გორელი მასწავლებლები, რომლებიც ემიგრანტებს სკაიპით ქართულს ასწავლიან

Rate this item
(0 votes)

გორელი მასწავლებლები ნანა ლომიძე და ნინო მღებრიშვილი ქართველ ემიგრანტებს სკაიპით ქართულ ენას ასწავლიან. ორივე მათგანი განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა სახლის ერთობლივი პროექტისთვის კონკურსის გზით შეარჩიეს.

ისინი საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ქართულ ენასთან ერთად, ქვეყნის ისტორიას და გეოგრაფიასაც ასწავლიან.

"ჩვენი მიზანია იმ ბავშვებს, რომლებიც ახლა საქართველოში არ ცხოვრობენ, დავეხმაროთ ქართული ენის სწავლაში, რათა მათ სამშბლოში დაბრუნებისას, არ ქონდეთ ენობრივი ბარიერი და სურვილის შემთხვევაში, შეძლონ აქ სწავლის გაგრძელება, დასაქმება და საზოგადოებასთან ურთიერთობა", - გვითხრა ნანა ლომიძემ.

ის მერვე საჯარო სკოლის პედაგოგია. ამ სკოლაშიც ნანა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

"ემიგრანტი ბავშვებისთვის სკაიპით ქართული ენის სწავლება კლასიკური საგაკვეთილო პროცესისგან ძალიან განსხვავდება. ემიგრანტ ბავშვებთან ურთიერთობისას, არსებობს საფრთხე, რომ თუ მათ შენი გაკვეთილი არ მოეწონათ, გამორთონ ჩართვა და აღარასოდეს ისურვონ სწავლის გაგრძელება. ამიტომ მუდმივად გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვმა სწავლის პროცესში თავი კომფორტულად იგრძნოს და სასწავლო თემატიკა მისთვის საინტერესო იყოს", - გვიხსნის მასწავლებელი.

ის ამჟამად ონლაინ გაკვეთილებს 18 ემიგრანტ ბავშვს უტარებს.

საგაკვეთიკო პროცესი სკაიპი მასწი

"18 ბავშვი მყავს. ჯგუფებად არიან დაყოფილები და კვირის განმავლობაში, ორ დღეს გვაქვს გაკვეთილები. თითო 30 წუთამდე გრძელდება", - გვეუბნება ნანა.

ბავშვები, რომლებიც ერთ ჯგუფში არიან, სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში ცხოვრობენ. ეს პროექტი კი მათ ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებაშიც ეხმარება.

"ამ ბავშვებმა ერთმანეთი ამ პროექტის ფარგლებში გაიცნეს. ზოგიერთი მათგანი საქართველოშიც იყო ჩამოსული და პირადადაც შემხვდნენ. სასიხარულოა ის ამბავი, რომ ისინი საკუთარ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში".

პროექტისთვის ბავშვების შერჩევაში აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო. შეიქმნა სპეციალური ბმული, რომლითაც პროექტში ჩართვის მსურველები რეგიტრაციას გადიდონენ.

"მშობლებს არაფრის გადახდა არ უწევთ იმისთვის, რომ მათმა შვილმა ქართული ენა ისწავლოს. ჩემი ბავშვებიდან ზოგს დედაც და მამაც ქართველი ჰყავს, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა ერთ-ერთი მშობელი ქართველი არ არის".

პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი მასწავლებლები ემიგრანტ ბავშვებს ქართულ ენას ასწავლიან, 2017 წელს დაიწყო. ამ დროისთვის, პროექტში 30-მდე მასწავლებელია ჩართული და მათი დახმარებით, ქართული ენის სწავლა ემიგრაციაში მყოფ ყველა იმ ბავშვს შეუძლია, ვისაც 5 წელი უკვე შეუსრულდა.

Read 1251 times Last modified on ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 17:44

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი