სუხიშვილები მეჯვრისხევში - გვარის ისტორია

გაიხსენე ისტორია Written by  ორშაბათი, 11 თებერვალი 2019 10:27 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

250 წლის წინ იმერელი გლეხების, სუხიშვილების პატარა ჯგუფები ქართლში გადმოვიდნენ. ეს ჯგუფი ორად გაიყო - ერთი ნაწილი მეჯვრისხევში დასახლდა.

 

გადმოცემის თანახმად, მეჯვრისხევში ბიძაშვილები გიგეგლი და დათუკი სუხიშვილები დასახლებულან, რომლებიც კონა ერისთავის სასახლის მეზობლად ცხოვროდნენ.

1800 წელს სუხიშვილებმა მეჯუდის პირას მიწები იყიდეს. ამ გვარის შთამომავლები ახლაც ამ უბანში ცხოვრობენ და თავისი საგვარეულო სამარხი აქვთ.

სუხიშვილების მეჯვრისხეველი წინაპრები საკმაოდ შეძლებული გლეხები იყვნენ. მათ საგვარეულო არქივში დიდ ხანს ინახებოდა რუსეთის იმპერატორის ბეჭდიანი ქაღალდი, რომელშიც ეწერა, რომ სუხიშვილებს ყმობისაგან თავი გამოსყიდული ჰქონდათ.

ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, გიორგი სუხიშვილმა ადგილობრივი მემამულე ზაალ ჩიკოიძისგან ადგილ-მამული იყიდა. ეს ადგილი სუხიშვილებმა საგულდაგულოდ შემოსაზღვრეს, საწნახელი ააშენეს, საგვარეულო სამარხიც გამოყვეს და საცხოვრებლად მეჯუდისპირი აირჩიეს. საჩხერის სოფელ ჩიხადან, სადაც ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ, სალოცავი სამების საყდრის კედლიდან ერთი ქვა წამოიღეს, მეჯვრისხევში ჩამოიტანეს და ნიში ააგეს.

ეს საქმე ბიძაშვილებმა, თომა და ივანე სუხიშვილებმა ითავეს, რომლებიც 1818 წლის კამერალურ აღწერაში არიან მოხსენიებულნი.

ივანესა და თომა სუხიშვილის საფლავის ქვები დროთა განმავლობაში დაიკარგა, ხოლო ივანეს შვილის - ქრისტეფორეს საფლავის ქვაზე გარკვევით წერია:

“აქა მდებარე ლოდსა ქვეშ ვარ ქიტესა ივანეს ძე სუხიევი გარდავიცვალე 1892 წელს 70 წლისა“.

ცნობილი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი ილია სუხიშვილის უმცროსი ვაჟი იყო. ილიკოს მამა არ უნახავს, რადგან მის დაბადებამდე 1906 წელს თბილისში ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

დღეს სუხიშვილების უფროსი თაობის წარმომადგენლების ნაწილი განათლების სფეროში მოღვაწეობს, ნაწილი კი ტრადიციულად სოფლის მეურნეობას მისდევს.

ამავე თემაზე: ილიკო სუხიშვილი და მეჯვრისხევში გატარებული ბავშვობა

ილია მაისურაძის ნაშრომის, “ქართული გვარსახელების“ მიხედვით, სუხიშვილი განმარტებულია, როგორც საკუთარი სახელი “სუხა“ -დან წარმომდგარი და გვარები სუხიაშვილი, სუხიშვილი და სუხიტაშვილი ამავე ძირიდან არის წარმოქმნილი.

Read 489 times Last modified on ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 18:22

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი