მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

რეორგანიზაციის მიუხედავად, საჯარო რეესტრში ა(ა)იპ სპორტის სასახლე ისევ აქტიურია

გორის მერიის მიერ, ჯერარგახსნილი ობიექტისთვის დაფუძნებული ა(ა)იპ სპორტის სასახლე საჯარო რეესტრის მონაცემებით, ისევ აქტიურია და მის ხელმძღვანელად კვლავ შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი ბორისი გოგიჩაიშვილი ფიქსირდება.
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე მერის მიერ ფორმალურად 2018 წელს დაინიშნა და ანაზღაურებას არ იღებს. სპორტის სასახლის გახსნას და შესაბამისად მუშაობის დაწყებას სექტემბრისთვის ელოდება.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ გორის მერიაში. უწყების ცნობით, რეორგანიზაციის შედეგად აღნიშნული ა(ა)იპ სპორტის განვითარების სააგენტოს შეუერთდა და დამოუკიდებლად აღარ არსებობს. საჯარო რეესტრში კი რეორგანიზაციის შედეგების დაფიქსირებას გარკვეული პროცედურები სჭირდება, თუმცა როგორც საჯარო რეესტრის ვებ.გვერდიდან ირკვევა, შერწყმა-გაერთიანების შესახებ მერიის არანაირი განცხადება და მიმართვა არ ფიქსირდება.
სპორტის სასახლისთვის მერიამ აღნიშნული ორგანიზაცია გასულ წელს დააარსა. მაშინ, როდესაც ობიექტი სახლმწიფო ბალანსზე ირიცხება მას უკვე დირექტორიც დაუნიშნა. გამომდინარე იქიდან, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქონებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ჯერ არ შედგენილა და შენობა მერიას არ გადასცემია. სახელმწიფო ბალანსზე არსებული ობიექტისთვის მერიას ა(ა)იპ-ის დაფუძნების უფლება არ ჰქონდა.
იურისტების განმარტებით, კანონის ფარგლებში არ ჯდება ასევე აღნიშნული ორგანიზაციისთვის დირექტორის დანიშვნა, მითუმეტეს ანაზრაურების გარეშე. ა(ა)იპ -ის დირექტორი მერის ბრძანებით ინიშნება, რომელიც დოკუმენტებით განუსაზღვრავს მას სარგოსა და სამუშაო გრაფიკს.
უფლებადამცველების შეფასებით, სწორედ ეს დარღვევები გახდა იმის საფუძველი, რომ მერმა სპორტის სასახლის შეერთება სპორტის სააგენტოსთან გადაწყვიტა.
ამ ყველაფრის ფონზე, გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე ობიექტის გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ ვერ სახელდება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესები დროში ჭიანურდება.
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს
 
Read 1129 times

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი