გორელებისთვის ჩამორთმეული პიანინოების და როიალების ისტორია

მარტი 04 2019

საბჭოთა ხელისუფლების დროს, კერძო საკუთრებები არაერთ ოჯახს ჩამოართვეს. რადიო „მოზაიკა“ ამჯერად გთავაზობთ, საბჭოთა კავშირის დროს გორელებისთვის ჩამორთმეული პიანინოების და როალების რამდენიმე ისტორიას. 

როიალი ჩამოართვეს მოქალაქე რაზმაძეს, - ამის შესახებ გორის სამაზარო აღმასკომის პრეზიდიუმის 1922 წლის #12 ოქმიდან ვიგებთ. 

ოქმში წერია: 

"როიალი, რომელიც იყო ჩამორთმეული გადატრიალების პირველ ხანებში მოქალაქე რაზმაძისგან და რომელიც დაუბრუნდა მას ამა წლის აპრილის თვეში, თანახმად მისი განცხადებისა შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატისადმი და ზემოთხსენებული კომისარიატის მოწერილობისა, როგორც საჭირო მისი შვილების სასწავლებლად, ჩამოერთვა მას, ვინაიდან თანახმად მისივე განცხადებისა ამა წლის მაისის თარიღით, როიალი დადგა მან რესტორანში დასაკრავად.

მიეცეს იგი პასუხისგებაში, რადგანაც შეცდომაში შეიყვანა შინაგანს საქმეთა სახალხო კომისარიატი და სამაზრო აღმასკომი". 

1922-1923 წლების ოქმებიდან ვიგებთ, რომ როალი ჩამოართვეს მოქალაქე ცერცვაძესაც, რომელმაც მოგვიანებით მისი დაბრუნება ითხოვა, თუმცა თხოვნა არ დაუკმაყოფილეს. კუთვნილი მუსიკალური ინსტრუმენტის დაბრუნებაზე უარი უთხრეს მოქალაქე ივანე არჩუაძესაც - მას პიანინო ჩამოართვეს. 

ამავე წლების დოკუმენტაციით, შინაგან საქმეთა სამმართველოს განყოფილების შუამდგომლობით პიანინო ჩამოართვეს მოქალაქე გლურჯიძესაც. 

ბრძანების ოქმში წერია: 

"ჩამორთმეული იქნას საერთო წესით და გადაეცეს მეორე შრომის სკოლას".

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად მეორე შრომის სკოლა ერთ-ერთი მოქალაქისთვის, გვარად ამირალოვისთვის, ჩამორთმეულ სახლში იყო გახსნილი. 

 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი