მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

სტალინის მუზეუმი - რესურსი, რომელსაც გორისთვის ფინანსური სარგებელი არ მოაქვს

სტალინის სახლ-მუზეუმი გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხება. შესაბამისად, მისი შემოსავლები ადგილობრივ ბიუჯეტზე არ აისახება.
საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სახლ-მუზეუმი გორის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უნდა გადაეცეს და მუზეუმის შემოსავლები ადგილობრივ ბიუჯეტში შევიდეს.
“ეს იქნება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის რომ გაიზრდოს ქალაქის შემოსავლები, კარგი იქნება, თუ მუზეუმში შემოსული თანხა დარჩება ადგილობრივ ბიუჯეტში და შემდეგ მუნიციპალიტეტი ბევრად უკეთესად განკარგავს“, - ამბობს ნიკა წიქარიძე.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თვითმმართველობის განვითარებისთვის მუნიციპალიტეტს, არა მხოლოდ სტალინის სახლ-მუზეუმი, არამედ ყველა ის ქონება უნდა გადმოეცეს, რაც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა.
“თუ გვინდა, რომ ნორმალური ქვეყანა გვქონდეს, აუცილებელია, თვითმმართველობის განვითარება. თვითმმართველობა, რომ განვითარდეს, აუცილებელია, იყოს ჩამოყალიბებული თვითთმმართველობის სისტემა, რომელსაც ექნება საკუთარი შემოსავლები. იმით რომ დღეს, სტალინის სახლ-მუზეუმი არ არის გადმოცემული, ძალიან ბევრს კარგავს მუნიციპალიტეტი“, - გვითხრა მიშა ჩიტაძემ.
იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორის ინფორმაციით, გასულ წელს მუზეუმს 162 000 ტურისტი ესტუმრა, მთლიანმა შემოსავალმა კი - დაახლოებით 10 000 ლარი შეადგინა.
“ჩვენი მუზეუმი არის დ.ღ.გ -ს გადამხდელი. მიმდინარე წლის, 6 თვის მონაცემებით, მუზეუმს 74 000 ტურისტი ეწვია. გასულ წელს თუ შევადარებთ, 2018 წლის ივნისში იყო 19 617 ტურისტი, წელს კი, ივნისის თვეში 21 503 ტურისტი დაფიქსირდა“, - გვითხრა ქეთევან ახობაძემ.
სტალინის სახლ-მუზეუმის გადმოცემის საკითხზე ჯერჯერობით ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაწყებული არ არის. ამ საკითხზე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რადიო "მოზაიაკას" გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" ისაუბრა.
“სტალინის მუზეუმის გადმოცემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ჩვენი მხრიდან ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ამისთვის გარკვეული ეტაპებია გასავლელი, რომელზეც საუბარი ჯერ არ ყოფილა, თუმცა ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება“, - ამბობს სიმონ გულედანი.
იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმში 60 000 -მდე ექსპონატი ინახება. ტურისტები ამ ადგილს წელიწადის ყველა დროს სტუმრობენ. მუზეუმზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 983 times Last modified on ივლისი 19 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი