Print this page

მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულში - ხელფასები და ცვლილებები

პარლამენტში წარდგენილი ინიციატივის მიხედვით, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში სტატუსი შეეცვლებათ.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრებს, გიორგი კახიანს, გურამ მაჭარაშვილს, ირაკლი ბერიას და შალვა კიკნაველიძეს ეკუთვნით.

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი, კომიტეტის წევრებს შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად პარლამენტარმა გურამ მაჭარაშვილმა წარუდგინა.

"წარმოდგენილი ცვლილებით დაზუსტდება სახელმწიფო მოსამსახურის ცნება; ამასთან, აღმოიფხვრება კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ბუნდოვანება კონკრეტული პირების სტატუსთან დაკავშირებით", - განმარტავს მაჭარაშვილი.

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა უმრავლესობა პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციებს იკავებს, თუმცა მათ მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები განსხვავდება პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესასრულებელი ფუნქციებისგან, რომელიც საჯარო დაწესებულების ძირითადი მიზნების შესრულებას უნდა ემსახურებოდეს.

მერის წარმომადგენელთა საქმიანობა მიზანშეწონილია დაექვემდებაროს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა კატეგორიას, ვინაიდან მერის, როგორც აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის და მუნიციპალიტეტის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილება ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის შემადგენელ ადმინისტრაციულ ერთეულებში და პასუხისმგებელია მერიის პოლიტიკის გატარებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

გორის მუნიციპალიტეტში 33 ადმინისტრაციული ერთეულია. ყველა მათგანს ერთი წარმომადგენელი ჰყავს, რომელთა თვიური ხელფასი 1100 ლარს შეადგენს. თვეში მათი მუშაობის ასანაზღაურებლად 36 300 ლარი იხარჯება, წელიწადში კი ეს თანხა - 435 600 ლარს შეადგენს.

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი იმ დათქმით დაუჭირა, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება, მათ შორის, სახალხო დამცველის ოფისთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 594 times