მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

უფუნქციო რიტუალების სახლები სხვა დანიშნულებით - მოსახლეობის თუ ხელისუფლების გადაწყვეტილება

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უმოქმედო რიტუალების სახლის შენობებს ახალ ფუნქციას ანიჭებენ - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა პატარა, დიდ და ახალ ხურვალეთში, ასევე ნაწრეტსა და ყელქცეულში თავის დროზე სარიტუალო მომსახურებისთვის აშენებულ შენობებში საბავშვო ბაღისა და სპორტული დარბაზის მოწყობას მოხმარდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2012-2016 წლებში მოქმედებდა და წელსაც განახლდა, გორის მუნიციპალიტეტში ძირითადად სწორედ რიტუალების სახლები შენდებოდა. მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავდა, რომ სოფლების უმრავლესობას ადგილზე სწორედ აღნიშნული დანიშნულების ობიექტის აშენება სურდა. მშენებლობის პროცესი კი ზოგიერთ მათგანში თითქმის 4 წელი გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, სამუშაოები ზოგიერთ სოფელში დღემდე დაუსრულებელია, ზოგგან კი დასრულდა, თუმცა უფუნქციო დარჩა.

მაგალითად სოფელ ყელქცეულში 2012-2016 წლებში 74 478 ლარი სწორედ რიტუალების სახლის მშენებლობისთვის დაიხარჯა, თუმცა დღეს ცნობილი ხდება, რომ ეს შენობა საბავშვო ბაღად გადაკეთდება და სოფლის პროგრამის განახლებული პროგრამიდან კიდევ 12 332 ლარი დაიხარჯება.

ამავე თემაზე: ყელქცეულში რიტუალების სახლი საბავშვო ბაღად გადაკეთდება

გორის მერიაში განმარტავენ, რომ გასულ წლებშიც და ახლაც, სოფლისთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრიობას ადგილობრივი მოსახლეობა განსაზღვრავს.

"რიტუალების სახლები 2012-2016 წლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის გადაწყვეტილების შესაბამისად აშენდა. მაშინ ეს მოთხოვნა ჰქონდათ და ამის საჭიროებას ხედავდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მიხვდნენ, რომ ვერ გაამართლა ამ ობიექტების ფუნქციონირებამ და ახლა გადაწყვიტეს ისევ სოფლისთვის გამოყოფილი თანხა თავად განკარგონ და ეს შენობა სხვა დანიშნულებით აამოქმედონ. ჩვენ ამ პროცესში არ ვერევით. ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობა შეიკრიბება და თავად გადაწყვეტს, რაში დახარჯონ მათი სოფლის ფული" - აცხადებენ გორის მერიაში.

სოფლებში დაუსრულებელი რიტუალების სახლის შენობებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭების ინიციატივა ჯერ კიდევ გასულ წელს თავად გორის მუნიციპალიტეტის მერმა გააჟღერა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ერთი წლის წინ რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ თუ მოსახლეობას სურვილი ექნება, დაუსრულებელ შენობებს სპორტული ან სხვა ფუნქციის მქონესივრცეებად გადააკეთებენ.

 ამავე თემაზე:  დაუსრულებელი რიტუალების სახლები და მერის ახალი ინიციატივა

 რიტუალების სახლებისთვის ფუნქციის შეცვლასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრში გარკვეული ეჭვები აქვთ. იურისტ ლექსო მერებაშვილის ინფორმაციით, ადგილი აქვს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, რითიც მისი აზრით სამართალდამცავი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ.

"პირველ რიგში, საინტერესოა, ვინ იგულისხმება მოსახლეობაში და რეალურად ვისთან მოხდა კონსულტაციების გავლა. მეორეც, საკითხავია რამდენად ინფორმირებული არჩევანი გააკეთა მოსახლეობამ და ხომ არ ხდება ამ არჩევანის მათთვის თავსმოხვევა. ამ ეჭვს აჩენს ის გარემოება, რომ თითქმის ყველა სოფელი ერთხმად ითხოვს რიტუალების სახლს, თუმცა შემდეგ არ იყენებენ.

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხდება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და არ არის გამორიცხული საქმე გვქონდეს სხვა დანაშაულის ნიშნებთანაც, მაგალითად, კორუფცია. გამოძიება ამ საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რათა მინიმუმ მომავალში თავიდან ავირიდოთ საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა და ისინი მოხმარდეს რეალურ საჭიროებებს", - ამბობს ლექსო მერებაშვილი.

2012-2016 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის 106 სოფლიდან რიტუალების სახლის მშენებლობა 44 სოფელში დაიწყო. აქედან, ნაწილი არ ფუნქციონირებს და შენობამ სხვა დატვირთვით დაიწყო მუშაობა, ნაწილში - სარემონტო სამუშაოები არ დასრულებულა, ზოგიერთი ობიექტი კი სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოიყენება.

ამ დროისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აშენებული რიტუალების სახლიდან მხოლოდ 26 ფუნქციონირებს, მათგან ზოგიერთში სამუშაოები დასრულებული არ არის, თუმცა მოსახლეობა სარიტუალო მომსახურებისთვის მაინც იყენებს.

სოფლებისთვის, სადაც რიტუალების სახლების მშენებლობა დაუსრულებელია, 2012-2016 წლებში, 792 858 ლარი სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოიყო, აქედან უშუალოდ, რიტუალების სახლების მოსაწყობად 707 009 ლარი დაიხარჯა. 2016 წლის შემდეგ კი სოფლის პროგრამა გაუქმდა, შესაბამისად, დაწყებული სამუშაოების გასაგრძელებლად თანხები აღარ გამოიყო. გორის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში ამ დროისთვის რიტუალების სახლი თანხების გახარჯვის მიუხედავად, არ ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს კი, როდესაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კვლავ განახლდა, უფუნქციო რიტუალების სახლის შენობების ამოქმედებას, სხვა დატვირთვით ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ლოკაციაზე გეგმავენ.

Read 1340 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი