სოფელი - სივრცე, რომელსაც ახალგაზრდები ტოვებენ

ხალხის ხმა Written by  ორშაბათი, 01 აპრილი 2019 11:41 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ანა სანიკიძე, ფხვენისის საჯარო სკოლის მასწავლებელი

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ისეთ მტკივნეულ საკითხზე, რომელიც სოფლებიდან მოსახლეობის გადინებას ეხება.

იქნებ ეს პრობლემა ჩემთვისაც შეუმჩნეველი დარჩენილიყო, სოფლის სკოლაში რომ არ ვასწავლიდე.

დღითიდღე იზრდება მიგრაცია ქალაქისკენ და სოფელი სუსტდება. მიგრაციის ასეთი დინამიკა ჩვენი ქვეყნისთვის არასახარბიელო და საფრთხის შემცველია. სოფელი ხომ ის ადგილია, სადაც იქმნება ჩვენი ქვეყნის დოვლათი, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია.

მოგეხსენებათ, სოფელში ცხოვრება საკმაოდ მძიმე ფიზიკურ შრომასთანაა დაკავშირებული და ამას ზედ ემატება რიგი სოციალური პრობლემები. სწორედ ამიტომ ჩვენი სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს მოსახლეობაში სოფლად ცხოვრების მოტივაციის ამაღლებაზე. 

სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს კიდეც სოფლის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, მაგრამ მე, როგორც მასწავლებელმა, მინდა იმ კონკრეტულ პრობლემებზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც სოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობას უკავშირდება და ვფიქრობ, მათი მოგვარება შესაძლებელია ადგილობრივი ხელისუფლების მიერაც.

ყველასათვის ცნობილია, რომ ყველა მშობლის სურვილია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი შვილების კეთილდღეობას. კომფორტულ საცხოვრებელ გარემოსთან ერთად მისცეს მას მრავალმხრივი განვითარების საშუალება. ხშირად ამ მიზეზითაც ტოვებენ სოფელს ახლგაზრდა ოჯახები, ცდილობენ დაუახლოვდნენ ქალაქს, სადაც მეტი სერვისია ხელმისაწვდომი.

უფრო გასაგებად რომ ავხსნა, ბავშვს, რომელიც ცხოვრობს სოფლად, განვითარებისათვის მხოლოდ სკოლის სარბიელი აქვს.

ის მოკლებულია ადგილზე, სოფელშივე, გააკეთოს არჩევანი და მოსინჯოს ძალები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, იაროს ცეკვაზე, ხატვაზე, მუსიკასა თუ სხვა სახელოვნებო წრეებში.

ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მოზარდებს უწევთ სიარული ქალაქად. მანძილი, დრო, ფინანსები იმდენად დიდ ბარიერს ქმნის, რომ მხოლოდ ერთეული ოჯახები თუ ახერხებენ ხელშეწყობას, დანარჩენები კი თავს არასრულფასოვნად გრძნობენ.

მოსწავლეებს უჭირთ ყოველდღიურად სოფლის ტრანსპორტის საფასურის გადახდა, არ არსებობს ოფიციალური შეღავათი. ისინი, უფრო ხშირად, მძღოლებს მხოლოდ მადლობას უხდიან. მძღოლებსაც უჭირთ ბავშვებისათვის უარის თქმა და წლების მანძილზე ასე სამადლოდ ემსახურებიან.

სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში გამოჩნდებიან ხოლმე გულანთებული პროფესიონალები, რომელთაც სურვილი აქვთ გახსნან წრეები სკოლის ფართში. აფორმებენ კიდეც შესაბამის ხელშეკრულებებს, მაგრამ მოსწავლეთა მცირე კონტიგენტისა და მოსახლეობის შეჭირვების გამო, სამწუხაროდ, ასეთი მცდელობები ყოველთვის დროებითია და ხანმოკლე. დამქირავებელი ვერ ინტერესდება, ვერ იღებს სათანადო ანაზღაურებას და ტოვებს სოფელს. აქაც, ვფიქრობ, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოინახოს სახსრები და ხელი შეეწყოს მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარებას. ბოლო დროს კიდეც გაჟღერდა სახელმწიფოს მიერ, რომ სოფლის სკოლები უნდა გაძლიერდეს და კულტურული ცენტრის ფუნქცია იტვირთოს, რაც უდაოდ მისასალმებელია.

მცირერიცხოვანი კლასების გამო ჭირს მოსწვალეთა გაყვანა შემეცნებით ექსკურსიებზე. ტრანსპორტის დაქირავებისა და სხვა ხარჯებისათვის სახსრების მობილიზება თითქმის შეუძლებელი ხდება. მოსწავლეთა განვითარებისათვის კი ასეთ ღონისძიებებს შეუცვლელი როლი აკისრია.

მინდა პარალელი გავავლო, როგორც ყველა მასწავლებელი უნდა ფლობდეს ისეთ ეფექტურ მეთოდებს, რომელიც ბავშვებს შეუქმნის სწავლისადმი დადებით დამოკიდებულებას, შეაყვარებს საგანს და დაანახვებს მის მნიშვნელობასა და სარგებელს, ისე სახლმწიფო უნდა ზრუნავდეს, შეიმუშაოს ისეთი სტრატეგიები, რომელიც აამაღლებს სოფლად ცხოვრების მოტივაციასა და სარგებელს.

ხშირად დამისვამს კითხვა ჩემი პატარა მოსწავლეებისთვის, რატომ უნდა ისწავლონ კარგად? და არაერთისგან მიმიღია პასუხი: იმიტომ, რომ თუ კარგად ისწავლიან, აღარ მოუწევთ სოფელში შრომა და იცხოვრებენ ქალაქში; ანდა იმიტომ, რომ თუ არ ისწავლიან, მენახირეები გამოვლენ. მე ხშირად კრიტიკულად განმიხილავს მათთან ეს საკითხები და მიდგომები, როგორც სოფლიდან გადასახლების შესახებ, ისე იმაზე, არის თუ არა სოფლად შრომა და მწყემსობა სათაკილო.

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ჩემს სათქმელს ასე შევაჯამებ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს გააძლიეროს სოფელი, სოფლად ცხოვრება და შრომა გახადოს საპატიო და სარგებლიანი.

ვფიქრობ, როცა მოსახლეობა სახელმწიფოს მხარდაჭერას, შეღავათებსა და ზრუნვასა შეიგრძნობს, სოფლიდან მოსახლეობის გადინების პრობლემა მოგვარდება. ადგილობრივებს ნაკლებად ექნებათ გადასახლების სურვილი, უფრო მეტიც, ბევრი ოჯახი მოუბრუნდება კიდეც მამაპაპეულ სახლ-კარს.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 744 times Last modified on ორშაბათი, 01 აპრილი 2019 13:42

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი