უხილავი იარაღი

ხალხის ხმა Written by  ორშაბათი, 15 ივლისი 2019 12:07 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

21-ე საუკუნე, ინტერნეტის ეპოქა, უდიდესი ქსელი, რომლის საშუალებითაც ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უკავშირდებიან ერთმანეთს და იძიებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას უმოკლეს დროში.

კომუნიკაციის ყველაზე მარტივ სახედ გვევლინებიან სხვადასხვა სოციალური ქსელები და ინტერნეტ მედია.

უპირველეს ყოვლისა, ინტერნეტმა ჩაანაცვლა ბეჭდური მედია და ტელევიზია. ქართველები მასობრივად დააკავშირა ერთმანეთთან და მსოფლიოს სხვა მოქალაქეებთან, ორგანიზაციები და კომპანიები დააინტერესა და ჩართო მის სივრცეში და საბოლოოდ მისი გავლენა არის უდიდესი. ბოლო რამოდენიმე წელია საქართველოსა და მსოფლიოს მოქალაქეები გააერთიანა თავის უსასრულობაში და პრაქტიკულად, ის წარმოადგენს ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების ერთ-ერთ უდიდეს წყაროს.

რასაკვირველია, მეც, ისევე როგორც ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები, ვართ ამ ყოველივეს ნაწილი და გულწრფელად ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გავატარო თუნდაც 1 დღე ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გარეშე. თუმცა, მე, როგორც სამოქალაქო აქტივისტი და იურისტი, უამრავ სიკეთესა და ბენეფიტთან ერთად ვხედავ ორ დიდ პრობლემას, რომელიც თან ახლავს უამრავი ადამიანის ერთიან ქსელში მოქცევას. ესენია: ბულინგი და ჭეშმარიტად წარმოჩენილი ცრუ ინფორმაცია, Fake news

ბულინგი - ვგულისხმობ იმას, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი აზრების დაფიქსირება, რაც თავის მხრივ კარგია, თუ ის ეფუძნება ჭეშმარიტ ფაქტებს და არ გადადის ცილისწამებაში. ჩემს გარშემო უამრავმა ჩემმა ტოლმა ახალგაზრდამ, რომელთაც მთელი ცხოვრება ჰქონდათ წინ, ისინი იყვნენ კარგი შვილები, მეგობრები, მოქალაქეები და ალბათ იქნებოდნენ კარგი მშობლებიც, სამწუხაროდ, სიცოცხლე დაასრულეს თვითმკვლელობით. გამოძიება თვითმკვლელობის დროს, როგორც წესი იწყება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 - ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და გამოძიება ძალიან ხშირად შედის ჩიხში, რადგან ძნელია დაიჭირო ათასობით ადამიანი, რომლებმაც ნებით თუ უნებლიეთ, მიიყვანეს პირი აღნიშნულ მდგომარეობამდე.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც, დავუშვათ, გარდაიცვლება A, შემდგომ მის შეყვარებულ B - ს დაიბარებენ დაკითხვაზე მოწმის სახით და სანამ სასამართლო დაადგენს ვინ იყო დამნაშავე, მანამდე ხალხს გამოაქვს წინასწარი დასკვნები და ადამიანს, "ნიუსის" გავრცელებისას, სოც ქსელებში ნათლავენ მკვლელად, არაადამიანად, სადისტად, რაც ფეხქვეშ თელავს ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმცია (ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.), რაც იწვევს წინასწარ, შესაძლოა სრულიად უსაფუძვლოდ, ამ ადამიანების დისკრედიტირებას და ხშირად თვითმკვლელობამდე მიყვანას. თქვენ, ალბათ, უამრავი მსგავსი ფაქტი გაგახსენდებათ, რაც რეალურად მოხდა.

რაც შეეხება ცრუ ინფორმაციებს, ანუ ,,fake news’’- ებს, რომლებიც ხშირად ჩვენი ჩრდილოელი მტრის ჰიბრიდული ომის ნაყოფია და მის პროპაგანდას წარმოადგეს, ისინი ისე ქაოტურად ვრცელდებიან ინტერნეტში და ეცნობა უამრავი ადამიანი და თანაც მხოლოდ “ჰედლაინებს”, რომ ძალიან ძნელია ამ ანკესზე არ წამოეგო და იმპულსურად, აზრი არ დააფიქსირო, რომელსაც შემდგომ ძალიან რთულ შედეგებამდე მივყავართ.

მაგალითად, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების დისკრედიტაცია, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მტრად გამოცხადება, საბჭოთა ნარატივების გაღვივება, მოსახლეობის უმრავლესობის აზრის არასწორად წარმოჩენა, სიცრუის საყოველთაო ჭეშმარიტად აღქმა და სხვა. რეალურად გამოსავალი მარტივია და მდგომარეობს შემდეგში - ნებისმიერი ახალი ამბის წაკითხვისას უნდა გადავამოწმოთ მისი სანდოობა, გავარკვიოთ, ხომ არ არის დეზინფორმაცია, ხომ არ ავნებს ჩვენი ნაჩქარევი დასკვნები  ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უსაფუძვლოდ და ხომ არ დავუნგრევთ ჩვენი სიტყვებით რომელიმე ადამიანს ცხოვრებას. რადგან ისინი კითხულობენ ჩვენს სიტყვებს, რომელნიც სამუდამოდ ილექება მათ მეხსიერებაში.

აი, ამ ყოველივეს გაანალიზების შემდეგ, სურვილისამებრ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. მე და ჩემი ორგანიზაციის, “ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის” წევრები ხშირად ვმართავთ ახალგაზრდებთან შეხვედრებს აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად, თუმცა, ცხადია ეს საკმარისი არაა და ამ პრობლემას უფრო დიდი ყურადღება  სჭირდება. პირველ ეტაპზე მინიმუმ პრობლემის აღიარებაა საჭირო ქვეყნის მასშტაბით, რომ შემდეგ ვიფიქროთ მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებებზე. საბოლოოდ, კი ნუ დაგვავიწყდება, რომ მოვკლავთ ადამიანს იარაღით თუ სიტყვით, შედეგი ერთნაირად სავალალოა.

 

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს.

Read 498 times Last modified on სამშაბათი, 16 ივლისი 2019 09:36

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი