მსჯავრდებულის დედის ჩანაწერები

წერილები Written by  კვირა, 26 აგვისტო 2018 09:42 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

    ავტორი: ელენე ნადიბაძე

- დედიი, როგორ დავაჟკაცებულხარ. ფეხის წვერებზე ავიწიე (სხვანაირად ვერ მივწვდი, ისე გაზრდილა). ყველა ნაკვთი შევუმოწმე სახეზე და დავუკოცნე...

                                                                                         

იცი, რა მახსოვს?  შენი ეშმაკური გამოხედვა, დიდი ლამაზი თვალებით და ჩაიღიმებდი...  გულში ვფიქრობდი, ნეტა რა დააშავა, უკვე, ან აპირებს...ეჰ, რამდენი წელია აღარაფერი გვაქვს ერთად გასახსენებელი?  უფრო სწორად, რამდენი ახალი წელი...  

-''არ იტირო!  მხოლოდ შვიდი ახალი წელი'' - მომაძახე.  არც მიტირია! ზოგჯერ კი ვტირი, ცოტას, დღესასწაულებზე, ოღონდ მარტო. და, რა დარჩა? სამი ახალი წელი. ' 'ჩამეხუტე დეეე!'' კიი დეე... მაშინდელივით არ გავქვავდები და ჩაგეხუტები, ძალიან..!

მოვდივარ, ერთი სული მაქვს, შენამდე სავალი გზა როდის გაილევა... ორი წელი და კიდე მეტი! პატარა დრო არ არის, რაც არ მინახიხარ... უფრო ბევრი, უერთმანეთოდ! ნეტა როგორი გახდი? ჩემი, ძალიან გადარეული. რამდენი სათქმელი დამიგროვდა...

​ავფორიაქდი... იმედი მაქვს, ერთმანეთის ენას უწინდებურად გავიგებთ... ოოოხ! როგორ ჩაგეხუტები, როგოორ...  მე ხომ მოვდივარ? მერე შენი ჯერია.  კარის გაღებამდე, მეზობლის ღობიდან გადმომხედე (როგორც იცოდი), რომ შემოხვალ, კარი დააბრახუნე (ისევ ბრახუნობს), მაგრამ აღარ გაგიბრაზდები, ბავშვებს სძინავთ-თქო, გაიზარდნენ არყოფნაში. გრძელი ეზო გამოიარე და მითხარი "დეე, მოვედი“!

გვერდზეც კი არ გამიხედავს, წინ ვიყურები და ვასუსტებ შენამდე მოსასვლელ გზას. ფიქრებმა წამიღო. შენი ბავშვობა გამახსენდა... ხან გეფერე, ხან გისაყვედურე, დავუბრუნდი რეალობას.

მე-17 დაწესებულება! მოვედი... ცრემლებს ძლივს ვიკავებ. რატომ უნდა მოდიოდნენ დედები აქ, რატოომ?! რატომ ვერ ხვდებიან შვილები, რომ მშობლისთვის ყველაზე დიდი სასჯელი შვილის ტკივილამდე მონატრებაა. თან, თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა შ ე ზ ღ უ დ უ ლ ი შვილის!!!

გრძელი დერეფანი გავიარე. წინ ზედამხედველი მიმიძღვის. შეჩერდა.

-დაგველოდეთ- მითხრა და მძიმე კარს იქით გაუჩინარდა...

ლოდინი არ გინდა??? თვლა დავიწყე- ერთი, ორი, სამი... კარი გაიღო.

- "გამომყევით“! ეზოში შევედით და გისოსებში ჩასმულ კოტეჯს მივუახლოვდით. მეგონა, გული ამომვარდებოდა. ოთახის კარი ვიღაცამ კი არ გააღო, გამოგლიჯა და ჩემ წინ აღმოჩნდა.

 ჩემი კრეჭია, ჩემი დახატული...

-დედიი, როგორ დავაჟკაცებულხარ. - ფეხის წვერებზე ავიწიე (სხვანაირად ვერ მივწვდი, ისე გაზრდილა). ყველა ნაკვთი შევუმოწმე სახეზე და დავუკოცნე...

-რა მშვენიერი ხარ დედა, - ღიმილით მითხრა და ჩამეხუტა. დაგიზეპირე დედი, სხეული შენით გავითბე, რომ დიდხანს გამყვეს... მანამ, სანამ ისევ ერთად ვიქნებით, ოღონდ, სამუდამოდ!

ახლა ვხვდები, რატომაც არ გინდოდა მოვსულიყავი და მენახე... იცოდი, უფრო გაგვიჭირდებოდა, ორივეს... შენ მეტად გრძნობ, მანდ, ვიდრე მე - აქ... ყველაფერი თავიდან დაიწყო, ზუსტად ისე, როგორც პირველ დღეს... მეორეს... წამოვედი და ჩემი გული მანდ დარჩა, შენ კი, შენი გამომატანე... ეს იმწამსვე ვიგრძენი, როგორც კი რკინის კარიდან გამოვედი... მოვბრუნდი და შემოგხედე... სადღა იყო კრეჭია ბიჭი??? უკვე ''ჩაწყობილი'' სახით იდექი, კიდე უფრო გაზრდილი(ასე უცებ როგორ მოასწარი...) დაა, თვალები... შენი ულამაზესი თვალები... მაშინვე ზურგი გაქციე... არ მინდოდა, მაგ თვალებიდან წამოსული ცრემლი დამენახა, შენ თვალებს სიცილი უხდება, დედი... ვიცი, კარგად ხარ, საკუთარი თვალით გნახე და მოვისმინე, მოსასმენი... მაგრამ... ორივეს ერთი რამ გვტანჯავს- უ ე რ თ მ ა ნ ე თ ო ბ ა!!!

წამოვედი...მთელი გზა უხმოდ ვტიროდი... რა ლამაზი იყო, ღმერთო!!!

ჩემს შვილს შვიდი წელი მიუსაჯეს პოლიციელის დაჭრისთვის და თებერვალში  უკვე 5 წელი ხდება, რაც სასჯელს რუსთავის მეჩვიდმეტე დაწესებულებაში იხდის. 18-ის იყო, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, ახლა 23 -ის არის.  ორი წელი და ხუთი თვე ნანახი არ მყავდა, რეკავდა გამუდმებით, დღეში სამჯერ-ოთხჯერ, მაგრამ არ უნდოდა იქ ჩავსულიყავი, იქ რიგში ვმდგარიყავი და ასე შემდეგ... სამწუხაროდ, ნიკამ დანაშაული არ აღიარა და არც ნანობს... ბოლო სასამართლოდან, როცა განაჩენი გამოაცხადეს, დამიძახა, არ მეტირა, მხოლოდ შვიდი ახალი წელი არ ვიქნებოდით ერთად... ვითმენთ, ვყლაპავთ მონატრებას, სიტყვებით, ან უსიტყვოდ  ვიტანთ უერთმანეთობას. ძნელია  გადმოცემა, რას განიცდის დედა ასეთ დროს, ვინც წაიკითხავს, ყველა მიხვდება რა ხდება ჩემს გულში, გონებაში... უბრალოდ, არ მინდა, რომელიმე დედას ვხედავდე ჩემს მდგომარეობაში. დედები და შვილები ერთმანეთს არ უნდა შორდებოდნენ, მცირე პერიოდითაც კი...

ალბათ ბევრს აღარც კი ახსოვს, 18 წლის ბიჭის მიერ პოლიციელის დაჭრის შესახებ, 2013 წლის თებერვალში, გორში მომხდარი შემთხვევა. თუმცა ის ღამე არასოდეს წაიშლება დედის გონებიდან, რომლის შვილმაც მას შემდეგ 5 წელი დაკარგა და კიდევ ორი წელი გაივლის ასე. ახალგაზრდა მეხუთე წლებია, სასჯელს რუსთავის ერთ-ერთ დაწესებულებაში იხდის. დედა კი, მონატრებული შვილის გათავისუფლებამდე დღეებს ითვლის.

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს.   

Read 4072 times Last modified on ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 08:49

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი