Back to Top
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020 13:22

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს

ზურა თეთრუაშვილი 59 წლის ასაკში, 30 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეები მასთან დაკავშირებულ მოგონებებს უწყვეტად იხსენებენ. 

 

"გამორჩეული გორელი", "თავმდაბალი, უბრალო ადამიანი", „სწორად მოაზროვნე და გამორჩეულად ყურადღებიანი" - ეს იმ ეპითეტების არასრულო ჩამონათვალია, რომელსაც უცნობები თუ უბრალო ნაცნობები მისი დახასიათებისას იყენებენ.

 

ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა, რომლითაც მთელ გორს დაამახსოვრა თავი, პირბადეების უფასოდ დარიგება იყო. თუმცა ამ ბოლო ინიციატივის გარდა, ქალაქს მის შესახებ ბევრი აქვს გასახსენებელი. 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ამბობს, რომ მასთან კოლეგიალური მეგობრობა აკავშირებდა.

 

"ზურასთან მაკავშირებს კოლეგიალური მეგობრობა, ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული გორელი, უაღრესად თბილი, მოსიყვარულე, სწორი აზროვნების, ისეთი გულის ადამიანი იყო, ყველაფერს გააკეთებდა მეგობრების და ახლობლების გამო, ისეთი გვერდში დგომა იცოდა. ვფიქრობ ქალაქს დააკლდა კარგი ადამიანი და ძალიან მწყდება ამის გამო გული" ,  - ამბობს ეკა სუხიშვილი.

თავისი მოგონება აქვს ჟურნალისტ გოგა აფციაურს.

 

"​ერთხელ ცივ 90-იანებში, გამიჩერა მანქანა ქუჩაში. სად მიდიხარო? შეშას ვეძებ მეთქი. პირველი შვილი ახალი დაბადებული იყო, სახლში ციოდა და შეშას ვერ ვშოულობდი, ჰოდა ქალაქში ასე დავეძებდი იქნებ ერთი ტომარა მაინც სადმე ვიშოვო მეთქი. ამ დროს შემხვდა. წავედით, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, მაინც ვიშოვეთ. ჩატვირთა მანქანაში. ვეხვეწებოდი აღარ შეწუხდე , ეზოდან მე ავიტან მეთქი. რას ამბობო-გაიგიჟა თავი. მეცხრე სართულზე ამატანინა. და სულ, სულ ასეთი იყო. როგორც შეეძლო ისე ეხმარებოდა ადამიანებს", - იხსენებს გოგა აფციაური.

 

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი 26 წლის წინ მომხდარს იხსენებს.

 

"26 წლის წინ სატელევიზიო სტუდიაში ნეკროლოგი ჩავწერე. შუშის იქით იდგა და ხუმრობით მითხრა, ჩემი ნეკროლოგიც შენ ჩაწერეო. გამეცინა. მუდმივად ვკამათობდით, ჩემი პოსტების მუდმივი რეცენზენტი, გული გვატკინა. ვერასდროს ვიფიქრებდი ასე თუ წავიდოდა. დაუმარცხებელს ფაქიზი გული ჰქონია. მხოლოდ პატიება და ცრემლები დაგვიტოვა, გვეიმედებოდა მეგობრებს. ზურა, ნახვამდის! " ,  - ასე ემშვიდობება ირმა ამბარდნიშვილი ზურას.

 

"სანამ ქვეყანა შენს კაცობას ზიდავს, შენც ცოცხალი იქნები უკვდავებად და ეს კი მარადიულობაა ჩემო ტკბილო და კეთილო მეგობარო და ძამიკოვ! გჯეროდეს!"  - დეზი ემანულიძე.