მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გორში მუშის დაშავების ფაქტზე?

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მძიმედ დაშავდა. მისი ჯანმრთეობის მდგომარეობა კრიტიკულია. ვინ უნდა აიღოს მომხდარზე პასუხისმგებლობა?
 
გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელს, რეგიონული მოდის კვირეულისთვის განკუთვნილი ბანერი ეჭირა, რა დროსაც ძლიერმა ქარმა სამსახურის მანქანის საბარგულიდან გადმოაგდო და მძიმედ დაშავდა.
ახალაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა დადგეს.
“ჩვენ ამ ფაქტს აუცილებლად გავუწევთ მონიტორინგს. როგორც ვიცით, მერია უზრუნველყოფდა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ამ ღონისძიებას, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით. ზუსტად უნდა განისაზღვროს, რატომ ასრულებდა ამ სამუშაოს დაშავებული თანამშრომელი, რამდენად შედიოდა მის კონპენტენციაში. აქედან გამომდინარე, ეს პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს მერიამ და შესაბამისად კეთილმოწყობის საგენტომ“,- ამბობს ქეთი ბებიაშვილი.
ადამიანთა უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს არა მხოლოდ იმ მანქანის მძღოლის პასუხისმგებლობა, საიდანაც 58 წლის მამაკაცი გადმოვარდა, არამედ კონკრეტული უწყებებისაც.
“ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც არის საზოგადოებისთვის ცნობილი, იკვეთება მძღოლის პასუხისმგებლობაც, რომელიც ამ მანქანას მართავდა, იმიტომ რომ ასეთ პირობებში არ უნდა მოეხდინა ტრანსპორტის მოძრაობა, რადგან არღვევდა უსაფრთხოების ნორმებს. თუმცა მხოლოდ მასზე დაკისრება პასუხისმგებლობისა, არ იქნება სამართლიანი. კონკრეტულად ის პირები, რომლებიც ხელმძღვანელობდენ ამ ღონისძიების ტექნიკურ უზრუნველყოფას, მათზეც უნდა მოხდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და ეს შეიძლება იყოს კეთილმოწყობის სააგენტო, რადგან ამ უწყებას ჰქონდა დავალებული ამ სამუშაოს შესრულება და ვალდებული იყო დაეცვა უსაფრთხოების ზომები“, - გვითხრა ლექსო მერებაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ბაჩანა გვიანიშვილის განცხადებით, სააგენტოს ღონისძიების ტექნიკურად უზრუნველყოფა, გორის მერიამ დაავალა. მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე პასუხიმგებელ პირებსა თუ უწყებებს გამოძიება დაადგენს.
“ჩვენ სამსახურს ოფიციალური წერილით ჰქონდა დავალებული აღნიშნული ღონისძიების ტექნიკური მხარდაჭერა. ეს დავალება გაიცა მერიის მხრიდან და კეთილმოწყობის სამსახური ეხმარებოდა ამ ღონისძიების ჩატარებაში, კერძოდ სკამების გადაზიდვა იყო თუ იგივე იმ ბანერის გადატანაც. იმ საღამოს ორგანიზატორებისგან იყო თხოვნა, რომ ეს ბანერი გადაგვეტანა ახალბაღის ტერიტორიაზე. სად უნდა მდგარიყო ეს კაცი, როგორ მოხდა ყველაფერი ამას დაადგენს გამოძიება, ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო მისთვის, შესაბამის ანაზღაურებასაც იღებდა ამისთვის. სამწუხაროდ მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა“, - განაცხადა ბაჩანა გვიანიშვილმა.
კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლის მდგომარეობა, ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა, ის “გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს
Read 1135 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი