მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის მერია საბავშვო ბაღის აშენებას დაბალი ხარისხის ბეტონით დათანხმდა

გორში, სადგურის დასახლების საბავშვო ბაღის გახსნას მომავალი წლისთვის ვარაუდობენ. პროექტი, რომელიც 2017 წელს უნდა განხორციელებულიყო, ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ობიექტზე მშენებლობის ვალდებულება მეოთხედ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 7 თვის ვადაში იკისრა.

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მიზეზებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერედა და გორის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პროცესში ჩართულობის პერიოდები დეტალურად შეისწავლა. სწორედ უხარისხოდ მოწყობილი ინფრასტრუუქტურული პროექტების ნუსხაში აღმოჩნდა სადგურის საბავშვო ბაღი იმ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სექტემბრის დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტის მერიას გაუგზავნა.

დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას და სწორედ ამის გამო, ვერ გამოავლინა მერიამ მიმწოდებლის ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკთან.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მერიამ არ დააჯარიმა მიმწოდებელი კომპანია და ხელშეკრულების შეწყვეტის ნაცვლად, შპს "ინშაათ საქართველოს" მიწოდების ვადები გაუზარდა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა 2 წლის განმავლობაში ვერ შეძლო საბავშვო ბაღის გახსნა და 91 000 ლარი არაეფექტიანად დახარჯა.

თავდაპირველად, 2016 წელს, სადგურის საბავშვო ბაღის ასაშენებლად პროექტის შედგენისთვის მერიამ 10 300 ლარი დახარჯა. შემდეგ კი, როდესაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საძირკველის მშენებლობა დაიწყო, მიმწოდებელს 80 700 ლარი გადაუხადეს. 2017 წლის ოქტომბრისთვის შესრულდა ასევე შენობის პერიმეტრზე გრუნტის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 71 700 ლარს შეადგენდა. ამ პერიოდში გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მიმწოდებელ კომპანიას 488 600 ლარის სამუშაოები უნდა ჰქონოდა შესრულებული. ხელშეკრულების მიხედვით, გეგმა გრაფიკით განსაზღვრული ყოველი პერიოდის ბოლოს ისპექტირების ჯგუფს უნდა შეედგინა შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, არ განხორციელებულა. გეგმა-გრაფიკზე ათ დღეზე მეტი ვადის ჩამორჩენის შემთხვევაში, შემსყიდველ უწყებას შეეძლო მიმწოდებელი შეუსრულებელი სამუშაოების 10%-ით (დაახლოებით 40 000 ლარი) დაეჯარიმებინა და ხელშეკრულება შეეწყვიტა, მაგრამ მერიამ ეს მექანიზმი არ გამოიყენა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, მერიის მხრიდან განსაზღვრულზე 2-ჯერ ნაკლები ხარისხის ბეტონის გამოყენებაზე თანხმობაა.

კერძოდ, საზედამხედველო კომპანიის ანგარიშით, დადგინდა, რომ ცოკოლის კედლების მოსაწყობად გამოყენებული ბეტიონის სიმტკიცე იყო ძალიან დაბალი, რაც სამუშაოების შეჩერების მიზეზი გახდა. კვლევით დადგინდა, რომ კედელი ნაცვლად მ200-ისა, მოწყობილი იყო მ100 მარკის ბეტონით. ნაცვლად იმისა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, მერიას "ინშაათ საქართველო" დაეჯარიმებინა, საპროექტო ორგანიზაციას პროექტის დაკორექტირება სთხოვა და ცოკოლის ბეტონის მარკა მ200-ის ნაცვლად მ 100-ით შეცვალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხარვეზით შერულებული სამუშაოები მერიამ უკვე შეცვლილ პროექტს მოარგო. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება საბავშვო ბაღის მშენებლობას, რაც შესაძლოა საბოლოოდ სავალალო შედეგის მიზეზი გამხდარიყო.

მიუხედავად ამისა, სამუშაოები მაინც გაგრძელდა და ხარვეზების ფონზე სამუშაოების დასრულების ვადა აღნიშნულ კომპანიას მერიამ ორჯერ (სულ 102 დღით) გადაუწია.

ურთიერთობები მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის მხოლოდ 2018 წლის აპრილში შეწყდა, როდესაც მერიამ 135 დღით კვლავ ვადის გადაწევაზე უარი თქვა. ამის შემდეგ მერიამ 3 ტენდერი გამოაცხადა და 10 300 ლარად შესყიდული პროექტის გამოყენება აღარ ხდება.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, მერია სავარაუდოდ კერძო სუბიექტის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რაც მიზეზი გახდა იმისა, რომ მოსახლეობა 2 წლის განმავლობაში ვერ სარგებლობს შესაბამისი ინფრასტრუქტურით და 91 000 ლარი დახარჯულია არაეფექტიანად.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 709 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი