გოგონა, რომელმაც ემიგრანტი მშობლების დასაბრუნებლად საკუთარი ბიზნესი წამოიწყო

Rate this item
(0 votes)

17 წლის გოგონამ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ფიქრობს, რომ მშობლები მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან, თუ ის ფინანსურად დამოუკიდებელი იქნება. ამიტომ მშობლებისგან გამოგზავნილი ფულით ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა.

"მინდა, რომ ჩემი მშობლები დაბრუნდნენ ემიგრაციიდან. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც მე ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიქნები. ამიტომ გადავწყვიტე საოჯახო ბიზნესი წამომეწყო", - გვეუბნება ანნა.

ანნა ჭეჭელაშვილი მალე საკუთარ სილამაზის სალონს გახსნის. კომბინატის დასახლებაში მან ფართი უკვე შეიძინა და გაარემონტა.

"სულ მალე კომბინატის დასახლებაში ფუნქციონირებას დაიწყებს ძალიან კარგი სილამაზის სალონი "კრისტალი“. ფართი უკვე შევიძინეთ და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც თითქმის ბოლომდეა მიყვანილი", - ამბობს ანნა.

17 წლის ანნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ცხოვრობს. მისი მშობლები თითქმის 3 წელია ემიგრაციაში იმყოფებიან. ანა ფიქრობს, რომ მშობლები მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან, თუ ის ფინანსურად დამოუკიდებელი იქნება. ამიტომ მშობლებისგან გამოგზავნილი ფულით ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა.

"ჩემი ოჯახის კეთილდღეობისათვის დედას და მამას ემიგრაციაში წასვლამ ძალიან დამაფიქრა. როდესაც პირველი გზავნილი ჩამერიცხა, მივხვდი , რომ მხოლოდ ფული არ არის ბედნიერებისათვის საჭირო. მივხვდი, რომ ძალიან მენატრებოდა მათთან ცხოვრება და მათი წასვლის პასუხისმგებლობა მეც მეკისრებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ის ფული არ დამეხარჯა, შემეგროვებინა და ოჯახური ბიზნესი დამეწყო", - გვითხრა ანნამ.

ანნას იდეა მისი ოჯახის წევრებმაც მოიწონეს. თანხაც დაუმატეს და სილამაზის სალონისთვის ფართი ერთად იყიდეს.

"ცხადია, ჩემი შეგროვილი ფული ჩემი გეგმის სრულად განხორციელებისათვის არ მეყოფოდა. გარკვეული თანხის შეგროვების შემდეგ მათაც გავუმხილე ჩემი გეგმა. მთელი ოჯახი მხარში დამიდგა მიზნის მიღწევისათვის. დედამ და მამამ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ფინანსური პრობლემები არ შემქმნოდა".

ანნა ჭეჭელაშვილი სოფელ კარალეთის სკოლაში, XI კლასის მოსწავლეა. სწავლის გაგრძელება მას საჯარო მმართველობის განხრით სურს. 

"ბიზნესის კეთება არ არის ჩემი სამომავლო მიზანი, ის მხოლოდ მშობლების დაბრუნებას ემსახურება. ჩემი სამომავლო მიზანი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაა. მაქსიმალურად ვცდილობ, სკოლაში კარგი შედეგები მქონდეს, ახალი სასწავლო წლიდან კი ოჯახი მიხედავს ჩემს დაწყებულ ბიზნესს. მე კი მთელს დროს ეროვნული გამოცდებისთვის სწავლას დავუთმობ“, - ამბობს ანნა.

Read 11341 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი