მწვრთნელი, რომელმაც ყველაფერი მოიგო - ნუგზარ სხირელის წარმატების ისტორია

Rate this item
(0 votes)

დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი, ნუგზარ სხირელი უკვე 45 წელია მწვრთნელია თავისუფალ ჭიდაობაში.  მისი აღზრდილები არიან დავით პოღოსიანი, ვლადიმერ მოდოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი და ბესარიონ გოჩაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პერტიაშვილი. 

ნუგზარ სხირელი განათლებით ისტორიკოსია. თავისუფალი ჭიდაობით 1973  წლიდან დაინტერესდა.  მაშინ, გურამ პაპიტაშვილმა, ინსტიტუტში, ჭიდაობის სექციის წაყვანა შესთავაზა. პირველი ხელფასიც ახსოვს - 28 მანეთი

"კარალეთის მუშა ახალგაზრდობის საღამოს სკოლაში ისტორიის მასწავლებელი ვიყავი. კვირაში სამი დღე ვასწავლიდი.   გურამ პაპიტაშვილი შემხვდა,რომელიც ჩემი სწავლის პერიოდში კათედრის მასწავლებელი იყო. მან შემომთავაზა, თავისუფალი ჭიდაობის სექცია წამეყვანა ინსტიტუტში. ხელფასი დიდი ვერაფერი სახარბიელო მქონდა, სულ რაღაც 28 მანეთი“, - ამბობს სხირელი და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მთელ დროს უკვე თავისუფალ ჭიდაობას უთმობდა.

"როგორც მწვრთნელი, მთელი ენთუზიაზმით ჩავერთე საქმეში. სტუდენტების გარდა, მოდიოდნენ პატარა ბავშვებიც. შემდგომ უკვე გამოჩნდნენ ისეთი ტალანტები, რომლებმაც ხელი შემიშალეს ჩემს სამსახურეობრივ წინსვლაში, რადგან სრულიად მომიცვეს ამ ბავშვებმა“.

ნუგზარ სხირელის პირველი გამორჩეული მოსწავლე ვლადიმერ მოდოსიანი იყო. სხირელთან ვარჯიშის დაწყებიდან ის მალევე გახდა საქართველოს ჩემპიონი.

"პირველი ჩემი გამორჩეული მოსწავლე ვლადიმერ მოდოსიანი იყო, რომელიც  მოხვდა საქართველოს ნაკრებში, გახდა საქართველოს ჩემპიონი. თავად მე, მწვრთნელად მუშაობის 10 წლის თავზე, მომცეს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება და ასევე მომენიჭა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება, ეს ერთ - ერთი დიდი ჯილდო იყო იმ დროისათვის. მრავალმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში. ის ბიჭები, ვინც თავიდან ვარჯიშობდნენ ჩემთან, დღეისათვის უკვე ასაკოვნები არიან“, - გვიყვება სხირელი.

ამბობს, რომ ბევრი გამოწვევა შეხვდა. არ იყო საკმარისი დაფინანსება, ინფრასტრუქტურა - მოუწესრიგებელი  და ზოგადად, თავისუფალი ჭიდაობა, თავიდან, პოპულარობით არ გამოირჩეოდა.

"1973 წლებში, ამ სტილის დაწყება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან 1972 წელში, მიუნხენის ოლიმპიადაზე, შოთა ჩოჩიშვილი ძიუდოში გახდა ჩემპიონი. ყველა მშობელს უნდოდა, შვილი ძიუდოზე მიეყვანა. მაგრამ ,საბედნიეროდ, სტუდენტებთან ერთად, მსურველების რიცხვი იმატებდა.

დარბაზი ძალიან პატარა იყო, ბავშვები კი ბევრი. ძალიან გვიჭირდა ვარჯიში. შაბათობით მშობლებს ბავშვები სოფელში მიყავდათ მისახმარებლად და ვარჯიში ცდებოდა. ჩემი ხელფასით  დიაფილმების აპარატი ვიყიდე და ბავშვებს გამოვუცხადე, რომ შაბათობით, ვარჯიშის შემდეგ, ვუჩვენებდი ფილმებს. ამან დილის ნაკადი გაზარდა. შემდეგ გავზარდე ტექნიკა. დასაქოქი კინო აპარატი შევიძინე, ვიღებდი ბავშვების ვარჯიშებს, ვამჟღავნებდი ფირებს და ბავშვებს ვაყურებინებდი

პირველი წარმატება მაშნდელი უმაღლესი სასწავლებლების სპორტული საზოგადოების შეჯიბრზე მოვიდა

"პირველი შეჯიბრი იყო "ბურევესტნიკის", სადაც მე გავიყვანე სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მეორე ადგილი დაიკავეს. აქ გამოჩნდა პირველად გორის სკოლა, რის შემდეგაც დაინტერესდნენ, ვინ იყო მწვრთნელი და დადგა საკითხი, რომ ბორივესტნიკის სპორტულ სკოლაში ამეღო ჯგუფები. ამან, რა თქმა უნდ,ა დიდი სტიმული მომცა“, - ამბობს სხირელი.

სხირელის რამდენიმე აღზრდილმა ოლიმპიადებზე წარმატებით იასპარეზა. ლადო ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია. მანამდე კი მან ლონდონის ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა. ლადო ხინჩეგაშვილის მამაც ნუგზარ სხირელთან ვარჯიშობდა.

lado-khinchegasvhili-nugzar-sxireli

"ლადო მამის კვალს გაჰყვა, ეს ადამიანი თვითნაბადი ძვირფასი ქვაა. რაც შეიძლება რომ ჭიდაობისთვის გააკეთო, ლადომ ყველაფერი გააკეთა. გავიხსენებ ლონდონის ოლიმპიადას - რუსეთის წარმომადგენლებმა, ყველაფერი გააკეთეს, იყიდეს მსაჯები და ბოლო სამი ქულა დაუკარგეს ლადოს და დაუმსახურებლად გაიყვანეს მეორე ადგილზე, მაგრამ ლადომ შეძლო და 2015 წელს, მსოფლიო ჩემპიონი გახდა ლას ვეგასში და 2016 წელს, რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული.

ლადო ძლიერი სულის ადამიანია, ბევრი შრომა აქვს ჩადებული, რომ ვხედავდი ოლიმპიადის წინ მის წვალებას, როგორ იკლებდა წონაში, როგორ შრომობდა, ცრემლები მომდიოდა". 

ნუგზარ სხირელის კიდევ ერთი აღმოჩენა, ასევე გორელი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილია.

"გენო 6 წლის ასაკში მოვიდა დარბაზში. ამ ასაკისთვის ეს იყო გიგანტი და როცა ხელის მტევნებს შევხედე, მივხვდი, რომ ეს უნდა გაზრდილიყო სასწაულად კარგი მოჭიდავე. დაიწყო ვარჯიში და ჰქონდა გარკვეული წარმატებებიც, რამდენიმე გზის მსოფლიო ჩემპიონია ახალგაზრდებში. 2017 წელს ავიდა უმაღლეს კვარცხლბეკზე, გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიო ჩემპიონობა საამაყოა, მაგრამ გენოს წონით კატეგორიაში, მძიმე წონაში, განსაკუთრებით საამაყოა. გენოს წარმატებები და უმაღლეს საფეხურზე ასვლა წინ აქვს".

გორში მისი სახელობის დარბაზია აშენებული. სხირელს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

"დარბაზის მშენებლობის პერიოდში საკრებულომ გამოიტანა დადგენილება, რომ დარბაზს დარქმეოდა ჩემი სახელი. ეს ფაქტი გარკვეულ პასუხისმგებლობას მაკისრებს, არანაირი სიამაყის განცდა არ მქონია. 43 წლის განმავლობაში ვითხოვდი დარბაზის მშენებლობას. მე შევძელი და შევქმენი თავისუფალი ჭიდაობის სკოლა, რომელსაც მარტო საქართველო კი არა, მსოფლიო იცნობს და მნიშვნელობა არ აქვს დარბაზს რა დაერქმეოდა“.

ერთგულება და სიყვარული - ეს არის ნუგზარ სხირელის ოქროს წესი.

 

Read 7260 times Last modified on შაბათი, 04 აგვისტო 2018 15:26

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი