სეტყვისგან დაზარალებულების აქცია - სრული ინფორმაცია

25 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის 30-მდე სოფელი სეტყვამ დააზარალა. მოსახლეობა ზარალის ანაზღუარებას ითხოვს, თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფოს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია.

სტიქიის შემდეგ, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ მერიას სეტყვისგან დაზარალებულების დახმარება არ შეუძლია. აღნიშნულ განცხადებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

სეტყვისგან დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია მერიის წინ 12 საათიდან დაიწყეს.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 2 დღის წინ მომხდარმა სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზიანა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები და გორის სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დატოვა.

ცოტა ხანში, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ავტობანს გადაკეტავდნენ.

მათი თქმით, პროტესტის ამ ფორმით ცდილობენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დაინტერესებას, იმისათვის, რომ კომპენსაციის გაცემაზე დაიწყოს საუბარი.

"აბსოლუტურად ყველა დავრჩით შემოსავლის გარეშე. კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები ვართ, ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. დახმარება გვჭირდება. ვაპირებთ, რომ გადავკეტოთ ავტობანი, რათა ვინმე მაინც გამოგვეხმაუროს და ჩვენი გასაჭირი მიიტანოს გულთან", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მერიიდან აქციის მონაწილეებმა ავტობანზე გადაინაცვლეს. პოლიციის თანამშრომლები ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით შეეცადნენ აქციის მონაწილეებისთვის მაგისტრალის გადაკეტვის საშუალება არ მიეცათ.

რამდენიმე წუთის განმავლობაში, ავტობანზე მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობდა. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს.

ავტობანზე იმყოფებოდა გორის მერიც, რომელმაც აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ 16:00 საათისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდებოდა მათ.

აქციის მონაწილეები კვლავ შეეცადნენ გზის გადაკეტვას. მცდელობას შეხლა-შემოხლა მოჰყვა პოლიციასა და მოსახლეობას შორის, რა დროსაც პოლიციის საქარე მინა დაზიანდა.

ამავე თემაზე: აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანა დააზიანეს

15:00 საათზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ავტობანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა, თუმცა მათთან საუბარი ამ ფორმატში არ ისურვა. შეხვედრა გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დიდ დარბაზში დაანონსდა. მინისტრმა აქციის მონაწილეებს ავტობანის გათავისუფლებისა და იქ მისვლისკენ მოუწოდა.

16:00 საათზე შეხვედრა გორის კულტურის ცენტრში დაიწყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, სეტყვისგან დაზარალებულებს დაპირდა, რომ უშუამდგომლებს აგროკრედიტების გადავადებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გიშუამდგომლებთ, რათა მოხდეს აგროკრედიტების გადავადება. მე მესმის თქვენი პრობლემები, გპირდებით, რომ შუამდგომლობას გაგიწევთ", - განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრის დასასრულს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი თქმით, ისინი ხელისუფლებისგან დახმარების მზაობას ვერ ხედავენ.

ამავე თემაზე: აღარ გვსურს თქვენი მოსმენა - დაზარალებულებმა მინისტრთან შეხვედრა დატოვეს

"აღარ გვინდა თქვენი მოსმენა. პრემიების ფული ხომ კარგად გაქვთ და გაიძახით ვერ დაგეხმარებითო. ჩვენ მივდივართ", - განაცხადეს დაზარალებულებმა.

კონკრეტული გამოსავალი მინისტრმა დაზარალებულებს ვერ შესთავაზა. იგი მხოლოდ დაპირებით შემოიფარგლა, რომ ხვალ შეხვდება გუბერნატორს და ერთად იმსჯელებენ გამოსავალზე.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 371 times Last modified on მაისი 27 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი