პრობლემები სასკოლო ცხოვრებაში

ხალხის ხმა Written by  პარასკევი, 10 მაისი 2019 09:15 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნანა ტერმაკოზაშვილი, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი

სასკოლო ცხოვრებაში ბევრი პრობლემა არსებობს. ამ პრობლემათა დიდი ნაწილი საერთოა მთელი ქვეყნის სასკოლო სისტემისთვის. მათ იდენტიფიცირებასა და მოგვარებაზე ზრუნავენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები.

მე უფრო ისეთ პრობლემებს შევეხები, რომელსაც სხვა, თუნდაც ის სახელმწიფო იყოს, ვერ მოგვიგვარებს, თუ ჩვენ არ მოვინდომეთ. ასეთი პრობლემები, ძირითადად, ურთიერთობებს ეხება. ურთიერთობა თემსა და სკოლას შორის, მშობლებსა და სკოლას შორის, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ან თვითონ მოსწავლეებს შორის, ბუნებრივია, ვერ იქნება მხოლოდ ერთი საუბრის თემა. მით უფრო ვერ იქნება ეს ერთი საუბარი პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯი.

მაგრამ მგონია, რომ ამ თემებზე უნდა ვსაუბრობდეთ, უნდა ვაღიარებდეთ პრობლემებს და ვმსჯელობდეთ მათი გადაჭრის გზებზე სკოლის შიგნითაც და საჯაროდაც. უნდა ვსაუბრობდეთ, მაგალითად იმაზე, თუ როგორი ნაკლებია მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. მშობლებს/მეურვეებს აქვთ ბერკეტი, სამეურვეო საბჭოს სახით, რომ ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში, მიიღონ მონაწილეობა მის მართვაში. მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ მათ უდიდეს ნაწილს ურჩევნია, უშედეგოდ ისაუბროს სკოლის მოუგვარებელ პრობლემაზე მეზობლებთან, მეგობრებთან, სოციალურ ქსელში, ვიდრე იყოს აქტიური მშობელი, მიიღოს მონაწილეობა სამეურვეო საბჭოს არჩევნებში და აირჩიოს მშობლების წარმომადგენელი ან თვითონ გახდეს რჩეული მშობელთა მხრიდან. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება ინფორმაციის ნაკლებობის ბრალიც იყოს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ მიმდინარე წელი სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნების წელია.

ზოგადად, მშობლებს ვთხოვ, ნუ დარჩებიან შორიდან მაყურებელ მაკრიტიკებლებად. თუ რაიმე არ მოსწონთ სკოლაში, დაელაპარაკონ დირექციას კეთილგანწყობილი მოდარაჯის და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან. სკოლების დირექციებსაც ვთხოვ, მაქსიმალურად უზრუნველყონ მშობელთა საზოგადოების ინფორმირებულობა მათი უფლება-მოვალეობების შესახებ.

სკოლაში მთავარი მაინც სწავლა-სწავლების ორი უმთავრესი მონაწილეა - მოსწავლე და მასწავლებელი. მათ შორის ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობის გარეშე სკოლა თავის მისიას ვერ შეასრულებს. გვაქვს კი ასეთი ურთიერთობები სკოლებში? თუ თავს არ მოვიტყუებთ, მთლად თავის მოსაწონებლად საქმე ნამდვილად არ გვაქვს. სამწუხაროდ, ხშირია გაუცხოება მასწავლებელსა და მოსწავლეს, სკოლასა და მოსწავლეს შორის. ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი განაპირობებს.

საინტერესო, მიმზიდველი სასკოლო ცხოვრების შექმნა მთელი სასკოლო საზოგადოების - დირექციის, მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის მხრიდან მონდომებას და აქტიურობას მოითხოვს. გამორიცხულია, ამათგან მხოლოდ ერთმა, რომელიმემ, დანარჩენების გარეშე, შეძლოს სრულყოფილი სასკოლო გარემოს შექმნა. მოსწავლე უნდა ხედავდეს, რომ მისი მშობელი ენდობა მის სკოლას, მის მასწავლებლებს. პრობლემის შემთხვევაში ცდილობს სკოლის დირექციასთან სწორი კომუნიკაციით მოაგვაროს ეს პრობლემა. თავის მხრივ, მშობელი უნდა ხედავდეს, რომ მის შვილს უხარია სკოლაში წასვლა, რადგან იქ საინტერესო გაკვეთილები და კეთილგანწყობილი გარემო ელოდება. მასწავლებელი უნდა ახერხებდეს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, უამრავი ინფორმაციის წყაროს ხელმისაწვდომობის ფონზე, მაინც იყოს საინტერესო მოსწავლისთვის. ეს არის ურთულესი მისია, რომლის განხორციელება მხოლოდ მოტივირებულ, ენერგიულ, თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანს შეუძლია. ასეთი პედაგოგები ნამდვილად გვყავს ჩვენს სკოლებში და მე მადლობას ვუხდი ყოველ მათგანს საკუთარი თავისა და მოსწავლეთა განვითარებისთვის დახარჯული დროისა და ენერგიისთვის. თუმცა ვისურვებდი, სწორედ მათნაირები ქმნიდნენ ჩვენი სასკოლო განათლების საერთო სურათს.

სასკოლო განათლებაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევას მრავალმხრივი ძალისხმევა სჭირდება და ჩვენ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა, უნდა გავაცნობიეროთ, ჩვენი ძალისხმევა როგორ მოვახმაროთ ამ საერთო საქმეს.

 


მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

Read 2409 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი