არაფორმალური განათლების დეფიციტი ახალგაზრდებში

ხალხის ხმა Written by  ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019 08:15 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ დემუროვი

ცოტა მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაშინ როცა ჩემი მეგობრების წრე არ შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ არაფორმალური განათლება არ არის აუცილებელი და მხოლოდ ფორმალური, სკოლის განათლებით იფარგლებიან. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა ყველა ახალგაზრდა ჩემი მეგობარი იყოს და ისინიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ასე არაა და სწორედ ეს მაიძულებს ვწერო ამ საკითხის ირგვლივ.

პირველ რიგში შევეხები იმ თემას, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ბავშვები განებივრებულები არიან მრავალფეროვანი გაკვეთილებით. ნუ, ეს სიტუაციის ბრალიც შეიძლება იყოს. და ჩემო მეგობრებო, მიუხედავად ერთფეროვანი, ზოგადი გაკვეთილებისა, ფორმალური განათლების იქით არაფერი გვაინტერესებს?

რატომ ხდება ასე, ვერ ვიტყვი. ვერ ვიტყვი, რადგან არ მესმის, როგორ შეიძლება იყო ახალგაზრდა და არ გიჩნდებოდეს უამრავი კითხვა, არ ინტერესდებოდე პასუხებით, არ ფიქრობდე შენს მომავალზე, პირად წინსვლასა და წარმატებაზე, არ იყო აქტიური, არ გინდოდეს შენნაირი ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება და იკეტებოდე ყოველდღიურობაში: სკოლა - სახლი, სახლი - სკოლა. შეიძლება შაბათ - კვირაც არ გიხაროდეს იმის გამო, რომ არაფერი გაქვს სკოლის იქით, ან პირიქით გიხაროდეს, რომ ორი დღით მაინც სწყდები ერთფეროვნებას. ის უფრო არ მესმის, როგორ უნდა დაკმაყოფილდე მხოლოდ ზოგადი ცოდნით და იმის იქით რა ხდება, რატომ არ უნდა გაინტერესებდეს?

სკოლა რომ დამთავრდება, მერე რას აპირებ? ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი? რატომ? არ გქონია შეხება არც ერთ პროფესიასთან და ისიც ვერ გადაგიწყვიტავს, რა გინდა? ძალიან სამწუხაროა შენი პასუხი იმ თანატოლების ფონზე, რომლებმაც დელეგატობაც გამოსცადეს, ბიზნესმენობაც, ტრენერობაც, ჟურნალისტობაც, რეჟისორობაც და ვინ იცის, კიდევ რამდენი გამოცდილება მიიღეს. ახლა კი ზუსტად იციან რა უნდათ, რა შეუძლიათ და როგორ უნდა მიაღწიონ მიზნებსა თუ ოცნებებს. ვიცი, გაგიკვირდება, როგორ შეიძლება ერთ დღეს ჟურნალისტი იყო და მეორე დღეს ბიზნეს - ფორუმში მონაწილეობდე. არადა, მართლა ძალიან მარტივია, დამიჯერე. იმდენად მარტივია, რომ იმავე დღეს გაკვეთილების სწავლასაც მოასწრებ.

ჰოდა საიდან? სხვადასხვა კონფერენციებიდან, დებატებიდან, ტრენინგებიდან თუ მოხალისეობიდან.

ვერც  კი წარმოიდგენ, რამდენის მიღწევა შეგიძლია შენც, რამდენი უნარი შეგიძლია აღმოაჩინო და განავითარო საკუთარ თავში. რამდენი სიახლე შეგიძლია დაინახო, რამდენი ინფორმაცია შეგიძლია დაიტიო და გაოცდე, როცა ეს ინფორმაცია საჭირო გახდება დროის გარკვეულ მონაკვეთში. რამდენი შენნაირად მოაზროვნე ადამიანი შეგიძლია იპოვო, დაუმეგობრდე და ყოველდღიურობა გაუზიარო და რაც ყველაზე მთავარია, ვერ წარმოიდგენ, როგორ დაგეხმარება ეს ყველაფერი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, რამხელა ზეგავლენას მოახდენს შენზე და როგორი დადებითი ენერგიით აგავსებს. როგორ გიბიძგებს ცვლილებებისკენ, რა მოტივაციას მოგცემს, რომ შენი თვალით დანახული პრობლემებისთვის გადაჭრის გზების ძიება დაიწყო, რომ იყო ინიციატორი, იყო ახალგაზრდა და გრძნობდე იმ ძალას, რომლითაც შეგიძლია სამყარო შეცვალო.

შესაცვლელი კი ნამდვილად ბევრი გვაქვს, მაგრამ საუკეთესო ვარიანტია ჩვენი თავიდან, ჩვენი აზროვნებიდან დავიწყოთ შეცვალა. დროა ბოლოს და ბოლოს ვირწმუნოთ საკუთარი თავების, გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია, რომ თუ არა ჩვენ, აბა სხვა ვინ!

დროა ვიყოთ ამბიციურები, გაგვაჩნდეს მიზნები და გვინდოდეს ჩვენი ყოველდღიურობით ამ მიზნებისკენ მიმავალ გზას ვამოკლებდეთ. ყოველდღე უფრო წინ ვიყოთ, უფრო წარმატებულები, უფრო მოტივირებულები, უფრო მზად ცხოვრებისთვის.

ვიყოთ მაგალითები სხვისთვის, ჩვენი საქმიანობით სიამაყეს ვიწვევდეთ მშობლებში, მეგობრებსა და გარშემომყოფებში

როცა გავაცნობიერებთ, რომ გვქონდა ბევრი შანსი ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეგვეცვალა, გვქონოდა ბევრი ფერადი, საინტერესო, მიზანმიმართული, პროდუქტიული დღეების ქონის შესაძლებლობა, მერე გვიან იქნება, რადგან როგორც იტყვიან ხოლმე, ახალგაზრდობა მეტჯერ აღარ განმეორდება, კიდევ არ გვექნება დროის დაბრუნების შესაძლებლობა.

მერე არ მინდა ვინანოთ ჩვენი უმოქმედობა და უინტერესობა პირადი განვითარების მიმართ. ჩვენ ბევრი რამ დაგვიტოვეს გასაკეთებელი ჩვენმა ღირსეულმა წინაპრებმა, თუმცა მათ არ ჰქონიათ ის რესურსები, ის სისტემა, რომ არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობისა. ჩვენ კი გვაქვს. ჰოდა რას ველოდებით?

დროა...

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 365 times Last modified on კვირა, 28 ივლისი 2019 08:15

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი