Back to Top
სამშაბათი, 10 აპრილი 2018 16:36

გორელი რევოლუციონერი ძმები - გოლა და შიო ჩიტაძეები

გოლა და შიო ჩიტაძეები მარქსიზმის ერთ-ერთი პირველი პროპაგანდისტები იყვნენ საქართველოში.

მარქსიზმის ერთ-ერთი პირველი პროპაგანდისტი საქართველოში, გორის ხალხოსანთა წრესთან დაახლოებული და სტუდენტთა რევოლუციური საქმიანობის აქტიური მონაწილე გოლა (გრიგოლ) ჩიტაძე 1871 წელს ქალაქ გორში დაიბადა.იგი გორის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, 1881 წლიდან კი თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა. ხანმოკლე მოღვაწეობის მიუხედავად მან აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა მაინც მოასწრო. 1885 წელს იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და მთლიანად რევოლუციურ საქმიანობაში ჩაება. ის და მისი ძმა, შიო ჩიტაძე მაქსიმ გორკის ახლო მეგობრები იყვნენ. გოლა ჩიტაძეს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა, რომლითაც თბილისის აქტიური ახალგაზრდები და მუშები სარგებლობდნენ.  გოლას სუსტი ჯანმრთელობა დაძაბულმა მუშაობამ და მეცადინეობამ მნიშვნელოვნად შეარყია, იგი 1892 წელს, 21 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

მისი ძმა, შიო ჩიტაძე გამორჩეულო საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პოლიტიკური მოაზროვნე, პუბლიცისტ-ჟურნალისტი და მხატვრული ლიტერატურის კრიტიკოსი იყო. როდესაც მისი ძმა გარდაიცვლა, ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლობდა. შესაძლოა, თავისი ძმის აქტიურმა ცხოვრების წესმა მასზეც იქონია გავლენა. გორის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის მეორე გიმნაზიაში განაგრძო. ამ პერიოდში ჩაება საზოგადოებრივ-რევოლუციურ საქმიანობაში. გიმნაზიაში სწავლა 1892 წელს დაასრულა და სასწავლებლად კიევის უნივერსიტეტში წავიდა, სადაც ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდიდან იწყება მისი აქტიური მოღვაწეობა. კიევში სწავლის დროს, უნივერსიტეტში ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, 1897 წელს კიევის გიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მიიწვიეს. ზაფხულობით ხელმძღვანელობდა სახალხო სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. ასევე, ხშირად აქვეყნებდა კრიტიკულ სტატია-ნარკვევებს კიევის ჟურნალ-გაზეთებში.

მოგვიანებით, 1904 წელს, თბილისის ქართულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მოიწვიეს. ცოტა ხანში გიმნაზიის ინსპექტორადაც დანიშნეს. ამ თანამდებობის მიღებისთანავე იგი ქართულ გიმნაზიაში დემოკრატიული სისტემის შემოღებასა და სწავლა-განათლების ახალი პედაგოგიური სისტემის დამკვიდრებას შეუდგა.

ამ პერიოდშივე, უფრო აქტიურად ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. 1905 წლის 13 აპრილს მისი ხელმძღვანელობით მოეწყო თბილისის მოწინავე მასწავლებელთა ყრილობა. ასევე მონაწილეობდა სკოლის მოსწავლეთა მიტინგზე. შიო ჩიტაძე აქტიურად თანამშრომლობდა სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოების გამოცემებთან: „შრომა“ და „ცნობის ფურცელი.“

თავისი ძმის, გოლა ჩიტაძის მსგავსად, მასაც ხანმოკლე ცხოვრება ხვდა წილად. 1906 წელს, 32 წლის ასაკში, ცარიზმის აგენტებმა საკუთარ ბინაში მოკლეს.