გიორგი ოქროპირიძე - ყველასთვის ნაცნობი ქუჩის მუსიკოსი გორში

Rate this item
(0 votes)

გორის ცენტრალურ მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან მიახლოებისას მუსიკის ხმას აუცილებლად გაიგებთ. ჩასვლისას კი გიტარით ხელში, ახალგაზრდა ბიჭს დაინახავთ. 

გიორგი ოქროპირიძე 22 წლისაა. გიტარაზე დაკვრა ვიდეო - გაკვეთილებით ისწავლა. წლებია, ყოველ დილით გორში ჩამოდის და მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავს.

"ინტერნეტში ვნახულობდი ვიდეო -გაკვეთილებს და ასე ნელ-ნელა ვისწავლე დაკვრა. მინდა მომავალში საკუთარი ჯგუფი ჩამოვაყალიბო. ძირითადად, ქართულ სიმღერებს ვუკრავ, ჩემი დაწერილი სიმღერებიც მაქვს".

გიორგი სოფელ დისევიდანაა დევნილი. ის ახლა სკრის ჩასახლებაში, დედასთან და ძმებთან ერთად ცხოვრობს.

"ჩვენი ოჯახი წარმოშობით დისევიდანაა, 2008 ომის შემდეგ წამოვედით და სოფელ სკრაში ვცხოვრობთ. მამა სამი წლის წინ გარდაიცვალა, დედა ავადაა, კიბო აქვს. მე და ჩემი სამი ძმა მასთან ერთად ვცხოვრობთ. ოჯახს ქუჩის მუსიკოსობით ვარჩენთ , სხვა სამსახური არ გვაქვს, ერთმა ძმამ ცოლი მოიყვანა და სხვაგან ცხოვრობს".

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა აღარ გააგრძელა. თუმცა მუსიკას დღის უმეტეს ნაწილს უთმობს. 

"მე და ჩემს ძმებს განათლება სკოლის შემდეგ არ მიგვიღია, ჯერ დისევის სკოლაში ვსწავლობდით, შემდეგ სწავლა გორის მე-10 სკოლაში გავაგრძელეთ. სკრის სკოლაშიც ვისწავლე რამდენიმე წელი. ზურაბ მძინარაშვილის წრეზე დავდიოდი".

გიორგი მუსიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ალუდა ქეთელაურის სიმღერები მოისმინა. მის რეპერტუარში მთიულური სიმღერები ჭარბობს. ამბობს, რომ მუსიკა მისთვის ყველაფერია.

"თავიდან მუსიკა არ მაინტერესებდა, შემდეგ ალუდა ქეთელაურის სიმღერებს მოვუსმინე და მანდედან შემიყვარდა მუსიკა და სიმღერა. ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, ქუჩაში ფულის გამო მღერიო? მაგრამ ფული ჩემთვის მთავარი არ არის, მილიონერიც რომ ვიყო და დავინახო ვინმე ქუჩაში მღერის, მეც მივალ და ვიმღერებ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. მოგროვილ თანხას ძირითად ოჯახის საჭიროებებზე ვხარჯავ, სახლში საჭმელზე, კომუნალურ გადასახადებზე, სხვა არაფერში."

თავისი მსმენელებები გიორგის გორში ბევრი ჰყავს. ოცნებობს, რომ დიდ სცენაზე გამოსვლის საშუალება მიეცეს.

"ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, წარმატებას მივაღწიო მუსიკალურ კარიერაში, უფრო ბევრი ადამიანი მიცნობდეს და დიდ სცენაზე გამოსვლის საშუალება მქონდეს. მომავლის იმედი მაქვს, მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება, არამარტო ჩემთვის არამედ ყველასთვის, ვისაც უჭირს, ყველა გაჭირვებულზე გული შემტკივა, იმიტომ რომ ვიცი, რაც არის გაჭირვება."

 

Read 3105 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი