Back to Top
ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018 13:09

სკოლა, ოქროს მედალი და სამომავლო გეგმები - გიორგი შატაკიშვილის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

გიორგი შატაკიშვილი ერთ-ერთია იმ მოსწავლეებიდან, ვინც ოქროს მედალს ელოდება. გიორგის პროგრამისტობა უნდა და იმედი აქვს, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის სრულ დაფინანსებას მოიპოვებს. 

"ყოველი ნაბიჯი, ყოველი კლასი  მნიშვნელოვანი საფეხურებია წარმატებისთვის. ყოველწლიურად, მიწევდა თავდაუზოგავად შრომა, და აი, აისახა კიდევაც ჩემს ცოდნაზე, საბოლოო შედეგი დაგვირგვინდა ოქროს მედლით."

გიორგი ამბობს, რომ სწავლა და შრომა მამამ შეაყვარა. იხსენებს, ბავშობიდან როგორ ეხმარებოდა და გულშემატკივრობდა. 

"ჩემი მშობლები ბავშვობიდანვე მეუბნევოდნენ, რომ უნდა მესწავლა, სწავლა აუცილებელია ყველასათვის, რომ ჩემი ცხოვრების გზა ჩემი ცოდნით უნდა განმევლო. პირველი კლასიდანვე დავიწყე ფიქრი, ვინ უნდა ვყოფილიყავი. მინდოდა ისეთი ვყოფილიყავი, რომ ყველას ეამაყა ჩემით. შესაბამისად, პირველი კლასიდან შევუდექი ჩემი მიზნისაკენ სწრაფვას. ყველაზე მეტად ჩემი წარმატება მამაჩემს უხაროდა ხოლმე. ყოველთვის გვერდში მედგა და მეუბნებოდა, რომ მესწავლა და არ დამეზარა. ხშირად ოლიმპიადებზეც დავყავდი და რამდენჯერმე გავიმარჯვე კიდეც. ამაყობდა ჩემი დიპლომებით. მამა ორი წლის წინ დავკარგე. მინდა, ეს ჩემი წარმატება მას მივუძღვნა."

გიორგისთვის ოქროს მედალი გარკვეული პასუხისმგებლობაა, რომელსაც იგი განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულებად აღიქვამს. 

"რა თქმა უნდა, ოქროს მედალი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მორჩა, სკოლა დავამთავრე და თავისუფალი ვარ. არა, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა იწყება. ოქროს მედალი ეს არის ჩემი ახლობლების, ჩემი მეგობრების, ჩემი მშობლების და რაღა თქმა უნდა ჩემი პედაგოგების იმედების გამართლება. სვლა იგივე ტემპით უნდა გავნაგრძო და კარიერა მოვიწყო."

გიორგის იმედი აქვს, რომ მომავალ წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე მიაღწევს და სწავლის სრულ დაფინანსებას მოიპოვებს. 

"ამ ეტაპზე უნივერსიტეტში გრანტის მოპოვებაზე ვარ ორიენტირებული და მაქსიმალურად ვემზადები ამისთვის. მინდა, რომ პროგრამისტი გავხდე. მინდა კარგი კარიერა შევიქმნა და ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო. შავი ზღვის უნივერსიტეტში მინდა სწავლის გაგრძელება."

გიორგის სწამს, რომ თავდაუზოგავი შრომის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა ადამიანს მუდმივად ეხმარება წარმატების მიღწევაში. 


"თავდაუზოგავი შრომა და პასუხისმგებლობა - ეს ის მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებაა, რომლის გარეშეც ადამიანმა შეუძლებელია განიცადოს და გაიაზროს, რა არის ცოდნა. ცოდნა არის თავისუფლება, ცოდნა არის სიმდიდრე. ის ყველაზე დიდი ღირებულებაა, რაც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს."

Read 3636 times Last modified on ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018 13:32