აწმყოს და მომავლის გარეშე

წერილები Written by  შაბათი, 24 თებერვალი 2018 10:00 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი:  გიორგი მუზაშვილი

ოველ ბავშვს აქვს უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისთვის.

 

- ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 27

(საქართველოში ძალაშია 1994 წლიდან)

ვის არ უნდა, მისი დღე პოზიტიურად დაიწყოს და ასევე დამთავრდეს? მაინცდამაინც რთული არაა, დღე პოზიტივით დაიწყო. ამისთვის ისიც საკმარისია, დილით რომ გაიღვიძებ, გაიღიმო და თქვა - „რა მშვენიერია ცხოვრება!“. თუმცა, რაოდენ „კარგი ცხოვრებაც“ არ უნდა გქონდეთ, დღის განმავლობაში ეს სიტყვები ერთხელ მაინც დაგაეჭვებთ.

აი, დილით გაიღვიძე, ეს სიტყვებიც თქვი და ღიმილიც დააყოლე, მერე ეს ღიმილი სამსახურშიც წაიყოლე, მაგრამ გზად ისეთ რამეს ხედავ, სახეზევე რომ გეყინება ის. აზრი არ აქვს, ზაფხულია თუ ზამთარი, ტანში უჩვეულო სიცივეს გრძნობ, თვალს არიდებ მასაც და რეალობასაც. შენ მსგავსად იქცევა ათობით, ასობით და ათასობით ადამიანი. ისინიც ჩაივლიან მის წინ; ზოგი ზიზღით შეხედავს და ამრეზით აუვლის გვერდს, ზოგი შეცოდებით და კვლავ გააგრძელებს გზას, ზოგი საერთოდ არ შეიმჩნევს მის არსებობას. არიან ისეთებიც, წამიერად რომ შეხედავს და სასწრაფოდ მოიჩხრიკავს ჯიბეს ხურდა ფულის ძიებაში.

მოკლედ, მოწყალების მთხოვნელი ადამიანის დანახვა ადამიანებში სხვადასხვაგვარ რეაქციას იწვევს. სხვა შემთხვევაა მოწყალების მთხოვნელი ბავშვის დანახვა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში - ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვის დანახვა, რომელსაც მშობელს მიხუტებულს სძინავს სიცივესა და ქარში, წვიმასა და თოვლში. 

მაშინ, როდესაც თქვენი თანატოლები, თქვენი შვილები, თქვენი შვილიშვილები სკოლაში დადიან, თბილი სახლით და ყოველდღიური კვებით არიან უზრუნვენყოფილნი, „მომავალი თაობის“ მეორე ნაწილი ქუჩის არცთუ მყუდრო კედლებსაა მიფარებული, კეთილი ადამიანების მოლოდინში.

ვისი მოვალეობაა, დაიცვას არასრულწლოვნების უფლებები ჩვენს ქვეყანაში? სამოქალაქო კოდექსი მშობლებს აკისრებს ვალდებულებას, ბავშვის უფლებათა კონვენცია კი - სახელმწიფოს. მშობლებს სახსრები არ აძლევს მოვალეობის შესრულების საშუალებას, სახელმწიფოს კი..?  ფაქტია ერთია და შეუვალი- ბავშვის უფლებები უხეშად ირღვევა, ამ სიტუაციის გამოსწორებაზე კი არავინ ზრუნავს...

მოდი, ვისაუბროთ პრობლემის გადაჭრის გზებზე: გადაჭრის გზად ნამდვილად ვერ ჩაითვლება ის, რასაც სამოქალაქო კოდექსი გულისხმობს ასეთ სიტუაციებთან მიმართებაში (მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებსბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.), რადგან ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვის განვითარებაზე საზოგადოებასთან ერთად უდიდეს გავლენას სწორედ ოჯახი ახდენს. იშვიათია, რომელიმე ოჯახს ან მშობელს სურდეს საკუთარ შვილს ასე მოექცეს, შესაძლოა, ბევრისთვის ეს უკანასკნელი ზომაა შვილის გადასარჩენად, ასე რომ, შევთანხმდეთ-  მშობლის უფლების ჩამორთმევა სარგებელს არცერთ მხარეს არ მოუტანს.

მიზეზების ძიებას ისევ იმ პრობლემამდე მივყავართ, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს - უმუშევრობა. გამოსავალი არა მიზერული თანხის გადახდა, არამედ ოჯახის მინიმუმ ერთი წევრის დასაქმებაა, რომელიც თვიდან თვემდე გამოიმუშავებს საარსებოდ საკმარის თანხას და შეძლებს ბავშვის ბედის შეცვლას- მის დაბრუნებას ქუჩიდან თბილ სახლში და სკოლაში.

გახსოვდეთ, ეს სწორედ ის თაობაა, რომელზეც იმედებს ამყარებთ, რომელიც შეეცდება ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას, ამიტომ ნუ გაუნადგურებთ მათ აწმყოს!

Read 1460 times Last modified on შაბათი, 24 თებერვალი 2018 10:11

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი