გამოცდილება, რომელსაც მხოლოდ ახალი გარემო გაძლევს

ადამიანური ისტორიები Written by  ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018 08:45 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

   ავტორი: მარიამ გიგაშვილი

ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 11 წლის ვიყავი. სკოლაში გერმანულის სწავლა დავიწყე და გადავწყვიტე, სკოლის დამთავრების შემდეგ აუცილებლად გერმანიაში წავსულიყავი. წლები გადიოდა და აზრს არ ვიცვლიდი. 17 – 18 წლის ასაკში სკოლაში შევწყვიტე გერმანულის სწავლა და რატომღაც  ეს იდეაც დავივიწყე. გავხდი სტუდენტი, დავდიოდი ჩვეულებრივად უნივერსიტეტში. სულ ვწუწუნებდი, რომ არაფერი საინტერესო არ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მეორე კურსზე ვიყავი ჩემმა მეგობარმა რომ მითხრა გერმანიაში ვაპირებ წასვლას და შენც წამოდი, აქ რას აკეთებ და რა პერსპექტივა გაქვსო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურს ან იშოვი ან არა და  თუ იშოვე, კი იცი, რომ ის ხელფასი, რაც უნდა გქონდეს ვერაფერს გაგიხდებაო. რომ დავფიქრდი, ყველაფერი რეალური იყო. გავიხსენე ბავშვობის დროინდელი ოცნებაც და  უკვე განხორციელებას შევუდექი.

პირველ რიგში გერმანულზე დავიწყე სიარული. დაახლოებით 3 თვეში უკვე გოეთეს გამოცდა ჩავაბარე,  ვიპოვე მასპინძელი ოჯახი და მივიღე ვიზაც. როდესაც რეგისტრაციას გავდიოდი, ზუსტად მაშინ გავაანალიზე, რომ აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე. 

უკვე 7 თვეა  au-pair პროგრამით ვარ გერმანიაში. ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ არ მიჭირს და ყველაფერს იოლად ვეგუები.  ყოველ დილით  06:00 საათზე ვიღვიძებ, 06: 15 წუთზე სამზარეულოში ვარ და ბავშვებისთვის ჩაის ვამზადებ. ზუსტად 06:30 ზე ორივე ბავშვს ვაღვიძებ. ამის შემდეგ ვიწყებ სკოლაში გასატანებელი lunch box –ების მზადებას.  07:20 წუთზე მოდის სკოლის ავტობუსი და როცა ბავშვები მიდიან,  შემიძლია, მეც გავემზადო სკოლაში წასასვლელად. მთელი დღის მანძილზე ყველაზე სასიამოვნო პერიოდი, სწორედ სკოლაში ყოფნის პერიოდია. გაკვეთილების დასრულებისთანავე მიწევს სახლში დაბრუნება. ბავშვების დაბრუნებამდე, რაც მოსაწესრიგებელია, ვაწესრიგებ და ვიწყებ სადილის მომზადებას. სადილის შემდეგ უმეტესად მაქვს რამდენიმე საათი თავისუფალი დრო. შემდეგ  ვახშამია მოსამზადებელი, სამზარეულოს ხან მარტო ხან ოჯახის წევრებთან ერთად ვალაგებ და დღეც სრულდება. 

უკვე აღვნიშნე, რომ არც ისე იოლად ვეგუები უცხო გარემოს. შესაძლოა, ჩემი დღის განრიგიდან გამომდინარე, იფიქროს ვინმემ, რა არის მანდ შეუგუებელიო. ადამიანი როგორ კარგ პირობებშიც არ უნდა ცხოვრობდეს, სრულიად უცხო ოჯახთან ერთად, დამერწმუნეთ არაა მარტივი.  საქართველოში ყოფნის დროს, როდესაც ამავე პროგრამით წამოსული ახალგაზრდებისგან წუწუნს ვისმენდი ან ვიგებდი რომ უკან დაბრუნდნენ, ვბრაზობდი და სულ იმას გავიძახოდი აქედან რომ წავიდე, უკან რაღა ჩამომიყვანს-მეთქი, მაგრამ არც ისე ცოტახანში დავიწყე მეც წუწუნი. მქონდა პერიოდი, როდესაც უკან წამოსვლაზეც ვფიქროდი, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი ოჯახის და მეგობრების დახმარებით გადავლახე ის  სისუსტე და ახალი შემართებით გავაგრძელე გერმანიაში მოღვაწეობა.

ამ წელს ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ეს არ იყო პირველი ახალი წელი საქართველოდან შორს, მაგრამ იყო  პირველი ჩემი ოჯახის გარეშე. ასევე იყო პირველი სრულიად განსხვავებული  დაბადებისდღე. გერმანიაში ახალ წელზე მეტად შობას აღნიშნავენ.  საშობაოდ სახლის მორთვა 2 კვირით ადრე დავიწყეთ, ხოლო  საშობაო ვახშმისთვის 2 დღით ადრე.  12 საათამდე ყველამ დავალაგეთ საშობაო  საჩუქრები ნაძვისხის ქვეშ. შემდეგ იყო ვახშამი და ზუსტად 12 საათზე ყველაზე სასიამოვნო მომენტი  - ყველა კუთვნილ საჩუქარს იღებდა. საჩუქრების განაწილების შემდეგ ერთობლივი გადაწყვეტილებით, ვუყურეთ თემატურ ფილმს და მხოლოდ ამის შემდეგ წავედით დასაძინებლად. შემდეგი რამდენიმე დღე ისევ იგრძნობოდა შობის განწყობა. რაც შეეხება ახალ წელს, ჩემმა მასპინძელმა ოჯახმა სამი დღით გამანთავისუფლა და ჰანოვერში, მეგობრებთან წასვლის უფლება მომცა. ახალი წლის შემდეგ კი ისევ ჩვეულებრივ რუტინას დავუბრუნდი.

7 თვეში  3 მასპინძელი ოჯახი გამოვიცვალე. ამ ყველაფერში კი დადებითი მხოლოდ ისაა , რომ მომიწია სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრება.  თავიდან ბერლინთან ახლოს, შპრემბერგში ვცხორობდი.  შემდეგ დუსელდორფთან, დორმაგენში, შემდეგ პადერბორნში და ახლა ჰერდეკეში, დორტმუნდთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ. საქართველოდან რომ მოვდიოდი, ვამბობდი, არავითარ შემთხვევაში ოჯახს არ გამოვიცვლი-მეთქი, მაგრამ ყველაფერი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რა შეიძლებოდა  მომხდარიყო, რეალობის წინაშე რომ აღმოვჩნდი, გამიჭირდა ამ თუ იმ დაბრკოლებების გადალახვა. Au-pair პროგრამას 5 თვეში ვამთავრებ. სამომავლო გეგმები ჯერ ჩემთვისაც უცნობია. რა თქმა უნდა, მაქვს რამდენიმე ვარიანტი, რის გაკეთებასაც ვაპირებ, მაგრამ მირჩევნია ჯერ ჩემთვის „შევინახო“ . 

მინდა  ვისარგებლო შანსით და მადლობა გადავუხადო რუსუდან ელბაქიძეს. ის დამეხმარა გერმანიაში წამოვსულიყავი. აქ ყოფნის დროს კი სულ გვერდში მიდგას და მეხმარება პრობლემების გადაჭრაში. ასევე მეგი (მეგან)  ფორჩხიძეს - ამ ადამიანმა დამაჯერა, რომ დედამიწაზეც არიან ანგელოზები. მან მე, მისთვის სრულაიდ უცნობი ადამიანი, შემიფარა და ყველანაირად მხარში დამიდგა მაშინ, როდეაც ალბათ ყველაზე მეტად მიჭირდა გერმანიაში ყოფნა. და რა თქმა უნდა, ჩემს უსაყვარლეს დედიკოს, სწორედ მისი ხათრითაა, დღეს რომ აქ ვარ და ვცდილობ თავი დავიმკვიდრო. 

Read 1687 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი