გორიჯვარი და გორიჯვრობა

მარტი 08 2018

თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე ამოზიდულია გორიჯვრის მთა, რომელზეც მდებარეობს უძველესი გორიჯვარის ტაძარი. ჩვენს წინაპრებს IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღუმართავთ ჯვარი, მას შემდეგ იწოდება იგი გორიჯვრად.

ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება.

gorijvari 7

მეორე ეკლესია გვიანი ხანის ნაგებობას წარმოადგენდა. 1920 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი. ტაძარი უწმინდესმა აკურთხა. ტაძრის მოხატულობა შეასრულა მხატვარმა ნოდარ აბრამიშვილმა. გორიჯვრის მიდამოებში სამკურნალო წყალია.

gorijvari 1

 

გორიჯვრის ჯვარი

გორიჯვრის საკურთხევლის ჯვარი ხის მასალისგან არის დამზადებული. შეძერწილია ვერცხლის ოქროცურვილი ფირფიტებით, რომლებზეც ჭედური სურათებია გამოსახული. მათი თანმიმდევრობა შემდეგნაირია: მკლავების გადაჯვარედინების ადგილზე ცენტრალური ხატება ეძღვნება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ხოლო დანარჩენ ნაწილებზე გამოხატულია წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამების კომპოზიციები. თითოეულს თან ახლავს მოკლე განმარტებები ასომთავრული წარწერებით. 

 

gorijvari 2

ცენტრალური ხატების გარდა, ჯვარზე 14 კომპოზიციაა. ბოლოს მოთავსებულია წარწერები, რომელიც მოჭედვის დროინდელია და ასომთავრულითაა შესრულებული. ჯვარს აქვს საბურავი (ქუდი), რომელიც შექმნილია XIII საუკუნეში. წმინდა ნინოს დიდი მონდომებით სამი ხის ჯვარი აღიმართა მცხეთას, თხოთის მთაზე და უჯარმას; ამ ჯვრების მონარჩენი ნაჭრებიდან კი შეიქმნა გორჯვრის ჯვარი (IV ს.-ის I ნახევარი). მეფე ალექსანდრე პირველმა (1390-1442) გორიჯვრის ხის ჯვარი ვერცხლის ფირფიტებით შეამკობინა ჩვენთვის უცნობ ქართველ ოსტატს. XX საუკუნის დასაწყისში ჯვარი ხვდება თავად ამილახვრების კუთვნილ პატარა ეკლესიაში, სადაც იგი იხილა წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა. მისი მონდომებით გორიჯვრის ჯვარი საქართველოს საკუთრება გახდა. იგი ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. მისი გალვანური პირი კი გორიჯვრის აღდგენილი ეკლესიისათვის 1988 წელს დაამზადა ფირმა "ოპიზარმა".

გორიჯვრობა

გორიჯვრობა, წმინდა გიორგის სახელობის დღეობა. იმართებოდა გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიასთან (გორის მახლობლად) გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მლოცველები მოდიოდნენ გორიდან, ატენის, დიდი და მცირე ლიახვის ხეობებიდან, კახეთიდან და სხვა. მოჰყავდათ საკლავი, მოჰქონდათ საზედაშე ღვინო, ასრულებდნენ საწესო რიტუალს. გორიჯვარს ავადმყოფთა განკურნების სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ. ვისაც გორიჯვრის წვერზე, ეკლესიასთან არ შეეძლო ასვლა, ის გორის ძირში მდგომ გორიჯვრის ნიშთან ლოცულობდა. დღეობაზე ბაზრობაც იმართებოდა.

 

gorijvari 5

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი