მოგონებები თოვლიან და ოკუპირებულ დისევზე

წერილები Written by  ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018 12:31 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ოქროპირიძე

 

1990 წლის დეკემბრის თვე იყო. ეს ომის პერიოდია. ცხინვალიდან  ახალი გამოსულები ვიყავით  და რაღაც დროის მანძილე ბებოს სახლში 3 ოჯახს ერთად გვიწევდა ცხოვრება. მახსოვს განწყობა მქონდა ძალიან მძიმე, მენატრებოდა ჩემი ქალაქი, სახლი, სკოლა, მაგრამ ვხვდებოდი, რაღაც საშინელება ხდებოდა და ვერასოდეს ვერ დავბრუნდებოდით იქ, სადაც ლამაზი ბავშობა მაკავშირებდა. ოჯახში შფოთავდა და  ნერვიულობდა ყველა, დაწყებული ოჯახის უფროსიდან დამთავრებული უმცროსით. ამ დროს განწყობას მიმძიმებდა ის გარემოებაც, რომ ახალ გარემოს. სკოლას  უნდა შევგუებოდი დისევში. ვგრძნობდი, ჩემს შიგნით ვიღაც პრინციპულად უარყოფდა ახალ გარემოს.

1990 წელს  დისევის საშუალო სკოლა იყო სოფლის შუაგულში, სადაც მიწევდა სიარული. მოგვიანებით აშენდა დიდი და მართლაც ლამაზი  საჯარო სკოლა, სოფლის განაპირას.

განსაკუთრებით მახსოვს სოფელში გადმოსვლის დღეები ძალიან. დიდი თოვლი მოვიდა იმ წელს, ქალაქ ცხინვალში ამხელა თოვლი არ მენახა არასდროს. სოფლის გზები გაუვალი გახდა, დიდთოვლობის გამო ორღობეები და ზოგადად, დისევი  ზღაპრულად  იყო გადათოვლილი, ახლა  მულტფილმებში თუ მინახავს მსგავსი სილამაზე. განსაკუთრებით უხდებოდა დისევს  ყველა სეზონი, მთა და ბარი, ქოჩორა ტყეები ისე ალამაზებდა სოფელს, მხატვარს გაუჭირდებოდა დახატვა.

შუადღით დედამ სკოლაში წასასვლელად მომაწესრიგა და  როგორც შუადღის სმენა გავემართე სკოლაში. ხასიათი ისევ დამძიმებული მქონდა, მარტო წავედი სკოლაში. მომწონდა მარტო სიარული - ფიქრში ხელს არაფერი მიშლიდა, მივაკვლევდი თოვლს და ვფიქრობდი ალბათ მალე მოგვარდება ყველაფერი და რომ გამოიამინდებს წავალ ცხინვალში. ამ ფიქრებით მივადექი სკოლას. კლასში უმრავლესობა ჩემი მოგვარე და ბიძაშვილები იყვნენ. როგორც ახალმისული სულ თავიდან  ცალკე ყოფნა მინდოდა, მაგრამ კლასმა ძალიან თბილად მიმიღო. ძალიან თბილები და მუდამ ცელქები იყვნენ. შესვენებებზე სკოლის ეზოში ვგუნდაობდით და კლასში ღუმელთან ვიკრიბებოდით ყველანი. ბევრჯერ დამვიწყებია მათი იუმორის და სიცელქის ამბებზე სიცილისგან ჩემი სევდიანი ფიქრები. მასწავლებლები გამორჩეული მზრუნველობით გვეპყრობოდნენ.

მისვლის დღიდან კლასში განსაკუთრებით დავახლოვდი ჩემს უთბილეს და უსაყვარლეს მეგობარ ნაიკო შევარდენიძეს, რომელიც მუდამ მაცილებდა სახლამდე. თან ვსაუბრობდით, ერთმანეთს უკეთ ვეცნობოდით. ჩვენი მეგობრობა მომავალში უფრო გაღრმავდა.

განსაკუთრებით ლამაზად მახსენდება სკოლიდან წამოსვლის პერიოდი. შინ ვბრუნდებოდით ყიჟინით, ცურაობით და გუნდაობით. ვინც დაეცემოდა, ვეხმარებოდით წამოდგომაში და ისევ გუნდაობის მარათონს ვაწყობდით. სავალ გზებზე საცურაო იყო დაგებული და სოფლის ახალგაზრდობა და დამსვენებლები დღის მეორე ნახევრიდან შუაღამემდე სრიალებდნენ. შინ სულ სველი დავბრუნდი.

ოჯახში კი ასეთი სიტუაცია მხვდებოდა, აგიზგიზებულიყო ღუმელი, უზომო სიცხე ტრიალებდა მთელ სახლში, ბებო შეშას ეზიდებოდა ამარაგებდა, აშრობდა სველ შეშას. ამ დროს დედა და ბიცოლა სადილს ამზადებდა; ბაბუა ნიჩბით გზას კვალავდა;  ბებო ფერმისკენ მიდიოდა, რომ მოევლო. ბაბუა შემცივნული ხელებით შემოვიდოდა, გაითბობდა ხელებს და ისევ გადიოდა თოვლის გასაკვალად. მამა და ბიძა მუშაობდნენ და გვიან ბრუნდებოდნენ. გვიან ყველა იკრიბებოდა ოჯახში, გაიშლებოდა მაგიდა  და ერთად ვვახშმობდით. უფროსები გეგმავდნენ მომდევნო დღის სამუშოს. დედა დავალებებს გვაწერინებდა და გვეხმარებოდა  გაკვეთილების მომზადებაში. მე ვცდილობდი, მალე მოვრჩენილიყავი, რომ გარეთ გავპარვოდი საცურაოდ.

disevi

საღამოს ჩვენ დიდ ეზოს  ქუჩის ლამპიონი ანათებდა. ბაბუა დაგვეხმარა და საცურაო დაგვიგო. საღამოობით მე და ჩემი დაიკოები, ასევე მთელი უბნის ბავშვები, ჩვენი სახლის  ზემოთ მინდვრის გორაკებზე დაგებული საცურაოზე ვიკრიბებოდით საცურაოდ.

კარგად მახსოვს, როგორ ცურაობდნენ ჩემი დაიკოები და სხვა ბავშვები ციგით და მე მიწევდა მოცდა მათთვის, როდის მომცემდნენ ციგას. ამ დროს  ბაბუამ დამიძახა და სახლის სახურავიდან გადმომიღო შენახული სასრიალო თხილამურები. მომცა და ამიხსნა, როგორ უნდა მეცურავა, მაგრამ პირველად ვხედავდი. ვიფიქრე, იქნებ გამომივიდეს და ვიცურავო-თქო. დავავლე ხელი და წავედი საცურაო გორაკისკენ. დიდი სიამაყით დავდექი თხილამურებზე და სრიალის დროს თავს ძლივს ვიკავებდი, თუმცა ამ მთის ფერდობზე დაგებულ საცურაოზე ჩემი სრიალი წარმატებული ვერ გამოდგა. შუა გზაზე მისული გადმოვეკიდე ამ თხილამურებზე, ძლივს გადმომხსნეს,  მხიალური სიცილი და ყიჟინა აყრუებდა იქაურობას. ასე დამთავრდა ჩემის სრიალი, მას მერეც არ ვეშვებოდი, ცოტა  რაღაც მაინც გამომდიოდა, თუნდაც ის, რომ იქ მყოფებში მხირულებას ვიწვევდი, ჩემი სასაცილო თხილამურებით.

დაახლოებით ღამის 2-3 საათამდე ცურაობდნენ ბავშვები. ბავშვებს უერთდებოდნენ მოზარდი ახალგაზრდებიც. ეს პროცესი გვავიწყებდა ბავშვებს ომის  დიდ ტკივილს.

ასე გრძელდებოდა 2008 წლამდე დისევში ზამთარი და  ზაფხული განსაკუთრებით ლამაზი და ხმაურიანი იყო, სოფელი ივსებოდა დამსვენებლებით. 2008 წლის აგვისტოს ომმა კი ოკუპანტების წყალობით საქართველოს სხვა ლამაზ სოფლებთან ერთად, ჩემი ულამაზესი სოფელი დისევიც  ოკუპირებულ ტერიტორიად აქციეს.  ამის შემდეგ ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს ბავშვობა და წარსულის მოგონებები მომტაცეს. 

 

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 2805 times Last modified on ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018 12:43

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი