Print this page

გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში წყალმომარაგების სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი სოფლის წყალმომარაგების მოწყობისთვის საჭირო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

“გორის რაიონის სოფელების წედისი, ბნავისი, ოლოზის პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს დაახლოებით 400 ოჯახზე (დაზუსტდეს პროექტირებისას) ახალი წყალმომარაგების სათავე ნაგებობა რომელიც უნდა იყოს გათვლილი თვითდინებით სისტემაზე.  უნდა მოეწყოს სამივე სოფელში ინდივიდუალური რეზერვუარები, რომლის ტევადობაც უნდა იქნას გამოთვლილი. უნდა მოეწყოს საქლორატოროები და შიდა გამანაწილებელი ქსელი. უნდა დამონტაჟდეს ინდივიდუალურად წყლის მრიცხველები“, - წერია საპროექტო დოკუმენტაციაში.

სოფლებში, წედისი, ბნავისი და ოლოზი წლებია სასმელი წყლის პრობლემაა. ადგილობრივებს წყლის მოზიდვა შორი მანძილიდან უწევთ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჟამინდელი მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის სააგიტაციო მასალაში ეწერა, რომ 2020-2021 წლებში ზემოთ აღნიშნულ სოფლებში წყალსადენი სისტემის ქსელის რეაბილიტაცია მოხდებოდა.

ადგილობრივ ხელისუფლებას საინჟინრო - საპროექტო მომსახურებისთვის 30 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ზემოთ აღნიშნული სოფლების გარდა, ტენდერი გამოცხადდა  ხიდისთავის წყალმომარაგების ქსელის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენადაც.

ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოების შესასყიდად  40`000 ლარი გაითვალისწინა. პროექტის მიხედვით, ხიდისთავში 1200 ოჯახზე გათვლილი შიდა გამანაწილებელი ქსელი უნდა მოეწყოს.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 938 times Last modified on ოქტომბერი 03 2019