9 მაისის აღნიშვნის სიავე

წერილები Written by  ორშაბათი, 07 მაისი 2018 09:20 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

9 მაისამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. განვლილი წლები მოწმობს, რომ ამ დღის აღნიშვნა, თავის თავში, ფაშიზმის დაგმობასთან ერთად, საბჭოთა კავშირისთვის ხოტბის შესხმასაც გულისხმობს.

არადა, ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის, საბჭოთა კავშირის გაძლიერებით, ნაცისტური გერმანიის დამარცხება დიდი ვერაფერი სიკეთეა. არა, თქვენ მაინცდამაინც იმას ნუ იფიქრებთ, რომ ფაშიზმის დამარცხების მნიშვნელობას ვერ ვიაზრებ. არა, უბრალოდ, თავის დროზე მისი გაძლიერების კუთხით, საბჭოთა კავშირის მიერ გაწეული სამსახური არ მავიწყდება და ისიც მახსოვს, რომ საქართველოსთვის ეს უკანასკნელი ისეთი მტერი იყო, რომლის გავლენის ქვეშ, მისი დაშლის შემდეგაც დავრჩით.

საბჭოთა კავშირის ხელშეწყობით ნაცისტური გერმანიის გაძლიერება ვახსენე. აღნიშნულში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს ვგულისხმობ - სხვადასხვა ისტორიული წყაროების მიხედვით, 1932-1933 წლებში უკრაინაში შიმშილით მილიონობით ბავშვი დაიღუპა, იმპერიამ კი მათთვის განკუთვნილი პური მეორე ომის დაწყებამდე, ორი წლით ადრე, ნაცისტებს გაუგზავნა.

ჩემთვის ამ ამბის გახსენებაც კმარა, რომ საბჭოთა კავშირს პასუხისმგებლობა ნაცისტური გერმანიის მიერ მსოფლიოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზეც დავაკისრო, თუმცა ესეც რომ არა, ჰუმანური ღირებულებების მქონე ადამიანს საბჭოთა იმპერიის ნეგატიური შეფასებისთვის ისტორია სხვა მრავალ ფაქტსაც სთავაზობს, დახვრეტილი და გადასახლებული ადამიანებისა თუ დანგრეული, მიწასთან გასწორებული კულტურული მემკვიდრეობის სახით.

ახლა კი, როცა საბჭოთა კავშირის დაშლიდან 26 წელია გასული, ამ იმპერიის მემკვიდრეობის შეფასებისას, დროა, პასუხი გავცეთ კითხვას, თუ ვინ იყო გმირი – ვინც ამ იმპერიის დასამაცხებლად ნაცისტური გერმანიის მხარეს იბრძოდა? თუ ის, ვინც ფაშიზმის დასამაცხებლად, საკუთარ ოკუპანტს აძლიერებდა?

საკითხის ანალიზი შეუძლებელია იმ არჩევანის თავისუფლების გაანალიზების გარეშე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, “წითელი არმიის” მხარეს მებრძოლი ქართველებისგან განსხვავებით, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დამარცხების და ამ გზით, საკუთარი ქვეყნის გათავისუფლების მსურველებს გააჩნდათ. მოდით, ვაღიაროთ, რომ “წითელი არმიის” მხარეს მებრძოლნი ძირითადად, უბრალოდ იძულებულნი იყვნენ, ომში ჩართულიყვნენ. ომში, რომელიც შემდგომში საბჭოთა კავშირმა “სამამულო ომად” მონათლა და ამით ომში გარდაცვლილი ადამიანები საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის დაღუპულებად გამოაცხადა. არადა, ნათელია, რომ საბჭოთა კავშირის გამარჯვებას საქართველოს გამარჯვებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა – ჩვენი ქვეყანა კვლავ იმპერიის მონობაში რჩებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს უკვე, ქართულ კანონმდებლობაში ტერმინი “სამამულო ომი” “მეორე მსოფლიო ომით” არის ჩანაცვლებული. თუმცა სავალალოა, რომ ქვეყანაში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის დღე – 26 დეკემბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, 9 მაისი უქმე დღედ რჩება და მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნება.

აღარაფერს ვამბობ 9 მაისის აღნიშვნის ტრადიციაზე, რომელიც ომის ვეტერანთა ღონისძიებაზე მოწვევას და მათი მხრიდან სტალინის ღვაწლზე, მითიური ფაქტებით, საუბარს გულისხმობს. ბევრს არც იმაზე დავწერ, რომ ფაშიზმზე გამარჯვებას ევროპა 8 მაისს აღნიშნავს. 9 მაისს კი, საბჭოთა იმპერია ზეიმობდა, როგორც პრაღის აღებისა და აღმოსავლეთ გერმანიაში საკუთარი პოზიციების გაძლიერების წლისთავს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უბრალოდ გაუგებარია, რას და რატომ აღვნიშნავთ 9 მაისს.

ისე კი, თუ მაინცდამაინც, ფაშიზმის დამარცხების კუთხით, ქართველთა მიერ გაწეული ღვაწლის დაფასება გვინდა, ვისურვებდი, ეს ევროპის მსგავსად გაგვეკეთებინა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ისაა, რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე საბჭოთა კავშირის დაშლის თარიღზე მნიშვნელოვანია. ამის გამართლება მიჭირს. მით უფრო, რომ დღეს საქართველოში 9 მაისის ტრადიციისამებრ აღნიშვნა საშიშია, რადგან ეს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის მეხოტბეების წახალისებას ნიშნავს, და თუ აღნიშნულზე, ანუ პრორუსული ძალების წახალისებაზე თანახმანი ვართ, მაშინ საქართველოში რუსული მარშები გასაკვირი კი არა, ბუნებრივი ყოფილა და ნუღარ ვშფოთავთ და ვიცხადებთ.

 

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 1684 times Last modified on კვირა, 15 ივლისი 2018 11:25

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი