Back to Top
კვირა, 19 იანვარი 2020 14:02

"თითქოს მეგობრის ყოლის უფლება არ მქონდა"

Written by
Rate this item
(0 votes)

გორელი ჟურნალისტი თინა თაყაძე ამჟამად ემიგრაციაშია. უკვე 2 თვეა, თინა იტალიაში იმყოფება. იგი რადიო “მოზაიკასთან იმ პერიოდს იხსენებს, როცა მეგობრებს კარგავდა. 

 

„ახლა ზამთარია. ამ სეზონმა ერთი ამბავი გამახსენა. ამბავი, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა და დღემდე, ასე, ხანდახან მახსენდება ხოლმე. ერთი გოგონა გავიცანი. ერთად ვმუშაობდით და ვფიქრობ, ნაყოფიერადაც. მას უფრო ჰქონდა ჩემი იმედი, ვიდრე მე მისი, რადგან ყოველთვის შემეძლო კარგად თუ ცუდად, მისთვის საქმე გამეკეთებინა, მან კი, ჩემი საქმე მაშინ უბრალოდ არ იცოდა. ერთად იმაზე მეტ დროს ვატარებდით, ვიდრე სახლში - ოჯახის წევრებთან". 

 

იმ პერიოდში თინას არც კი დაუშვია, რომ ერთ დღეს ასეთ ახლო მეგობარს დაკარგავდა. ურთიერთობა მოულოდენლად შეიცვალა. ცვლილება თინამ მაშინ შეამჩნია, როცა მეგობარმა მის სამუშაო ოთხს გულგრილად ჩაუარა და ძველებურად აღარ მიესალმა. 

 

„როცა ადამიანს არაფერი დაგიშავებია და ეს იცი, უფრო მტკივნეულია უარყოფა მისგან, ვინც გიყვარს, ვისაც აფასებ და ოჯახად თვლი. ასე ვთვლიდი და ერთმანეთის ოჯახებსაც ვიცნობდით. ვიცნობდით და პატივს ვცემდით. ძალიან რთული პერიოდი იყო, რასაც თოვლი ემატებოდა. თოვდა შეუჩერებლად. ციოდა. იმ დღეს კი მან, იმ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა, სადაც ერთად ვმუშაობდით. ვიფიქრე, იქნებ მე ვარ მიზეზი მისი ამ გადაწყვეტილების-მეთქი. მასთან დალაპარაკება მოვინდომე, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე. . ვურეკავდი, ის კი არ მპასუხობდა“.

 

თინას სურდა გაერკვია რა მოხდა. ამიტომ, გადაწყვიტა მეგობრის სახლში მისულიყო და მოეკითხა. 

 

„მივდიოდი და ვფიქრობდი, არაუშავს, კარს მეგობარი გამიღებს, გამიღიმებს, ლომონიან ჩაის შემომთავაზებს, გავთბები და წამოვალ მეთქი. ასე ვფიქრობდი მაშინაც, როცა მის კარზე ზარი დავრეკე. კარი მან არა, დედამისმა გამიღო. თოვდა, ძალიან ციოდა. თუმცა იმ ქალის იმ ცივ სახეს, ვერაფერი შეედრებოდა.

 

- რა გინდა?, - მკითხა.

- თქვენ შვილთან მაქვს საქმე, სახლშია?

- რა საქმე გაქვს? რა უნდა უთხრა? 

- მაინტერესებს როგორ არის. რატომ წავიდა სამსახურიდან? ის ხომ ჩემი მეგობარია.

- მეც მყავდა მეგობრები მაგრამ ასე არ ღელავდნენ ჩემზე! შენ რას გადაეკიდე ჩემს შვილს როგორც ლესბიანკა? - მითხრა და კარი ცხვირწინ მომიხურა".

 

ამ დღის შემდეგ, თინას მეგობართან დაკავშირება აღარ უცდია. აღარც ამ ქალს შეხვედრია. როგორც ამბობს, მისი სიტყვები და ტონი ამ დრომდე მკაფიოდ ახსოვს. 

 

„ძალიან დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მოხდა. რა უნდა მეთქვა? როგორ უნდა ამეხსნა, რომ გულწრფელად მეგობრობა მინდოდა. ამ ფიქრში წლები გავიდა და ნელ-ნელა მასთან დაკავშრების სურვილიც გამინელდა. ის ვიცი, რომ ახლა ოჯახი ჰყავს და ადამიანის უფლებებს იცავს". 

 

აღნიშნულ ამბავს იურისტი დავით გიგაური აფასებს. მისი აზრით, უდაოდ იკვეთება დისკრიმინაციის ფაქტი. გიგაურის განმარტებით, სწორად მოწესრიგებულ სახელმწიფოში ამ საქმეზე სამოქალაქო სამართლებრივი დავის დაწყება შეიძლება მორალური ზიანის ანაზღაურების მოტივით.

 

„ამ საქმეზე სამართლებრივი დავის დაწყებაც კი შეიძლება მორალური ზიანის ანაზღაურების მოტივით უფრო დედის მისამართით, რომელიც უაპელაციო დისკრიმინაციული მოტივით ორ დამოუკიდებელ ადამიანს კონტაქტს უკრძალავს და ამისთვის იყენებს სიძულვილის ენის ელემენტ(ებ)ს. საქართველოში სამართლებრივად ეს საქმე ძალიან აქტუალური იქნებოდა სამსახურიდან მთხრობელი რომ გამოეშვათ ამ მოტივით მაგრამ ამ შემთხვევაში სამსახური მისმა მეგობარმა დატოვა დაუდგენელი, ყოველ შემთხვევაში გაუმხელელი მიზეზის გამო. შესაბამისად ანტიდისკრიმინაციული კანონის ჭრილში პასუხიამგებლობაზე გასვლა ჩვენი პრაქტიკით და კანონმდებლობით წარმოუდგენლად მიმაჩნია, თუმცა ვთვლი, რომ დამოკიდებულება აშკარად დისკრიმინაციულია“, - აცხადებს დავით გიგაური.

 

Read 437 times Last modified on კვირა, 19 იანვარი 2020 14:29