21-ე საუკუნე და ჩვენი რეალობა

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნანა ედიშერაშვილი, გორის მერვე საჯარო სკოლის დირექტორი

21-ე საუკუნესთან ერთად, მსოფლიომ თვალი გაუსწორა ახალ რეალობას, ციფრულმა ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ საოცარი ტრანსფორმაცია მოახდინა ნებისმიერ სფეროში და რაც დრო გადის, მით უფრო სწრაფი პროგრესიით ვრცელდება ეს ცვლილებები. ეს აისახება სოციუმზეც, საზოგადოება იცვლება გარემოს მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ უდიდესი გამოწვევების წინაშე ვართ _ ის პროფესიები, რომლებიც ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ იყო მოთხოვნადი, დღეისათვის არარელევანტურია, ხოლო დღეს არსებული პრეფესიები 10-15 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა.

გავა კიდევ 10 წელი და ჩვენ არ ვიცით, რა მოთხოვნებს დაგვიყენებს ხვალინდელი დღე. მსოფლიო გამუდმებით იცვლება!.. იმ სამუშაო პოზიციის დიდი ნაწილი, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობა დაიკავებს, ჯერ არც კი არსებობს. მათ მოუწევთ მოძებნონ გამოსავალი იმ პრობლემებიდან, რომლებიც ჯერ არც კი წამოჭრილა. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი იქნებიან ის ადამიანები, რომელთაც ექნებათ განვითარებული პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლობის, კომუნიკაციის, ციფრული ტექნილოგიების გამოყენების, თანამშრომლობის, ლიდერული, თვითგანვითარების და სხვა უნარები.

ჯერ კიდევ 2011 წელს კორპორაცია „ინტელმა“ ჩაატარა კვლევა, თუ რა უნარ-ჩვევებით არჩევენ ადამიანურ რესურსებს წამყვანი ფირმები და ორგანიზაციები. ზუსტად აქედან დაიწყო მოძრაობა, რომელსაც „XXI საუკუნის უნარები” უწოდეს.
საინტერესოა, თუ ჩვენ სად ვართ ამ რეალობაში, რა ეტაპზეა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ქმნის ამ საზოგადოებას. სამწუხაროდ ის, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნების რიგშია, კიდევ მეტი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. ამას ამძაფრებს კონფლიქტური ზონები და წართმეული ტერიტორიები, მოსახლეობისა და ქვეყნის მასშტაბის სიმცირე, პოლიტიკური არამდგრადობა, ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა და განათლების დაბალი დონე, სტერეოტიპული აზროვნება. დღეს ყველა აღიარებს, რომ საზოგადოების სამჭედლო სკოლაა. რამდენად მზადაა დღეს ჩვენი სკოლა, რომ 21-ე საუკუნის უნარები განუვითაროს მოსწავლეს? ვინ აკვირდება და აფასებს ამ უნარებს? თვით მოსწავლე, ან მისი მშობელი თუ აანალიზებს ამ უნარების მნიშვნელობას?

 

 დღეს საქართველოს განათლების სისტემაში დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები, სკოლები უდიდესი გამოწვევების წინაშე დგანან და ეს გამოწვევა სწორედ 21- საუკუნის უნარების განვითარებაა. იმისათვის, რომ ეს უნარები განუვითარდეთ მოსწავლეებს საჭიროა საზოგადოების, მასწავლებლის, მშობლის და თვით მოსწავლის დამოკიდებულებების შეცვლა. საჭიროა ინტერაქტიური სასწავლო პროცესები, კეთებით სწავლა, პრობლემაზე და კვლევაზე ორიენტირებული სწავლება, სასწავლო და სოციალური საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ისტ ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება და სხვა. ამ ყველაფრის განხორციელება კი ძლიერ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, კომპეტენტურ პერსონალსა და დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საატესტატო გამოცდების გაუქმება. სასკოლო საზოგადოება ორიენტირებული იყო ამ ტიპის გამოცდების ჩაბარებაზე. აღნიშნული გამოცდები კი ვერანაირად ვერ მოდის შესაბამისობაში 21-ე საუკუნის უნარებთან.

დამტკიცდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ზუსტად ამ უნარების განვითარებასა და პირობისეულ-ფუნქციური ცოდნის გააქტიურებას მოითხოვს მოსწავლისგან.

ჩვენს ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათასწლეული გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა შესანიშნავი პროექტი, რომელის მიზანიც იყო მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა, მოსწავლეებში STEM უნარების განვითარება და ამ გზით ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა.

დღეს რეფორმის ფარგლებში დაინერგება „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც სკოლის ლიდერების პროფესიულ განვითარებას, სკოლის ორგანიზაციული მართვის თანამშრომლობით გაძლიერებას, სწავლის ხარისხის გაზრდას, თანამედროვე ინოვაციური მიდგომების, ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს. 2023 წლამდე რეფორმა ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას მოიცავს. განათლების ფონდის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტში 6%-მდე გაიზრდება.

მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში აქტიურად იყოს ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობაც. მუნიციპალიტეტებმა აუცილებლად უნდა გაზარდონ ბიუჯეტში თანხები განათლების პროგრამების გაძლიერების მიმართულებით და ეს პროგრამები უნდა ითვალისწინებდნენ ადგილობრივი შრომის ბაზრის ტენდენციებსა და მოთხოვნებს. აუცილებელია მინიციპალიტეტებმა ხელი შეუწყონ ახალგაზრდებს 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში. საჭიროა განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის სასწავლო და სოციალური პროექტები. ხელი შეეწყოს მუნიციპალიტეტში არსებულ პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში რეგიონალური საჭიროებების შესაბამისი პროგრამების დანერგვას. ასევე, მნიშვნელოვანია ისტ ტექნოლოგიების სწავლების წახალისება. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს არ აქვს ცენტრი, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობა ტექნოლოგიების უახლეს ტენდენციებს გაეცნობოდა, რობოტექნიკასა და პროგრამირებას დაეუფლებოდა, სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების გამოყენებას მოსინჯავდა. მაგალითად, ტექნოპარკს ავაშენებდი ახალბაღის ტერიტორიაზე თავისი საკონფერენციო სივრცეებითა და უახლესი ციფრული მოწყობილობებით, 3დ პრინტერებით, ჭკვიანი დაფებით, ლეგოების ნაკრებებით... დავაფინანსებდი შესაბამისი წრეების მუშაობას, სტარტაპერების პრეზენტაციებს, გამოგონებებს... მერწმუნეთ, შეიძლება ნებისმიერი ახალგაზრდის, მოსწავლის სახით ჩვენ გვყავს ბილ გეითსზე, ნიკოლა ტესლაზე, მარკ ცუკერბერგზე, პატ-რი¬ცია უორ¬ცზე მეტად შემოქმედებითად მოაზროვნე ბავშვები და უბრალოდ, ვერ შევუქმენით შესაფერისი გარემო, რომ მათი პოტენციალი გამოვლენილიყო.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 297 times Last modified on ორშაბათი, 25 მარტი 2019 12:02

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი