როგორ ვცხოვრობთ დევნილები ომის შემდეგ?

ხალხის ხმა Written by  პარასკევი, 19 ივლისი 2019 07:42 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ლელა თედეევა

მე დევნილი ვარ დიდი ლიახვის ხეობიდან. ეს სტატუსი ბევრი ტკივილის და პრობლემის მომცველია, მისი არსიდან გამომდინარე.

2008 წლის აგვისტოს უმძიმესი მოვლენების შემდეგ, დევნილებისთვის ყველაზე მნოშვნელივანი თავშესაფრის მოძიება იყო. ასე თუ ისე, მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა და დროებით სხვადასხვა ობიექტებზე მოახდინა ჩვენი დაბინავება. ეს რა თქმა უნდა, შვება იყო დასტრესილი და უიმედოდ მყოფი დევნილებისთვის, თუმცა შემდეგ იყო აბსოლუტურად არაადამიანური საშუალებებით, გამოსახლებების არანაკლებ მტკივნეული პროცესები. 

გახსოვთ ალბათ, ზამთარში, ყინვაში, ფაქტიურად ქუჩაში ყრიდნენ დევნილებს და ასახლებდნენ. ხშირ შემთხვევაში, მათი ნების საწინააღმდეგოდ ობიექტებზე, რომლებშიც ნორმალური ცხოვრებისთვის შეუსაბამო პირობები იყო. ამით იმის თქმა მსურს, რომ ჩვენ დევნილებმა უამრავი დაუმსახურებელი ტკივილი ვნახეთ როგორც ომამდე, ისე მის მერეც, რადგან 90-იანი წლებიდან მოგვიწია კონფლიქტურ ზონაში ცხოვრებამ, რაც ჩვენს სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახა.

ბოლოს კი, ყველაფერი უმძიმესი, გაუთვალისწინებელი შედეგებით დასრულდა -2008 წლის ომით. ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი, დავკარგეთ ჩვენი წილი სამშობლო. შემდეგ კი ახლადფეხადგმული ბავშვივით დავიწყეთ ცხოვრება, ისევ ახალი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ჩემთვის ჩვენი ხალხის შემართება, შეუპოვარი და შრომისმოყვარე ბუნება სამაგალითოა. ჩვენ შეგვასახლეს კოტეჯებში, სადაც დაგვხვდა ნახევრად სველი კედლები, ჭაობის ბალახი იატაკიდან ამოდიოდა, ტერიტორიაზე არ იდგა არც ერთი ხე და კოტეჯები ტრიალ მინდვრებზე იყო სახელდახელოდ აშენებული. დღეს უკვე დევნილება პატარა, მოვლილ სოფლებს დაამსგავსეს ჩასახლებები, გააშენეს ხეხილი, მოიწყეს პატარა ეზოები, რომ ბავშვებმა თამაში შეძლონ.

კორპუსში მაცხოვრებელი დევნილებისთვის (კერძოდ დ.ჭონქაძის N2) ამ მხრივ არახელსაყრელი გარემოა:

ოთხ სართულიან კორპუსს არც აივნები აქვს და არც ეზო რომ პატარები გავიყვანოთ და თამაშის ან სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალება მივცეთ.

ესაა შენობა, სადაც სპორტული დარბაზი და სამუსიკო სასწავლებელი იყო, შემდგომ გადაკეთდა დევნილთა საცხოვრებლად. ოთახების უმეტესობას სამეზობლო კედლები ე.წ "გიფსოკარდონით" აქვს გამოყოფილი, სველი წერტილებიც იგივე სამშენებლო მასალითაა გამიჯნული, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობა, თუნდაც მცირე ზონის მათთვის გამოყოფა.

კორპუსი მდებარეობს კომბინატის დასახლებაში, გზაჯვარედინთან და ბავშვებს უწევთ მანქანის სავალი ნაწილის მიმდებარედ თამაში, რის გამოც ყოველთვის არის რეალური საფრთხე იმისა რომ მათი უწყინარი გართობა უბედური შემთხვევით დასრულდეს. არ გვაქვს ასევე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი და ზებრა გადასასვლელიც გადარეცხილია წვიმებისგან.

იმედს ვიტოვებ რომ ეს პრობლემა, რომელიც პატარების უსაფრთხოებას უკავშირდება მოგვარდება. სხვა რიგ პრობლემებს კორპუსის მაცხოვრებლები ასე თუ ისე ვართმევთ თავს და ვართ იმედით, რომ ოდესმე დადგება დღე, როცა ჩვენს მიწას დავუბრუნდებით და ისევ ახლიდან დავიწყებთ ცხოვრებას მშობლიურ კუთხეში!

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 561 times Last modified on კვირა, 28 ივლისი 2019 08:10

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი