მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილების საჭიროებები - კვლევის შედეგები

გორის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, 12 259 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. მათი ნაწილი გორში 1990 -იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადმოსახლდა, ნაწილი კი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
გორის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევისა და გამოკითხვების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს თითქმის იგივე საჭიროებები აქვთ, რაც დანარჩენი სოფლების მოსახლეობას. მათ შეზღუდულად, ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი იმ საბაზისო მუნიციპალურ სერვისებზე, როგორიცაა წყლის მიწოდება და ტრანსპორტი.
კვლევის პროცესში გამოკითხული დევნილები ამბობენ, რომ მათ დასახლებებში გაუმართავი გზის პრობლემაც დგას.
"სოფელში გზა არ არის, დიდი ქვები ყრია, ფეხს მოიტეხავ და ნორმალურად ვერ გაივლი. ტრანსპორტიც გაუმართავი დადის. ჩაქჩაქა "მარშუტკები" მოძრაობენ, რომლებსაც ნაწილები და საბურავები სცვივა", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.
დევნილ მოსახლეობას შეზღუდული ხელმისაწვდომობა აქვს სხვა სახელმწიფო სერვისებზეც.
ერთ- ერთ დასახლებაში მცხოვრები დევნილი ამბობს, რომ სკოლა მათი დასახლებიდან 4 კილომეტრითაა დაშორებული, რაც ცუდ ამინდში დაბრკოლებას უქმნით და ბავშვები გაკვეთილებზე სიარულს ვერ ახერხებენ. ასევე პრობლემაა პირველად სამედიცინო დახმარების მიღების კუთხითაც. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ერთი, ხანდახან კი ორი საათიც სჭირდება გამოძახების ადგილას მისასვლელად, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში, პირის საავადმყოფოში გადაყვანაზე თავად ზრუნავენ.
დევნილები ერთჯერადი სოციალური დახმარების შემცირებაზეც საუბრობენ.
"წინა წლებში ვაუჩერებიც რიგდებოდა, შეშის დახმარებაც იყო ყოველ ზამთარს, ახლა აღარც შეშა აღარ არის, არც გაზის ვაუჩერი. ის 45 ლარია და რამდენი რამე უნდა გააკეთო, გაზი და დენი გადაიხადო", - ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული.
იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ მათ მიმართ ხელისუფლება არასაკმარის ყურადღებას იჩენს. მათი თქმით, მას შემდეგ რაც, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დევნილთა სამინისტრო ჯანმრთელობის სამინისტროსთან გააერთიანა, მათი საჭიროებების ხელისუფლებამდე მიტანა უფრო გართულდა.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 699 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი