ომის სიმწვავე და შემოქმედება - ნონა კახნიაშვილის ისტორია

Rate this item
(0 votes)

ნონა კახნიაშვილი 1990 წელს ცხინვალში დაიბადა, 1991 წელს მის ოჯახს იძულებით დაატოვინეს სახლი. ისინი დევნილის სტატუსით ქურთაში დასახლდნენ.

"ცხინვალზე მშობლები ხშირად მიყვებოდნენ. იმდენად ხშირად, რომ ჩემს ცნობიერში მოხდა აღქმა, თითქოს მახსოვს იქ ცხოვრების დღეები. ძალიან პატარა ვიყავი ,ცხინვალიდან იძულებით რომ გამოგვასახლეს. სოფელ ქურთაში დავსახლდით. მშვიდი გარემო არც იქ გვქონდა. ხშირად ისმოდა სროლები. ჩემი მშობლები ხშირად საუბრობდნენ ომის დაწყების საშიშროებაზე“, - იხსენებს ნონა კახნიაშვილი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როგორც საქართველოს ბევრი მოქალაქე, ნონას ოჯახიც მეორედ გახდა დევნილი. სოფეელ ქურთაზე საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა. მაშინ ნონა აბიტურიენტი იყო. 

"18 წლის ვიყავი. ივლსიში ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და მოუთმენლად ველოდი გამოცდების შედეგს. 7 აგვისტოს ომი დაიწყო. ვერ ვიჯერებდი. მეგონა, ესეც ერთ-ერთი რიგითი სროლები იყო. არადა, ვხედავდი მოსახლეობა ხეობას ტოვებდა. მასხსოვს მამას მოთხოვნა, რომ სოფელი დაგვეტოვებინა. არცერთი ჩემი ნივთი არ წამომიღია, იმ იმედით, რომ ძალიან მალე დავბრუნდებოდი. თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში მოგვცეს თავშესაფარი. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ის პერიოდი - მენატრებოდა სახლი, ჩემი წიგნები, ნივთები, ფოტოსურათების ალბომი. თითქმის აღარ ვამყარებდი კომუნიკაციას ადამიანებთან. მახსოვს აგვისტოს ბოლოს სიხარულით ატირებულმა დედამ მითხრა, რომ სტუდენტი გავხდი და სახელმწიფო გრანტიც მოვიპოვე. ვერც ამ ამბავმა გამახარა. ყველაფერი სულ ერთი იყო, რადგან მეგონა, ცხოვრება დამთავრდა".

ომით გამოწვეულ ტკივილებთან და სტრესთან გამკლავებაში ნონას დედა დაეხმარა. სწორედ მისი დახმარებით შეძლო საკუთარ თავში იმ უნარის და ინტერესის აღმოჩენა, რომელიც მის ცხოვრებას დღემდე ცვლის. ნონა საკუთარი ხელით სხვადასხვა ნივთებს ქმნის და გამოფენებშიც მონაწილეობს. მის ნამუშევრებს სხვადასხვა გამოფენაზე ხშირად შეხვდებით - თექით, მძივით, და სხვადასხვა აქესესუარებით დამზადებულ ნაკეთობებს მომწონებელი ყოველდღიურად ემატება. 

omi da shemoqmedeba 2

"დედა ცდილობდა, როგორმე მდგომარეობიდან გამოვეყვანე - წიგნებს მყიდულობდა, მთხოვდა ფილმები გვენახა ერთად. ერთ დღეს კი მთხოვა, ხელსაქმეში დავხმარებოდი. მინაზე მძივით ქარგავდა. არ მეხალისებოდა, თუმცა უარი არ მითქვამს. საკმაოდ ლამაზი ნამუშევარი გამომივიდა. შემდეგ თექაზე მუშაობა ვისწავლე და მალე მთელი არსებით გადავერთე შემოქმედებაზე. ვხატავდი, ვქარგავდი, ვმუშაობდი მძივზე. მივხვდი, რომ სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია და ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელი. გადავწყვიტე, რომ წარმატებული უნდა ვყოფილიყავი. დავიწყე უნივერსიტეტში სწავლა, პროექტებს და საგრანტო კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას ოთხჯერ დამიფინანსდა პროექტი. დავიწყე მეფუტკრეობა, დავიწყე ჩემი ხელნაკეთი ნივთების რეალიზება. მოგვიანებით, ჩემი შემოქმედება კულინარიაშიც გადავიტანე და ესეც გახდა ჩემი შემოსავლის წყარო", - გვეუბნება ნონა.

omi da shemoqmedeba 5

ის, საკუთარ ოჯახთან ერთად, ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს და გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში მუშაობს.

Read 2324 times Last modified on ორშაბათი, 08 ივლისი 2019 10:44

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი