გერმანელი ტყვეები გორში

იანვარი 30 2018

1943 წლის იანვარში, სამთვიანი ალყისა და ბრძოლით განცდილი დანაკარგების შემდეგ პაულიუსის მეექვსე არმია საბჭოთა ჯარებს დანებდა. მესამე რაიხის ათასობით ტყვე ჯარისკაცი საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის სხვადასხვა რესპუბლიკებში გადაანაწილა. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველო იყო. გერმანელი ტყვეების საკმაოდ დიდი ნაკადი გორშიც ჩამოიყვანეს. "სამოთხეში მოვხვდით", -ასე მიულოცეს ტყვეებმა  ერთმანეთს. 

გერმანელები ძირითადად სამშენებლო სამუშაოებით ჰყავდათ დაკავებულნი. მათი აშენებულია ის სახლები, რომლებიც ახლაც შესანიშნავად გამოიყურებიან "კომბინატისა" და "ელექტროფიკაციის" დასახლებაში.

goris koshkebiani tufis binebi

გორის კულტურის და დასვენების პარკის მოწესრიგებაში გერმანელ ტყვეებს არცთუ მცირე წვლილი აქვთ შეტანილი. მათ შეცვალეს ხის მესერი რკინის ღობით. ძველ გორელებს ალბათ ახსოვთ ძველი ხიდის ბოლოდან პარკამდე არსებული სანაპირო თავისი უმშვენიერესი ლამპიონებით. მათ მიერ აიგო ე.წ. "ბრანდერბურგის ჭიშკრის" მსგავსი არქიტექტურული ძეგლი კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელში. პარკის გამწვანებაზეც არაერთი ტყვე ჯარისკაცი მუშაობდა.

"გერმანელების აშენებულია გორის სტადიონიც", - ამბობს გორელი გოგი დალაქიშვილი. მანამდე სტადიონის ფუნქციას ტრიალი მინდორი ასრულებდა. რაღა თქმა უნდა ტრიბუნების და სკამების გარეშე. მაშინდელი, მათ მიერ აშენებული სტადიონის მოცულობა სავსებით აკმაყოფილებდა ქალაქის მოთხოვნებს. რეკონსტრუქციის საჭიროება 1965-70 წლებში გაჩნდა, როდესაც გორის მოსახლეობა გაციულებით გაიზარდა. კარგად მახსოვს მწყობრით მიმავალი გერმანელი ტყვეები-იხსენებს დალაქიშვილი.

goris stadioni

ბევრისათვის უცნობია, მაგრამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე #2 საბავშვო ბაღის შენობაც გერმანელ ტყვეთა მიერაა აშენებული. ამ უნიკალურ შენობაში დღეს გორის მერიის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული. ეს შენობა 1948 წელს აშენდა და 100 ბავშვზე იყო გათვლილი. საბავშვო ბაღის გარშემო გაშენებული მწვანე კორომიც გერმანელ ტყვეთა სახელს უკავშირდება.

"გერმანელ ტყვეთა მიერაა აშნებული მეორე საბავშვო ბაღი", - ამბობს მუზეუმის თანამშრომელი მარიამ უთნელიშვილი. ნაგებობა კლდის ქვითაა ნაგები. მაღალი საინჟინრო ოსტატობით და გათბობის უნივერსალული სისტემით. ღობეც კი საიმედოდ დგას და ერთგვარ სამუზეუმო ექსპონანტს წარმოადგენს. 

უნივერსალული საკანალიზაციო სისტემა მოეწყო ტერიტორიაზე. შენობის ეზოში დღესაც ხარობენ გერმანელების დარგული ფიჭვები. უნდა ვთქვათ, რომ ტყვეებს ზედამხედველობას არაქართული წარმომავლობის ბადრაგი უწევდა და სისასტიკითაც გამოირჩეოდნენ. გერმანელები მუშაობისას წუთითაც არ ჩერდებოდნენ და შრომის პროცესშიც ღისეულად ეჭირათ თავი-ამბობს უთნელიშვილი.

გერმანელ ტყვეთა მოკირწყლულია ყოფილი კიროვის (ამჟამინდელი რობაქიძის), ორჯონიკიძის (ამჟამინდელი გორიჯვრის) და ლენინის (ამჟამინდელი სამეფოს) ქუჩები. გორის ადმინისტრაციული შენობის ირგვლივ განთავსებული ეზო - მიდამოც. დღეს მათი შრომის დიდი ნაწილი ასფალტმა დაფარა.

გორელი რიჩარდ გუდიანაშვილი იხსნებს, რომ ტყვე გერმანელები მდინარე მეჯუდას ნაპირსამაგრი სამუშაოებითაც იყვნენ დაკავებულნი. ბეტონის ვეება დამბები მათ მიერ მოეწყო. სამუშაო მძიმე ჰქონდათ. საკვები კი ძალიან მცირე.

"მიუხედავად ზედამხედველების სისასტიკე-სიფხიზლისა, მაინც ვახერხებდით მათთვის საკვების მიცემას. ომში შვილმკვდარი დედებიც კი ზრუნავდნენ მათზე და ლუკმას უყოფდნენ. არ დამავიწყდება ერთი ჯარისკაცი, რომელმაც ფანერისაგან დამზადებული თვითმფრინავი და მექანიკური კაცუნა მაჩუქა".

დასასრულ, აი რას იხსენებს მესამე რაიხის ყოფილი ჯარისკაცი ფრანც ლოიო, რომელსაც გორში მოუწია მუშაობამ:

"გახარებულნი ვიყავით, რომ ასეთი უფროსი გვყავდა. უაღრესად თავაზიანი და მუდამ დახმარებისათვის მზადმყოფნი. მამას შეეძლო ისე განელაგებინა სამუშაო ობიექტები, რომ შეგვძლებოდა სამოქალაქო ვითარებაში აქეთ-იქით სიარული და ჩვენთვის რაიმეს მოძიება. ამას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა. ამით შეგვეძლო საკვების გაუმჯობესება. შეუდარებელი იყო." 

 

მასალა მომზადებულია პუბლიკაციის "მესამე რაიხის ტყვე ჯარისკაცები გორში" მიხედვით. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი