მამარდაშვილი - კომუნისტური პარტიის წევრი ვარ და არ ვესწრები ეროვნული ფრონტის კრებებს

თებერვალი 02 2018

თუ რატომ არ დატოვა მერაბ მამარდაშვილმა კომუნისტური პარტია, ამის შესახებ გორელმა ფილოსოფოსმა ფრანგ ჟურნალისტს, ანნ შევალიეს მის ბოლო ინტერვიუში უთხრა (ინტერვიუ ჩაიწერა 1990 წლის 20 აგვისტოს)

"ჩემი პარტიაში ყოფნა პოლიტიკური აქტი არ არის და ვერც ჩემს პარტბილეთს მივანიჭებ პოლიტიკურ ფუნქციას. არ ვთვლი საჭიროდ, ეს ავუხსნა იმ ადამიანებს, ვინც პარტბილეთები გადაყარა. არ მაღელვებს, რას ფიქრობენ ჩემზე. არსებობს გარე და შიდა პარტიულობა. ენაც ორია – შიდა პარტიისთვის და გარე პარტიისთვის. თუ შენ შიდა პარტიას არ ეკუთვნი, პოლიტიკური აზრით, შენ სულაც არ ხარ პარტიის წევრი.
ახლა პარტიიდან გამოსვლა ნიშნავს, პოლიტიკური მნიშვნელობა მივანიჭო იმას, რაც არასდროს ყოფილა. პარტიულობა რაღაც სოციალური დაზღვევის მსგავსი იყო მაშინ. ამიტომ შევედი. ჩემი იქ შესვლა თავისებური სამუშაო მაგიდის მომზადება იყო, რადგან ფილოსოფიურ ჟურნალებთან თანამშრომლობას ვაპირებდი. ფილოსოფოსის საქმიანობა ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო, თანამშრომლობა კი – პარტბილეთის გარეშე. სულაც არ ვჩივი, ეს ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილა და არც პარტიის აცრემლებულ მსხვერპლად მომაქვს თავი.
მე ქართველი ვარ, ფილოსოფოსი. სიყმაწვილიდან შინაგან ემიგრაციაში ვიმყოფები. კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო ჯაშუში. წარმატებული ჯაშუშური საქმიანობისთვის, და არცთუ იშვიათად ეს შემოქმედებისთვის აუცილებელი პირობაა, ძალიან ჰგავდე გარშემო მყოფებს. ფლობერი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ის მეშჩანია (ფილისტერი), რაც მას აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევს ლიტერატურულ მოღვაწეობაში. დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანის მანტიის ტარებას მეტისმეტად ბევრი ენერგია მიაქვს. შეიძლება ჰიპი გახდეთ, მაგრამ ამის უკან პრიმიტიული აზროვნება იმალება. რამდენი დრო უნდა დახარჯო სარკის წინ, რომ ასეთი გაწეწილი გამოიყურებოდე. დარჩე შეუმჩნეველი და არ დაკარგო თავისუფლება: ეს იმდენად რთული ამოცანაა, მთელი სასიცოცხლო ძალები სჭირდება და თეატრალური ჟესტებისთვის ენერგია არ რჩება. მე პირადად თეატრალურობისკენ მიდრეკილი არ ვარ." 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი