Print this page

შეურაცხყოფა და დაპირისპირება გორის საკრებულოს სხდომაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა.

სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ბერიანიძე და ფრაქცია "ძლიერი გორის" თავმჯდომარის მოადგილე კახა ბურჯანაძე დაუპირისპირდნენ.

"შენ რა შენიშვნებს მაძლევ, შე ქათამო, გამოდი გარეთ", - მიმართა ბურჯანაძემ ბერიანიძეს.
"შე მართლა ქათამო, აქტიფედისტო გაეთრიე გარეთ", - უპასუხა ბერიანიძემ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძე განცხადება გააკეთა და დეპუტატებს მოუწოდა, რომ ვინც უკვე გაიარა რეგისტრაცია და სხდომას ესწრებოდა, თუ შესვენებამდე ნებაყოფლობით დატოვებდნენ სხდომას, რეგისტრაციას თავიდან დაიწყებდა.

კახა ბურჯანაძე ის დეპუტატი იყო, რომელმაც სხდომა თვითნებურად, ყოველგვარი ახსნა-განმარტებით დატოვა და გავიდა. როდესაც ის კვლავ დაუბრუნდა საკრებულოს სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა ბერიანიძემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და დავით რაზმაძის განცხადება შეახსენა.

დღევანდელ სხდომაზე განხილვა გორის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების საკითხს მოჰყვა. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, მერია აპირებს ხელშეკრულებით ორი მძღოლის აყვანას. საკითხს ოპოზიციის კრიტიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, მერია დასაქმების ბიუროს დაემსგავსა.

“გაბერილ შტატებზე პირდაპირ წერია აუდიტის დასკვნაში. სახელმწიფო აუდიტს ამაზე შენიშვნები აქვს. თუ "ქართული ოცნებისთვის" და კოტე თავზარაშვილისთვის ეს დასკვნა, მხოლოდ ფარატინა ფურცელია, იმიტომ, რომ ის კანონზე მაღლაა და ძალიან სავალალო დასკვნა დაიდო მერიისთვის. ახლა კიდევ გამონაკლისის დაშვებას ითხოვს. რა საჭიროებას ხედავთ, ინფრასტრუქტურის სამსახურისთვის, ან ზედამხედველობისთვის მძღოლის გამოყოფა, როდესაც ზედამხედველობის სამსახური, არაფერს არ აკეთებს“, - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ.

ოპოზიციის შენიშვნებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა და მერიის თხოვნა მიზანშეწონილად მიიჩნია.

“ოთხი მანქანა მიიღეს, სჭირდებათ ორი მძღოლი, ინფრასტრუქტურის სამსახურში უამრავი საქმე აქვთ და საჭიროა მათ გამოუყოს მერიამ ერთი მანქანა და ერთი მძღოლი“, - ამბობს დავით რაზმაძე.

ამავე სხდომაზე დეპუტატებმა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 2019 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში ხმათა უმრავლესობით დადებითად შეაფასეს. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, 16 სექტემბერს ექვსიათასამდე ბავშვი დაიწყებს სწავლას. საბავშვო ბაღებში ყველა პირობა არსებოს, რომ პატარებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით 24 საკითხი იყო წარმოდგენილი და დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით ყველა საკითხს დაუჭირეს მხარი.

 

 


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 595 times