Print this page

მეღვრეკისში გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა - როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში გზის საფარის მოასფალტებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
ტენდერი მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამოცხადდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეღვრეკისში გზის საფარის მოწესრიგებისთვის 41 000 ლარზე მეტი გაითვალისწინა. წინადადებების მიღების ვადა 23 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სოფელ მეღვრეკისში გზის საფარის ასფალტირება ამხანაგობის განაწილებით უნდა მომხდარიყო. გამარჯვებულ კომპანია 1000 კვ,მ -ს სიგრძის გზა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაესრულებინა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია მეღვრეკისში გზის მოწესრიგებას წლის დასაწყისში აანონსებდა. უწყებაში ამბობდნენ, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, გორის 35 სოფელში გარეგანათება და გზის საფარი მოეწყობოდა. შესაბამისი ტენდერი მიმდინარე წლის ივლისში გამოცხადდა, გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები 80 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაესრულებინა.
გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ მეღვრეკისში გზის სხვა მონაკვეთის რეაბილიტაცია გასულ წელს მოხდა. აღნიშნული ტენდერი კი, გზის სხვა მონაკვეთზე გამოცხადდა.
"შარშანაც გაკეთდა გზა მეღვრეკისში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში. წელს სხვა მონაკვეთის მოასფალტირებისთვის გამოცხადდა ტენდერი. სამწუხაროდ, არ შედგა და სულ მალე ხელახლა გამოცხადდება", - გვითხრეს მერიაში.
მეღვრეკისში გზის საფარის მოწყობა გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაც დაანონსა. დავით რაზმაძე ამბობდა, რომ 2019 წელს აღნიშნულ სოფელში გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 532 times Last modified on სექტემბერი 25 2019