სტალინის ძეგლი ახლაც დგას ევროპის ქვეყნებში - მითი და რეალობა

მარტი 06 2018

ხშირად ისმის, რომ სტალინის ძეგლი ისევე უნდა იდგეს საქართველოში, როგორც მუსოლინისა იტალიაში, ხოლო ჰიტლერისა გერმანიაში. „თუკი ევროპის დემოკრატიული ქვეყნებიც კი აფასებენ მათ ისტორიულ როლს, რატომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე საქართველოში?“ ეს არგუმენტი ხშირად გამოიყენება გორსა თუ სხვა ქალაქებში სტალინის ძეგლის აღმართვის მცდელობის გამართლების მიზნით.


სინამდვილეში იტალიაში არ დგას მუსოლინის ძეგლი, ისევე როგორც არც გერმანიაში ჰიტლერისა. იტალიაში მუსოლინის ძეგლების აღება მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე დაიწყეს. ასევე არასწორია ის, თითქოს ჰიტლერის დაბადების ქალაქ ბრაუნაუში არსებობდეს მისი ძეგლი ან ბიუსტი. ბრაუნაუში არის არა ძეგლი, არამედ მემორიალური ქვა, რომელიც არა ჰიტლერს, არამედ ფაშიზმის შედეგად დაღუპულ ადამიანებს ეძღვნებათ. ამ მემორიალურ ქვას ასეთი წარწერა აქვს:

„მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ფაშიზმი აღარასოდეს უნდა განმეორდეს, გვახსენებს მილიონობით დაღუპული." (Für Frieden, Freiheit und Demokratie. Nie wieder Faschismus. Millionen Tote mahnen).


საქართველოს ფარგლებს გარეთ, სტალინის ერთეული ძეგლები შემორჩენილია ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და რუსეთის ფედერაციაში. უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს სტალინის ძეგლების და საბჭოთა სიმბოლოების დემონტაჟი და ეს საქმიანობა მხოლოდ ცენტრალური მთავრობის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში ვერ ხორციელდება.

berlini

სტალინის ძეგლი ბერლინში 1961 წელს აიღეს. 


რაც შეეხება რუსეთს, ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს დაიწყო სტალინის ძველი ძეგლების ხელახლა აღმართვა (იაკუტია, სტავროპოლი, თათარსტანი, მარი, დაღესტანი) და ეს გადაწყვეტილება დაუკავშირეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს. ამ ძეგლების უმეტესობაც სამშენებლო პოლიგონებზე, მიწაშია ნაპოვნი და მხოლოდ ორი მათგანია ახალი.

praga

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტალინის ძეგლი 1962 წელს აიღეს. 


ამჟამად, სტალინის ძეგლები უმეტესად იმ რამდენიმე ქვეყანაშია, სადაც ტოტალიტარულ წარსულს შეფასება არ მისცემია და თანამედროვე მმართველობაც ავტორიტარული ტენდენციის მატარებელია. მუსოლინის ან ჰიტლერის ძეგლს ვერსად შეხვდებით იტალიისა თუ გერმანიის საჯარო სივრცეებში. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები, რომლებიც პატივს სცემენ ადამიანის სიცოცხლეს, ღირსებასა და თავისუფლებას, ამ სივრცეებს არ იყენებენ დიქტატორთა განმადიდებელი ძეგლების აღსამართად.

 

stalinis cheqmebi

1956 წელს, ბუდაპეშტში ანტისაბჭოთა გამოსვლების დროს, დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს სტალინის ძეგლი. დარჩა მხოლოდ ჩექმები. 

 

st

2010 წელს, სტალინის ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან გვიან ღამით აიღეს.

 

 

მასალა მომზადებულია პუბლიკაციაზე "13 მითი სტალინის შესახებ" დაყრდნობით. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი