ პურს აჭმევდა ხიზანს. საღამოს მარნის კარს საგულდაგულოდ კეტავდა და მეზობლად დარჩენილ ორ დობილთან ათევდა ღამეს. ქალებთან ბევრჯერ მოადგა სათქმელი აგნესას პირზე, მაგრამ არ გასცა ,,სტუმარი“. დილით ეკლესიაში მოძღვართან მიდიოდნენ მოხუცები, ლოცულობდნენ, მუხლმოდრეკილი ევედრებოდნენ უფალს, ქვეყანის და შვილების გადარჩენას შესთხოვდნენ. მაგრამ ქართველებმა ომი წააგეს. კვლავ ძაძით შეიმოსა საქართველო.

გამარჯვებას ზეიმობდნენ რუსები. მხოლოდ ქართველების მარანში შეხიზნული და ბედისწერით გადარჩენილი რუსი ჯარისკაცი იყო მორალურად განადგურებული.

... მოაკითხეს ოკუპანტებმა. გამოვიდა დარცხვენილი, მოძმეთა დანახვა არ სურდა, ზიზღი და სიძულვილი ჩაბუდებულიყო მის სულსა და გულში. ცივად მიესალმა მოსულებს. ეზოში მოხუცი მოძებნა. დაიჩოქა მის ფეხებთან. აქვითინდა, ხელები დაუკოცნა. შემდეგ ჯარისკაცმა ქართულ მიწას შუბლი დაადო და გაურკვევლად დუდუნებდა რაღაცას. რუსი ოკუპანტები თვალს ვერ უსწორებდნენ ქართველ დედას.

- შეგინდოთ უფალმა! - აღმოხდა აგნესას და თითქოს გული თან ამოაყოლა სათქმელს. თავის ბაღნარს მიაშურა. მძიმე ნაბიჯებით წალასლასდა იქ, სადაც ცეცხლსა და დენთს გადარჩენილი ყვავილები - ლილიები, ღიღილოები და ქრისტეს ცრემლები ელოდა.



 

Read 4270 times Last modified on პარასკევი, 09 აგვისტო 2019 11:58

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი