21 თებერვალი და გორელი ქალი, ვინც კონსტიტუციის შემუშავებაში მონაწილეობდა

თებერვალი 21 2018

1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცდა საქართველოს პირველი თანამედროვე კონსტიტუცია. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო. 

კონსტიტუციის შემუშავება სამი წელი გრძელდებოდა, თუმცა დამტკიცების მიუხედავად, მან თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა - ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მხოლოდ ოთხი დღე მოქმედებდა. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა — ქართული; საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად.

1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით.

კონსტიტუცია აცხადებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს. ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით. გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. ამას მთლიანად მეთოთხმეტე თავი ეძღვნება, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალურ-ეკონომიური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით, მისი დედაენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა; ყველას აქვს უფლება წეროს, ბეჭდოს და ილაპარაკოს დედაენაზე.

 

Georgien Parlament Unabhängigkeit

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახეწლმწიფოებრიობის განვითარებაში. მართალია, მას რეალურად არც ერთი დღე არ უმოქმედია, თუმცა იგი მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი აღდენა ორჯერ სცადეს 1990-იან წლებში. პირველად 1992 წლის 21 თებერვალს, როდესაც იგი საქართველოს სამხედრო საბჭომ აღადგინა, თუმცა მან მხოლოდ სამი დღე იმოქმედა. მეორე მცდელობა იყო 1993 წელს, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დაევალა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება, მაგრამ არც ამჯერად მოხერხდა მისი აღდგენა — მის ნაცვლად მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც დაეყრდნო 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.

 

 ანა - პირველი პარლამენტარი ქალი მეჯვრისხევიდან

ანა-სოლოღაშვილი

 

ერთ-ერთი, ვინც კონტუტუციის დამტკიცებაში მონაწილეობდა ანა (ოლა) სოლოღაშვილი იყო. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ანა (ოლა) სოლოღაშვილი 1882 წელს, მეჯვრისხევში დაიბადა. ის ხარკოვის უნივერსიტეტში, ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. 

1903 წლიდან ანა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი იყო.

„1912 წელს ვიყავ დატუსაღებული და გადაცემული სამხედრო-საოლქო სასამართლოზე არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ პროპაგანდა-აგიტაციის გაწევისთვის. სასამართლომ ბრალდება დაუმტკიცებლად სცნო“, - წერდა საკუთარ ბიოგრაფიაში სოლოღაშვილი. 

ანა 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, რომელიც საქართველოდ დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაზე მუშაობდა. 

ანამ 1918 წელს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც საქართველო გახდა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკურ ფორმად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა.

აქტის მიხედვით, საქართველო საერთაშორისო ომიანობაში აცხადებდა ნეიტრალიტეტს. მას სურდა საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილების დამყარება, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა. იგი განვითარების თავისუფალ ასპარეზს უხსნიდა მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს გაუძღვებოდა ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნებოდა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელი იქნებოდა საბჭოს წინაშე.

DRG act of independence 1918

ანა 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო. 1919 წელს ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, სოციალ-დემოკრატების სიით. ანა საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი იყო.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ის ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება. 1925 წლიდან კი პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო.  

1937 წელს, შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ ანა დააპატიმრა. ამავე წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და „შოვინისტური“ განწყობების, ასევე „მენშევიკთა“ ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს უმაღლესი სასჯელი - დახვრეტა - მიუსაჯა.

ანა (ოლა) სოლოღაშვილი 1937 წელს დახვრიტეს.  

 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი