მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

რა მოჰყვება გორის მუნიციპალიტეტში ახალი ავტობუსების შემოყვანას

მუნიციპალური განვითარების ფონდი, გორისთვის 8-10 მეტრიანი ავტობუსების შეძენას გეგმავს. რამდენად მზად არის ადგილობრივი ხელისუფლება ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად? - არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები და მერიის გეგმები რადიო "მოზაიკამ" მოისმინა. 

გორს მალე ახალი ავტობუსები ეყოლება. მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებაზე მოქალაქეებს არაერთხელ დაუჩივლიათ, თუმცა ამ დრომდე კანონი გორელების სურვილთან შესაბამისობაში არ არის. 

ამ საკითხზე ყურადღებას, ძირითადად, არასამთავრობო სექტორი ამახვილებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ლექსო მერებაშვილი:

"ვიდრე ამ საჩუქარს მიიღებენ, უკეთესია დაარეგულირონ და მოაწესრიგონ უფლებამოსილების საკითხები. სავარაუდოდ, ცალკე შპს ან ა(ა)იპ - ს შექმნიან ან დაუქვემდებარებენ ამ ტრანსპორტსაც, რაც თავისთავად ადგილობრივი ხარჯების გაზრდას გამოიწვევს."

საია, ქეთი ბებიაშვილი:

"მუნიციპალური ტრანსპორტი აქამდეც იმიტომ არ ჰყავდა გორს, რომ კანონის თანახმად, ქალაქის სტატუსი რომელ მუნიციპალიტეტსაც არ აქვს, ის ვერ არეგულირებს ამ საკითხს. აქ მხოლოდ ტრანსპორტის ქონაზე არაა საუბარი, მუნიციპალიტეტს თავისი ხაზები უნდა ჰქონდეს.საინტერესოა ამას როგორ აკეთებენ, ა(ა)იპ - ის ქმნიან?"

არასამთავრობო სექტორის გამოხმაურებების პასუხად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მალე კანონში ცვლილება შევა. 

"უახლოეს მომავალში კანონი შევა ძალაში, რომლის მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტს ტრანსპორტის მართვის და რეგულირების უფლება ექნება", - ამბობს დავით რაზმაძე.

ტრანსპორტის მართვის გეგმა გორის მერიას ჯერჯერობით არ აქვს. 

"ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩუქნის გორის მერიას ამ ავტობუსებს. რა მარშრუტებით დაიტვირთება და მსგავს საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს. ვიცით, რომ უნდა გვაჩუქონ და სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია", - ამბობენ პრესსამსახურში.

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ საჩუქრად მიღებულ ტრანსპორტი, სწორი გათვლების გარეშე, შესაძლოა, ისევ საზოგადოებას დააწვეს ტვირთად. 

"ამჟამად, მუნიციპალიტეტი არაფერს არ ხარჯავს ტრანსპორტზე, რასაც შექმნიან ახლა "ატეკა" იქნება, თუ რაც იქნება, მოითხოვს ეგრევე სუბსიდირებას. მივიღებთ იმას, რომ ამ მიმართულებით ხარჯები გაიზრდება ბიუჯეტში.

ამ ეტაპზე კერძო კომპანიების სახით უფასოდ გვაქვს მომსახურება, ცუდად თუ კარგად ეს სხვა საკითხია, მერე ფასი დაგვიჯდება. იდეა კარგია, მაგრამ ეგ გათვლით არ არის გაკეთებული და ცოტა სხვა რაღაცებთან კავშირის ეჭვებს წარმოშობს", - ფიქრობს მიხეილ ჩიტაძე, გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი. 

გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ტრანსპორტის მუხლისთვის წელს 14 404 ლარია გაწერილი, რაც გასულ წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2 861 ლარითაა გაზრდილი. 

გორის მერიაში ამბობენ, რომ ავტობუსების გადაცემა მუნიციპალიტეტში ახალი გაერთიანების შექმნას არ გამოიწვევს. ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რამდენიმე სამსახურს ტრანსპორტის განყოფილება აქვს და სავარაუდოდ, სწორედ მის დაქვემდებარებაში გადავა მუნიციპალური ტრანსპორტი. 

ტრანსპორტი, რომელსაც გორელები ელოდებიან, დიზელზე იმუშავებს. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

​პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 735 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი